შალვა პაპუაშვილი: ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია [მეთიუ მილერის განცხადებაზე]

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პრესკონფერენციას გამოეხმაურა. მან მეთიუ მილერის განცხადება ზედაპირულ და სიმართლეს აცდენილ ინფორმაციად შეაფასა. „FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულა“. ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია, აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“. სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით - არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

„ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის პოსტი გადაამოწმა.

თავის გამოსვლაში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აშშ-ში მოქმედი FARA-ს და საქართველოში ინიციირებული „გამჭვირვალობის კანონის“ ანალოგიაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ-ში ფარა ეხება არა ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ პირებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ. ამის საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილს მაგალითად მოჰყავს ფარაში რეგისტრირებული გიული ალასანიასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ განხორციელებული აქტივობები და ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „არც ერთი და არც მეორე“ არ არიან საქართველოს სახელით მოქმედი პირები, მათ ამ სქემაში რეგისტრაცია მაინც მოუწიათ. შემდეგ პაპუაშვილი წერს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი აშშ-ს რეგულაციებთან სიმკაცრით „ახლოსაც ვერ მივა“.

სინამდვილეში, ფარაში რეგისტრაცია კონკრეტული ღონისძიების/აქტივობის მიხედვით ხდება, რაც, გარკვეული ფინანსების სანაცვლოდ, უცხო ძალის სახელით, მისი დავალებით/კონტროლით განხორციელდა.

ამ რეესტრში მართლაც ვხვდებით გიული ალასანიასა და ტელეკომპანია „ფორმულას“ სახელებს, მაგრამ სქემაში გიული ალასანია და ტელეკომპანია „ფორმულა“ არ არიან დარეგისტრირებულები. სქემაში რეგისტრირდებიან აშშ-ში მოქმედი ის პირები, რომელთაც უცხო ძალის დაკვეთითა და დავალებით/კონტროლით განახორციელეს კონკრეტული აქტივობები. შესაბამისად, სინამდვილეში სქემაში დარეგისტრირებულია ორი ადგილობრივი - აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიის: Cornerstore Government Affairs და GP International LLC / DBA GlobalPoint International კონკრეტული აქტივობები, რომლებიც მათ უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით განახორციელეს. ამრიგად, შალვა პაპუაშვილის მტკიცებისგან განსხვავებით, სქემაში არა გიული ალასანია და ტელეკომპანია „ფორმულა“, არამედ უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული ორი ლობისტური კომპანიის მიერ მათი დაკვეთით განხორციელებული აქტივობა, ამავე კომპანიების მიერაა რეგისტრირებული.

გიული ალასანიას შემთხვევაში, რეგისტრირებულია აქტივობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა: 1. პრესრელიზის გავრცელება იმის თაობაზე, რომ სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს პოლიტიკური პატიმრის მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და წამების ფაქტები, როდესაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა; 2. პრესრელიზის გავრცელება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გადასარჩენად შექმნილ კოალიციას ლიდერობს (leads the coalition). [1] შესაბამისად, სქემაში რეგისტრირებულია არა მიხეილ სააკაშვილი ან მისი დედა გიული ალასანია, არამედ კომპანია GP International LLC / DBA GlobalPoint International და მისი კონკრეტული აქტივობა, რომელიც კომპანიამ უცხო ძალის, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქმედი მისი დედის გიული ალასანიას დაკვეთითა და დაფინანსებით განახორციელა.

რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, FARA-ში რეგისტრირებული ფაილების მიხედვით, ტელეკომპანიის დავალებით აშშ-ში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია, ტელეკომპანიის სახელით განახორციელებდა პროგრამას და ჩაერთვებოდა იმგვარ აქტივობებში, რაც, საქართველოში თავისუფალი მედიის მდგომარეობას ადვოკატირების გზით შეუწყობდა ხელს. სინამდვილეში, ფარა-ში რეგისტრირებულია კონკრეტული ლობისტური კომპანია - Cornerstone Government Affairs და მის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაფინანსებული და მისი დაკვეთით განხორციელებული აქტივობა.

ორივე ამ შემთხვევაში, როგორც დოკუმენტებიდან ცხადი ხდება, რეგისტრირებას ექვემდებარება კონკრეტული ღონისძიება, რომლის განხორციელებაც უცხო ძალამ (ამ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულმა ტელეკომპანიამ ან პოლიტიკური პარტიის ლიდერმა) დაავალა აშშ-ში მოქმედ კომპანიას. ღონისძიების შინაარსი, რეგისტრირებული ფაილების მიხედვით, გულისხმობდა, მათ შორის, კონგრესმენებთან საკითხის ლობირებას.

ამგვარად, აშშ-ს კანონმდებლობა დასარეგისტრირებლად მიიჩნევს იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც უცხო ძალის დაკვეთით და კონტროლით/დავალებით ხორციელდება. ამ შემთხვევაში, უცხო ძალა აშშ-ს გარეთ რეგისტრირებული კომპანია და პოლიტიკური პარტიაა. აშშ-ს კანონმდებლობა აგენტად რეგისტრირების ვალდებულებას მხოლოდ დაფინანსების მიღების ფაქტზე არ აწესებს. სინამდვილეში, სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობასა და საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტს შორის - ქართული კანონპროექტი, მიუხედავად მისი მიღების მიზნისა, ნებისმიერი ტიპის დაფინანსებას მიიჩნევს გასაკონტროლებლად. ამგვარი მიდგომა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების შესახებ დემოკრატიული ქვეყნებისათვის მიუღებელია და მხოლოდ რუსეთსა და მასთან აფილირებულ სახელმწიფოებში მოქმედებს. დასავლური გამოცდილება აჩვენებს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოები თავის კანონმდებლობებში/პოლიტიკებში მკაცრად განსაზღვრავენ იმ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, რომელთა მიხედვითაც ჩნდება დაფინანსების მიღების რეგისტრირების ვალდებულება.

აქედან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის მცდელობა, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი აშშ-ში მოქმედ ფარას შეადაროს და საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი უფრო რბილია, მცდარია. საუბარია ორ რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, რომელთაგან ერთი ნებისმიერი დაფინანსების მიღების ფაქტს გასაკონტროლებლად მიიჩნევს, ხოლო მეორე უცხო ძალის დაფინანსებით, მისი სახელით / დავალებით მოქმედებას არეგისტრირებს. შესაბამისად, საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი რეგისტრაციის ვალდებულებას უჩენს თითქმის ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას მაშინ, როცა აშშ-ში მოქმედი ფარა განსაზღვრავს კონკრეტულ აქტივობებს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც პირს რეგისტრაციის ვალდებულება უჩნდება. სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობა არ ეხება ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთან ფარა გამონაკლისს ადგენს მედიებისთვისაც (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია), ხოლო საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი მედიებსაც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრირებას ავალდებულებს.

აქედან გამომდინარე, მცდარი ანალოგიის მოყვანითა და შეცდომაში შემყვანი მაგალითების დასახელებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს. ამის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ შალვა პაპუაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

უფრო მეტი დეტალი საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტზე და რით განსხვავდება ის ევროპაში ინიციირებულ დირექტივის პროექტისგან თუ დასავლური პრაქტიკისგან, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).

[1] აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრში FARA-ს საფუძველზე რეგისტრირებული განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ხელმისაწვდომია: https://efile.fara.gov/docs/7193-Supplemental-Statement-20230606-1.pdf გვ. 7

[2] აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრში FARA-ს საფუძველზე რეგისტრირებული განცხადება ტელეკომპანია ფორმულას შესახებ. ხელმისაწვდომია: https://efile.fara.gov/docs/6401-Short-Form-20230628-196.pdf გვ. 4


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5517 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი