ჯაბა ფუტკარაძე: 2023 წელი განსაკუთრებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში, 96 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64% არის გაზრდილი. სექტორების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: ხელოვნება, გართობა და დასვენება - 46 მლნ დოლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 36 მლნ დოლარზე მეტი; ტრანსპორტი და დასაწყობება - 19 მლნ დოლარზე მეტი.

ვერდიქტი: ჯაბა ფუტკარაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2023 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 96 152 400 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემს 63.68%-ით აღემატება. ინვესტიციების მოცულობა შედარებით მაღალია ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ხელოვნება, გართობა და დასვენება - 46 185 000$; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 36 569 500 $; ტრანსპორტი და დასაწყობება - 19 663 200 $. უნდა ითქვას, რომ ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში 2022 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა შარშანდელ მაჩვენებელს აღემატებოდა და 23 954 000 $-ს შეადგენდა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ 2023 წელი განსაკუთრებული იყო ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში. თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ 2023 წლის FDI-ს მთლიან მოცულობაში, უდიდესი წილი (98.82%) რეინვესტიციის კომპონენტზე მოდის, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციები ახალი მიმართულებით არ განხორციელებულა. თუმცა რეინვესტირება, თავისთავად, პოზიტიური ფაქტორია. ნეგატიურ ჭრილში შეიძლება შეფასდეს ის მოცემულობა, რომ მთელ რიგ სექტორებში პუი-ს მოცულობამ მკვეთრად მოიკლო. კერძოდ: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები; დამამუშავებელი მრეწველობა და სხვა. მკვეთრად გაიზარდა ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორს, აქ 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და მინუს 38 825 200 $ შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი-მესამე კვარტლის მონაცემები კონფიდენციალურია, მეოთხე კვარტალში კი მინუს 1,505.6 $ დაფიქსირდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ჯაბა ფუტკარაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: 2023 წელი განსაკუთრებული იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში, 96 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 64% არის გაზრდილი. სექტორების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: ხელოვნება, გართობა და დასვენება - 46 მლნ დოლარი; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 36 მლნ დოლარზე მეტი; ტრანსპორტი და დასაწყობება - 19 მლნ დოლარზე მეტი.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (დანართი 1 და დანართი 2), აჭარაში 2022 წელს 58 744 700 აშშ დოლარის ($) მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2023 წელს პუი-ს მოცულობამ (წინასწარი მონაცემები) 96 152 400 $ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 37 407 700 $-ით აღემატება. ეს ნიშნავს, რომ 2023 წელს რეგიონში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 63.68%-ით გაიზარდა.

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2022-2023 წლების კვარტლების მიხედვით, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ 2022 წელს მეოთხე კვარტალში FDI-ის მკვეთრი კლება დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში აჭარაში მინიმალური მოცულობის პუი განხორციელდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი FDI-ის მთლიანი მოცულობის უდიდესი წილი რეინვესტიციაზე მოდის.

ცხრილი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში, 2022-2023 წლები, კომპონენტების მიხედვით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ვხედავთ, 2023 წელს პუი-ს მთლიან მოცულობაში, რეინვესტიციის კომპონენტი 98.82%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ რეგიონში ინვესტიციები ახალი მიმართულებით არ განხორციელებულა. თავის მხრივ, რეინვესტიციის ზრდა დადებით გარემოებად უნდა შევაფასოთ. თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული მაჩვენებელიც, 2022 წელთან მიმართებით, 6.5%-ით შემცირებულია და გასულ წელს პუი-ს მთლიანი მოცულობის ზრდა, ძირითადად, სააქციო კაპიტალის ზრდას უკავშირდება.

თუ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სექტორების მიხედვით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ხელოვნება, გართობა და დასვენება; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა; ტრანსპორტი და დასაწყობება.

დიაგრამა 1. აჭარაში განხორციელებული FDI სექტორების მიხედვით, 2022-2023 წლები, აშშ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

როგორც დიაგრამა აჩვენებს, ჯაბა ფუტკარაძის მიერ დასახელებულ სექტორებში შარშან მართლაც ყველაზე მეტი FDI განხორციელდა. თუმცა ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2022 წელს უფრო მაღალი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ მინისტრი არ ასახელებს მთელ რიგ სექტორებს, რომლებშიც FDI-ს მოცულობამ მოიკლო. ესენია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები; დამამუშავებელი მრეწველობა და სხვა. მკვეთრად გაზრდილია ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორს, აქ 2022 წელს ინვესტიციების მოცულობა, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია) და მინუს 38 825 200 $ შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ-მესამე კვარტლის მონაცემები კონფიდენციალურია, მეოთხე კვარტალში კი მინუს 1,505.6 $-ს შეადგენს.

ამდენად, ჯაბა ფუტკარაძის განცხადება, რომ 2023 წელს, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2022 წელთან შედარებით, 64%-ით გაიზარდა და 96 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, არის სიმართლე. ის ასევე სწორად ასახელებს იმ სექტორებს, რომლებშიც შარშან მეტი ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პუი-ს მთლიან მოცულობაში, 98%-ზე მეტს რეინვესტირების კომპონენტი შეადგენს, ამასთანავე, მთელ რიგ სექტორებში მკვეთრი შემცირება აღინიშნება, „ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5571 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია