ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ პენსია მხოლოდ 68 ლარითაა გაზრდილი

რომან გოცირიძე: ინფლაციის გათვალისწინებით, 2012 წლის შემდეგ პენსია მხოლოდ 68 ლარითაა გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ხელისუფლების ცვლილებამდე, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით, 67 წლამდე ასაკის პირებისთვის პენსია 110 ლარს, 67 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 125 ლარს შეადგენდა.
2025 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირების პენსია 350 ლარს, 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების კი 450 ლარს გაუთანაბრდა. მაღალმთიან რეგიონებში მოქმედებს 20%-იანი დანამატი. შესაბამისად, პენსია 420 და 540 ლარს შეადგენს.
2013 წლის იანვრიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასები ჯამურად 71%-ით გაიზარდა, რის გამოც ამჟამინდელი 350 ლარი 2012 წლის ფასებით 205 ლარს უტოლდება, ხოლო 450 ლარი - 263 ლარს.
პენსიონერთა უდიდესი ნაწილისთვის, 2012 წლის ფასებში დათვლით, პენსია 95 ან 138 ლარით გაიზარდა, მცირე ნაწილისთვის (67-69 წლის პირებისთვის) - 80 ლარით, მაღალმთიან რეგიონში დასახლებულთათვის კი - 121-191 ლარით.
პენსიებზე საუბრისას, დამატებით შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო 13 წელიწადში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 29%-ით, 680 ათასიდან 875 ათასამდე გაიზარდა. საპენსიო ხარჯების მოცულობა ბიუჯეტის გადასახდელებთან მიმართებით 2012 წელს 13.7%-ს შეადგენდა, რომელიც 2025 წლის გეგმით 16.1%-მდეა გაზრდილი. 3.8%-დან 4.5%-მდე გაიზარდა საპენსიო ხარჯები მშპ-სთან მიმართებითაც.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ პენსიების რეალური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა, ის მაინც, ძირითად შემთხვევაში, 95-138 ლარით გაიზარდა და არა 68 ლარით. რესპონდენტმა ინფლაციის მასშტაბი გადაჭარბებულად წარმოაჩინა და ასევე უგულებელყო ის ფაქტი, რომ 2012 წელს პენსიონერთა 28% (188 ათასი 680 ათასიდან) პენსიის სახით 110 ლარს იღებდა და არა 125-ს, ხოლო 2025 წელს პენსიონერთა ნახევარზე მეტის (461 ათასი 875 ათასიდან) ნომინალური პენსია 450 ლარია და არა 350 ლარი, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

ანალიზი: მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ BMG-ის ეთერში, გადაცემა „წერტილში“ პენსიის ზრდის ტემპზე საუბრისას განაცხადა: (26:20-დან) „350 ლარი არის პენსია, 12 წლის წინ 125 ლარი იყო პენსია, ინფლაციის გათვალისწინებით, პენსიის რეალური ზრდა არის 68 ლარი, აგერ ფაქტჩეკმა, ნებისმიერმა გადაამოწმოს, 1.8-ჯერ თითქმის ორჯერ გაიზარდა ფასები, ამიტომ დღევანდელი პენსია 2012 წლის ფასებში არის 194 ლარი, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ 125-დან 194 ლარამდე პენსიის გაზრდას მოანდომა 12 წელიწადი“.

2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 წლამდე ასაკის პირების პენსია 110 ლარს შეადგენდა და მას პენსიონერთა საერთო რაოდენობის 27.6% -188 ათასი პირი იღებდა. 67 წლისა და უფროსი ასაკი ადამიანები პენსიის სახით 125 ლარს იღებდნენ და მათი რიცხვი პენსიონერთა საერთო რაოდენობის 72.6% - 493 ათასს უტოლდებოდა.

2025 წლის იანვრიდან, 70 წლამდე პირების პენსია 350 ლარია, ხოლო 70 წლიდან ზემოთ ასაკის პირების 450 ლარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, პენსიის მიმღებთა 47.4% - 414 ათასი ადამიანი 70 წლამდეა, 52.6% - 461 ათასი ადამიანი 70 წლის ან მეტის.

2012 წლის შემდეგ, 2025 წლის ივნისის ჩათვლით, სამომხმარებლო ფასები ჯამში 71%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2012 წლის ფასებში დათვლით, ამჟამინდელი 350 ლარი 2012 წლის 205 და 450 ლარი 263 ლარი ეკვივალენტურია, რაც ერთ შემთხვევაში 95-ლარიან და მეორე შემთხვევაში 138-ლარიან რეალურ ზრდას ნიშნავს.

დღევანდელ და 2012 წლის დროინდელ ასაკობრივ კატეგორიებს შორის სხვაობაა. უფრო მაღალ პენსიას მაშინ 67 წლიდან იღებდნენ, ახლა 70 წლიდან. თუ შედარებას მაშინდელ 67-69 წლები ასაკი პენსიონერის პენსიისა და ახლანდელ 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსიებს შორის გავაკეთებთ, ინფლაციის გათვალისწინებით, 80-ლარიან სხვაობას მივიღებთ - 125-დან 205 ლარამდე. დღეს ასეთი ასაკობრივი კატეგორია (67-69 წლები) ცალკე გამოყოფილი აღარაა, მაგრამ 2012 წელს მათი რაოდენობა 60 ათასს შეადგენდა, ანუ იმდროინდელ პენსიონერთა საერთო რაოდენობის 9%-ს.

გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური პენსიის ოდენობა


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ პენსიის რეალური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა, ის მაინც აღემატება 68-ლარიან ზრდას. მუდმივ 2012 წლის ფასებში დათვლილით, პენსია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 80, 95 და 138 ლარით გაიზარდა.

მაღალმთიან რეგიონში 2016 წლის სექტემბრიდან 20%-იანი დანამატიც მოქმედებს, რაც მიმდინარე ფასებში პენსიას 420 და 540 ლარამდე, ხოლო 212 წლის ფასებში 246 და 316 ლარამდე ზრდას ნიშნავს. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ასეთ დანამატს 85 ათასი პირი იღებდა, რაც პენსიონერთა საერთო რაოდენობის 9.7%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2: ნომინალური და რეალური პენსიის ოდენობა მაღალმთიან რეგიონებში


წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მაღალმთიან რეგიონში დანამატის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მაღალია რეალური ზრდის ტემპიც და ის შესაბამისად 121, 136 და 191 ლარს შეადგენს.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სამომხმარებლო ფასები 1.8-ჯერ, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით კი, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასები 1.7-ჯერ (71%-ით) გაიზარდა. თუ სამომხმარებლო ფასების ზრდას დეკემბრიდან დეკემბრამდე დავითვლით, 2013-2024 წლებში ჯამურ 69%-იან ინფლაციას მივიღებთ, ხოლო თუ მას 2025 წლის ივნისის მონაცემსაც დავუმატებთ - 76%-იან ინფლაციას.

პენსიონერი დაბალშემოსავლიან ადამიანად ითვლება, რომელიც საკვებში თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავს. მართალია, 2012 წლის შემდეგ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 109%-ით გაძვირდა, მაგრამ აღნიშნული გარემოების შესახებ რომან გოცირიძეს თავის პოსტში არ დაუწერია. პენსიონერისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ხარჯებიც, თუმცა ბოლო 12.5 წელიწადში ჯანდაცვის ხარჯებიც 73%-ით გაიზარდა, რაც ძალიან ახლოსაა გასაშუალოებულ ინფლაციასთან.

საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. 2012 წლის სექტემბერში ასაკობრივ პენსიას 680 ათასი ადამიანი იღებდა, 2025 წლის ივნისში 195 ათასით მეტი - 875 ათასი. ეს 29%-იანი ზრდაა. პენსია ნომინალურად 3.2-ჯერ და 3.6-ჯერ გაიზარდა, თუმცა თუ 2012 წლის სექტემბერში პენსიების გასაცემად ბიუჯეტიდან 82 მლნ ლარი დაიხარჯა, 2025 წლის ივნისში ხარჯი 4.3-ჯერ 352 მლნ ლარამდე გაიზარდა.

2012 წელს მთლიანმა საპენსიო ხარჯმა 1.068 მლრდ ლარი შეადგინა, 2025 წლის გეგმით კი საპენსიო უზრუნველყოფისთვის 4.5 მლრდ-ის დახარჯვაა გათვალისწინებული.

2012 წელს საპენსიო ხარჯი ბიუჯეტის გადასახდელების 13.7%-ს შეადგენდა, 2025 წლის გეგმის მიხედვით - 16.1%-ს. მშპ-სთან მიმართ 2012 წელს საპენსიო გასაცემელების ხარჯი 3.8%-ს შეადგინა, 2025 წლის გეგმა 4.5%-ის დახარჯვას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ პენსიის რეალური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა, რეალური ზრდა 68 ლარს მაინც ბევრად აღემატებოდა. 2012 წლის ფასებში დათვლით, პენსიონერთა მცირე ნაწილს (67-69 წლის ასაკი) პენსია 80 ლარით გაეზარდა, უმრავლესობას კი 95 ან 138 ლარით. პენსიის ზრდის ტემპი კიდევ კიდევ უფრო მაღალი იყო მაღალმთიან რეგიონებში. 2013-2025 წლებში პენსიის ოდენობის გარდა, საგრძნობლად - 29%-ით, გაიზარდა თავად პენსიის მიმღებთა რაოდენობაც. საპენსიო ხარჯი გაზრდილია როგორც ბიუჯეტის გადასახდელებთან, ასევე მშპ-სთან მიმართებით. რესპონდენტმა ინფლაციის მასშტაბი გადაჭარბებულად წარმოაჩინა და ასევე უგულებელყო ის ფაქტი, რომ 2012 წელს პენსიონერთა 28% პენსიის სახით 110 ლარს იღებდა და არა 125-ს, ხოლო 2025 წელს პენსიონერთა ნახევარზე მეტის ნომინალური პენსია 450 ლარია და არა 350 ლარი, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.

თეგები:

პერსონები
რომან გოცირიძე

ყველა სიახლე