• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საქართველოს მოსახლეობის ზრდა უარყოფითი დემოგრაფიული მონაცემების ფონზე – კითხვები 2024 წლის აღწერასთან დაკავშირებით და საქსტატის პასუხები

საქართველოს მოსახლეობის ზრდა უარყოფითი დემოგრაფიული მონაცემების ფონზე – კითხვები 2024 წლის აღწერასთან დაკავშირებით და საქსტატის პასუხები

საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილს ესაუბრა.

28/07/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი შეადგინა. საყოველთაო აღწერა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელნიც ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ან დარჩენას ერთ წელზე და მეტი ხნის ვადით აპირებდნენ.

შედარებისთვის, 2014 წლის აღწერის შედეგებით, მოსახლეობა 3,713,804 იყო, რაც ნიშნავს, რომ 10 წელში ზრდა 200,000-ს აჭარბებს. თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ ამ მაჩვენებელში უშუალოდ საქართველოს მოქალაქეთა წილი და მათი რაოდენობრივი ცვლილება რამდენია.

საქსტატის მიმდინარე მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 3.7 მლნ ადამიანი ცხოვრობს. ამ მონაცემსა და საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგს შორის სხვაობა დაახლოებით 200,000 ადამიანია, რაც 5.4%-იან ცდომილებას შეადგენს. ეს უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერ ჩაითვლება, პირიქით, სოლიდური ცდომილებაა, რომელიც აღწერის წინასწარი შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). აღწერათაშორის პერიოდში ორივე მაჩვენებელი უარყოფითი იყო, კერძოდ, 2015-2024 წლებში საქართველოში ჯამში 4,158 ათასით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, ანუ ამ პერიოდში მოსახლეობის ბუნებრივი კლება ფიქსირდება. რაც შეეხება მიგრაციულ სალდოს, 2015-2024 წლებში ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობა ასევე უარყოფითი იყო - 13,252. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში უარყოფითი სალდო გაცილებით მაღალია, ამ პერიოდში 243,702 მოქალაქით მეტი წავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ეს უარყოფითი ბალანსი, თუმცა მიგრაციული სალდო ჯამში მაინც ნეგატიურია.

2024 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები მკვეთრად ეწინააღმდეგება დემოგრაფიულ რეალობას, რომელსაც საქსტატისვე მონაცემები აჩვენებს: მოსახლეობის ბუნებრივი კლება, უარყოფითი მიგრაციული სალდო და ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი გადინება. იმ პირობებში, როცა ორივე ძირითადი მაჩვენებელი — შობადობა-მოკვდაობისა და მიგრაციის ბალანსი — კლებისკენ მიანიშნებს, მოსახლეობის 200,000-იანი ზრდა არათუ მოულოდნელი, არამედ მონაცემების სანდოობის კუთხით, სერიოზული ეჭვის საგანია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აღწერის მეთოდოლოგია და კრიტერიუმები არ შეცვლილა — 2024 წელს გამოყენებული იყო ზუსტად იგივე კრიტერიუმები, რაც 2014 წელს.


საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილს ესაუბრა.

- უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაექვემდებარა აღწერას და შევიდა მოსახლეობის რიცხოვნობაში — რა კრიტერიუმით განისაზღვრა, რომ ის მუდმივად იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე და არა დროებით?

- უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც 12 თვეზე მეტხანს იმყოფებოდა ქვეყანაში ან აპირებდა დარჩენას 12 თვეზე მეტი ვადით, ჩაითვალა მუდმივი მოსახლეობის ნაწილად და მოხვდა შესაბამის სტატისტიკაში.


- საქართველოს მოქალაქე, რომელიც დროებით გასულია ქვეყნიდან — თუ მოხვდა მოსახლეობის აღწერაში?

- დიახ, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დროებით, ანუ 1 წელზე ნაკლები ვადით არის ქვეყნიდან წასული, ჩაითვალა საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობაში.


- როგორ უზრუნველყო საქსტატმა, რომ ერთი და იგივე პირი არ დათვლილიყო ორჯერ (მაგალითად, დროებით სხვადასხვა მისამართზე მყოფი ადამიანები)?

- მონაცემების დამუშავების პროცესში თითოეული ადამიანის პირადი ინფორმაცია — პირადი ნომერი, სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი — შეადარეს ერთმანეთს, რითაც გამოირიცხა მონაცემების დუბლირება.


- ზუსტად რამდენი ადამიანი აღირიცხა 2024 წლის აღწერაში როგორც საქართველოს მოქალაქე და რამდენი — როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი?

- ეს მონაცემები ჯერ არ არის დათვლილი. ერთ წელიწადში, 2026 წლის ივნისის ბოლოს იქნება.


- 2014 წლის და 2024 წლის აღწერის მეთოდოლოგია იდენტური იყო?

- მოსახლეობის აღრიცხვის მეთოდოლოგია არ შეცვლილა. აღწერა 2024 წელს ჩატარდა ზუსტად იგივე კრიტერიუმებით, რაც 2014 წლის აღწერის დროს, მათ შორის უცვლელი იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა — ქვეყანაში ყოფნის მინიმუმ 12-თვიანი ვადა.


- ჩემ გარშემო ბევრ ადამიანს არ მიუღია მონაწილეობა აღწერაში. გთხოვთ, განმარტოთ: რამდენად ხშირი იყო მოსახლეობის მხრიდან აღწერაში არ ან არასრულად ჩართვის შემთხვევები? ითვლებიან, თუ - არა ეს ადამიანები აღწერაში ჩართულად და როგორ მოხვდნენ სტატისტიკაში, თუ აღწერაში ფაქტობრივად არ მიუღიათ მონაწილეობა?

- მსგავსი შემთხვევები ნამდვილად იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღწერა მხოლოდ საველე სამუშაოებით არ შემოიფარგლებოდა. ჩვენ არ ვეყრდნობოდით მხოლოდ პირისპირ ინტერვიუებს — მონაცემების შეგროვება შესაძლებელი იყო სხვა გზებითაც.

პირველ რიგში, ინფორმაციას ვიღებდით ოჯახის წევრებისგან მათთან ერთად მცხოვრები სხვა პირების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მეზობლებიც იყო ინფორმაციის წყარო. ასევე, გამოვიყენეთ ადმინისტრაციული წყაროები — მონაცემები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ჩვენს განკარგულებაში იყო არაერთი მონაცემთა ბაზა: მოსწავლეთა, სტუდენტთა, სოციალური შემწეობების მიმღებთა, პენსიონერთა და სხვა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმემ უარი განაცხადა აღწერაში მონაწილეობაზე, ეს მონაცემები მაინც გვაძლევდა საშუალებას, რომ კონკრეტული პირი აღგვეწერა.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ მონაცემების უდიდესი ნაწილი მაინც პირისპირ ინტერვიუების გზით იქნა მიღებული.


- როგორ ხსნით მოსახლეობის ზრდას იმ პირობებში, როცა აღწერათაშორის პერიოდში – 2015-2024 წლებში – როგორც ბუნებრივი მატება, ისე მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო?

- აქ რაიმე ალოგიკური და მოულოდნელი არ მომხდარა. თუ გადავხედავთ ადმინისტრაციულ წყაროებს – მაგალითად, მოსწავლეთა, სტუდენტებისა და პენსიონერთა რაოდენობას – დავინახავთ, რომ ამ კატეგორიებში მოსახლეობის რიცხოვნობა რეალურად გაზრდილია. შესაბამისად, ალოგიკური არაა, რომ მოსახლეობა გაიზარდა.


- თუმცა შობადობა შემცირდა, იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. იმაზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. ამ მონაცემების ფონზე ჩნდება კითხვა: როგორ აიხსნება მოსახლეობის ზრდა?

- ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი იმდენად მცირეა, რომ მას მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება მიგრაციას, ამ ეტაპზე ზუსტი შეფასება შეუძლებელია, რადგან სრულყოფილი მონაცემები ჯერ არ გვაქვს. მომავალ წელს ხელმისაწვდომი გახდება მოქალაქეობის მიხედვით დალაგებული სტატისტიკა, რაც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა ან შემცირდა. ამ მონაცემების ანალიზი მოგვცემს სრულ სურათს და შესაძლებელს გახდის იმ ძირითადი ფაქტორების გამოვლენას, რამაც მოსახლეობის ზრდა განაპირობა.


ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის აღწერამ საქართველოს მოსახლეობის 200,000-იანი ზრდა აჩვენა, არსებული დემოგრაფიული მაჩვენებლები — ბუნებრივი კლება და უარყოფითი მიგრაციული სალდო — საპირისპირო სურათს აჩვენებს. თუ 2014 წელსაც და 2024 წელსაც აღწერაში ხარვეზები არ ყოფილა და მოსახლეობის აღწერა ზუსტად მოხდა, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მოსახლეობის ზრდა, დიდი ალბათობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე დაფიქსირდა, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან ან აპირებენ დარჩენას სულ მცირე 12 თვის ვადით. შესაბამისად, აღწერით დაფიქსირებული ზრდა ნაკლებად ასახავს საქართველოს მოქალაქეთა ფაქტობრივ მატებას. მეტიც, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ბოლო ათწლეულში რეალურად შემცირდა. თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღწერის საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი გახდება და მონაცემები მოქალაქეობის მიხედვით ჩაიშლება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია

    გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რო...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ექსპორტის 38% ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, იმპორტი ძირითადად ნახატებისა და ქანდაკებების ხარჯზე გაიზარდა

    ექსპორტის 38% ავტომობილების რეექსპორტზე...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2012 წლის შემდეგ საშუალო ხელფასი 3-ჯერ გაიზარდა

    2012 წლის შემდეგ საშუალო ხელფასი 3-ჯერ გ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა