2013 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადა: „ფაქტია, რომ ქართული ოცნება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როდესაც მინისტრები თან ახლავს კანდიდატს შეხვედრის დროს“. ეს განცხადება მან საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ნინო ბურჯანაძის განცხადების სიზუსტე.

საქართველოს კანონმდებლობით საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსი არეგულირებს.

ნინო ბურჯანაძის განცხადება ეხებოდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მინისტრების მონაწილეობას, რასაც იგი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად აფასებს.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მეექვსე თავი (წინასაარჩევნო კამპანია). აღნიშნული კოდექსის მეექვსე თავის 48-ე მუხლის პირველი პუნქტი კრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. კანონის ჩანაწერით იკრძალება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის (წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)) მეოთხე პუნქტი პირდაპირ იმ პირების ჩამონათვალს აკეთებს, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. აღნიშნული ნორმის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) მოსამართლისა;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

დ) გენერალური აუდიტორისა;

ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;

თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სამართლის ამ ნორმიდან რელევანტურია „გ“ და „თ“ ქვეპუნქტები. კონკრეტულად უნდა გაგვერკვია, წარმოადგენენ თუ არა მინისტრები საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საჯარო მოხელეებს („გ“ ქვეპუნქტი), ან/და სახელმწიფო ხელისუფლების საჯარო მოხელეებს („თ“ ქვეპუნქტი).

საჯარო მოსამსახურეების ჩამონათვალი მოცემულია საქართველოსკანონში საჯარო სამსახურის შესახებ. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის ჩანაწერით საჯარო სამსახურს ეწევა:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მოხელე;

გ) დამხმარე მოსამსახურე;

დ) შტატგარეშე მოსამსახურე.

შესაბამისად, საჯარო მოხელე საჯარო მოსამსახურის მხოლოდ ერთი კონკრეტული სახეა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე. მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი საჯარო მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად. სწორედ ესაა საჯარო მოსამსახურეების ის კატეგორია, რომელსაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი საჯარო მოსამსახურის ერთ-ერთი სახეა. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს წარმოადგენენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ ) საქართველოს პრემიერ - მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი ;

დ) აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;

ე ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები .

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მაშასადამე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მინისტრები წარმოადგენენ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და არა საჯარო მოხელეებს.

ნინო ბურჯანაძე თავის განცხადებაში შესაძლოა ასევე გულისხმობდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ამკრძალველ ნორმას სახელმწიფო ხელისუფლების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შესახებ, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება. თუმცა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული „შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“.

დასკვნა

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მინისტრები წარმოადგენენ არა სახელმწიფო ხელისუფლების საჯარო მოხელეებს, არამედ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომელთაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა ან/და აგიტაციაში მონაწილეობა არ ეკრძალებათ. მათი მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში თავისთავად არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ქმედებას - ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. შესაბამისად, ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომ ქართული ოცნება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატს შეხვედრების დროს თანახლავს მინისტრები, არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი