2014 წლის 26 აპრილს, კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, დავით ნარმანია წინასაარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, დედაქალაქში მიუსაფარ ადამიანთა პრობლემას შეეხო. ნარმანიამ განაცხადა, რომ მიუსაფარი ადამიანები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, მაგრამ მათ პრობლემებს წლების განმავლობაში სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა. მისი მინისტრობის დროს, 2013 წელს, პირველად მოეწყო თავშესაფარი მიუსაფარი ადამიანებისთვის.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უსახლკარო/მიუსაფარი პირი არის მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ადამიანი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. ამავე კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, საქართველოში უსახლკარო ადამიანთა რაოდენობის აღრიცხვა და მათთვის სათანადო დახმარების გაწევა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ორგანოების უფლება-მოვალეობაა.

აქვე განვმარტოთ, რას გულისხმობს თავშესაფრის ცნება. თავშესაფარი არის სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის გასათევითა და საკვებით. უფრო კონკრეტულად, მიუსაფარი ადამიანი ღამეს შეიძლება ათევდეს ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მიუსაფართა თავშესაფარში, მუყაოს ყუთით ან სხვა სახის კუსტარულად მოწყობილ საცხოვრისში. სახელმწიფოში ამგვარი ადამიანების დახმარების საკითხი განსაკუთრებულ სირთულეს უკავშირდება. მათზე ნაკლებად ვრცელდება სახელმწიფოს სოციალური დაცვისა და შეღავათების პროგრამები, რადგან ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანთა უმრავლესობას ხშირად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნია და სახელმწიფო მათ სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ ანიჭებს.

თბილისის ქუჩებში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანთა რაოდენობის ამსახველი ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი არ არის. დავით ნარმანიას მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადების თანახმად კი, დაუზუსტებელი იფორმაციით, ქალაქში 300-მდე მიუსაფარია.

ფაქტ-მეტრი გასულ წლებში სახელმწიფოსა და ქალაქის თვითმმართველობის მიერ განხორციელებული უსახლკაროთა დახმარებისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის ღონისძიებებით დაინტერესდა. გაირკვა, რომ გასულ წლებში ჩატარებულ ამგვარი ტიპის ღონისძიებას წარმოადგენდა თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ერთობლივად განხორციელებული ე. წ. „სოციალური სახლების“ პროგრამა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უსახლკაროთა კიდევ ერთ კატეგორიას წარმოადგენენ ოჯახები, რომლებიც გარკვეულ დრომდე ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მაგრამ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საცხოვრებელი დაკარგეს ან დღემდე მიუღებელ პირობებში იმყოფებიან. სწორედ ამგვარი ტიპის უსახლკაროები, მრავალშვილიანი ოჯახები და დევნილები იყვნენ „სოციალური სახლების“ პროგრამის ძირითადი ბენეფიციარები. „სოციალური სახლების“ პროგრამის ფარგლებში, 2007 წლიდან 2012 წლამდე მონაკვეთში, თბილისში, კერძოდ დიდ დიღომსა და ვარკეთილში, 6 სოციალური სახლი და 2 კორპუსი აშენდა. მათი მეშვეობით, 76 სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდა. თუმცა, „სოციალური სახლების“ პროგრამა ნაკლებად იყო განკუთვნილი ქუჩის ბინადარი მიუსაფარი პირებისთვის, რომელთაც ხშირად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნიათ.

ამავე პერიოდში, ქალაქის ყველა რაიონში, თბილისის მერიის მხარდაჭერით მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციარებიც - ძირითადად სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იყვნენ. თბილისის უფასო სასადილოები უშუალოდ ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ადამიანების საჭიროებებისათვის 2012 წლის დეკემბერში, მკაცრი ყინვების დროს გამოიყენეს.მას შემდეგ, რაც ქალაქში ძლიერი ყინვისა და უსახლკარობის გამო ორი ადამიანი დაიღუპა, თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას ინიციატივით, თბილისის უფასო სასადილოებში რამდენიმე საწოლი შეიტანეს და აქ მიუსაფართათვის ყინვისაგან დამცავი დროებითი თავშესაფარი განათავსეს. თავშესაფრები ფუნქციონირებდა შემდეგ მისამართებზე: ვაკე-საბურთალოს რაიონი - ცაგარელის #19; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი - ვანის ქ. #4; ისანი-სამგორის რაიონი - ზემო ფონიჭალა, მესამე მიკრო-რაიონი #209-ე ბაგა-ბაღი; გლდანი-ნაძალადევის რაიონი - გურამიშვილის #33ა; ძველი თბილისის რაიონი - პეტრიაშვილის ქ. #23. დედაქალაქის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უკვე ყოფილი უფროსის, მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, უფასო სასადილოებში მიუსაფართა თავშესაფრის განთავსება დროებითი აქცია იყო და მხოლოდ ზამთრის პერიოდს მოიცავდა.

2012 წლის დეკემბერშივე, თბილისში, 9 აპრილის ბაღში მიუსაფართათვის გამოსაზამთრებელი კარავი დაიდგა. აღნიშნული აქციის ინიციატორები არასამთავრობო სექტორი და მოქალაქეები იყვნენ.

რაც შეეხება ხელისუფლების მიერ მიუსაფართა დახმარებისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით 2013-2014 წლებში გატარებულ ღონისძიებებს:

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის, „2013-2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ,“ N1946 განკარგულების თანახმად, ქვეყანაში მიუსაფართა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების უკვე ყოფილი მინისტრის, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისია შეიქმნა.

N1946 განკარგულების საფუძველზე მოსკოვის გამზირზე 230 მიუსაფარი ადამიანისათვის განკუთვნილი დროებითი თავშესაფარი მოეწყო. მოსკოვის გამზირზე გაშლილ კარვებში განთავსებული ადამიანებისთვის გასული ზამთრის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო ორჯერადი კვება, გათბობა, ელექტროენერგია, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთები, სამედიცინო დამხმარება. ასევე, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ხორციელდებოდა სანიტარული მომსახურება და ადმინისტრაციული კონტროლი. თავშესაფარში 210-მა ადმიანმა გამოიზამთრა. ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფართა თავშესაფარში გადაყვანას ძირითადად პატრულის თანამშრომლები უზრნველყოფდნენ. პარალელურად მოქმედებდა საინფორმაციო და დახმარების ცხელი ხაზი.

გასული წლების ერთჯერადი ღონისძიებისაგან განსხვავებით, 2013-2014 წლებში, მოსკოვის გამზირზე მოწყობილი მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი ამ ეტაპზეც ფუნქციონირებს. გარდა ამისა მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისიის წინადადებით შემუშავდა მიუსაფართათვის რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გრძელვადიანი თავშესაფრის მშენებლობის პროექტი, რომელიც დიდი ლილოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მშენებლობის დასრულებისთანავე, მოსკოვის გამზირზე გაშლილი დროებითი თავშესაფრის დემონტაჟი და კარვების ბინადართა გრძელვადიან საცხოვრისში გადაყვანა მოხდება. 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა გრძელვადიანი საცხოვრებელი, პროექტის თანახმად, აღჭურვილი იქნება კვების ბლოკით, სამედიცინო პუნქტით, გარე განათებითა და პანდუსებით.

დასკვნა

დავით ნარმანიას განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წელს მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით მოსკოვის გამზირზე მოწყობილი მიუსაფართა თავშესაფარი უსახლკაროთა ზამთრისგან დაცვის რიგით პირველი მცდელობა არ არის. თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას ინიციატივით, შექნმილი საგანგებო ვითარების გამო, ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფართათვის დროებითი თავშესაფარი პირველად 2012 წლის დეკემბერში, უფასო სასადილოებში განთავსდა. თუმცა, ეს პროცესი არ წარმოადგენდა წინასწარ დაგეგმილ და სახელმწიფო უწყებების მხრიდან მხარდაჭერილ ღონისძიებას, რამაც მისი მოკლევადიანობა განაპირობა.

2013 წლამდე პერიოდში ქალაქის თვითმმართველობის ეგიდით განხორციელებული უსახლკაროთა მხარდამჭერი სხვა ღონისძიებები, მაგალითად, უსახლკაროთათვის „სოციალური სახლების“ მშენებლობის პროგრამა, არ იყო უშუალოდ მიმართული მიუსაფართა ყველაზე მძიმე კატეგორიის წარმომადგენლებზე, ადამიანებზე, რომელთა მუდმივი სამყოფელი ქუჩაა.

ქუჩის ბინადართა დახმარებისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტი სახელმწიფო რესურსი 2013-2014 წლებში დაიხარჯა. 2012 წლის ღონისძიებისაგან განსხვავებით, მოსკოვის გამზირზე მოწყობილი თავშესაფარი არის წინასწარ დაგეგმილი, სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებული და სისტემატური თავშესაფარი უსახლკაროთათვის, რომელიც 210 ბენეფიციარის ღამის გასათევს, კვებას, გათბობას, სამედიცინო მომსახურებასა და უსაფრთხოებას უზრუნვლყოფს. მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისიის ინიციატივით მიუსაფართა თავშესაფრით უზრუნველყოფის მიმდინარე პროგრამამ, წინა წლებისაგან განსხვავებით, განგრძობითი ხასიათი მიიღო. მოსკოვის გამზირზე მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების პარალელურად, დიდი ლილოს ტერიტორიაზე მიუსაფართა გრძელვადიანი თავშესაფრის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსკოვის გამზირის მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის ბინადრები გრძელვადიან საცხოვრებელში გადაინაცვლებენ.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ვასკვნით, რომ დავით ნარმანიას განცხადება: „პირველად მხოლოდ 2013 წელს მოეწყო თავშესაფარი მიუსაფარი ადამიანებისთვის“, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი