2014 წლის 10 აპრილს, მაშინდელმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა და თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ერთი წლის შედეგების კომენტირებისას განაცხადა: „... ეს პროექტები რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან ხდება ადამიანების დასაქმება, ამ ადამიანების ოჯახებში დამატებითი შემოსავლების შედინება და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამამულო წარმოების პროდუქცია იქმნება. არც ისე განებივრებული ვიყავით ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობით, აქედან გამომდინარე, მშპ-ში მხოლოდ 8%-ს იკავებდა სოფლის მეურნეობის წილი, თუმცა 2013 წელს უკვე დაფინანსებულმა პროექტებმა თითქმის 12%-მდე გაზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. ეს ტენდენცია აღმავალია და გრძელდება 2014 წელსაც. ამ წელს უფრო მეტი პროექტების დაფინანსებაა მოსალოდნელი, რასაც უფრო მეტი ეფექტი ექნება ეკონომიკური განვითარებისათვის“.

ფაქტ-მეტრი დავით ნარმანიას განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

სოფლის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 2003-2010 წლებში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, 2011-2013 წლებში კი, 2010 წელთან შედარებით ის გაიზარდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, 2013 წელს ამ მაჩვენებელმა 9.3% შეადგინა, აბსოლუტურ მაჩვენებელში კი - 2.17 მლრდ ლარი, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მშპ-ში სოფლის მეურნეობის პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა 2013 წელს, ზოგიერთ სხვა სექტორთან შედარებით გაიზარდა. ანუ, ეკონომიკის ყველა სექტორი თანაბრად რომ გაზრდილიყო, მშპ-ში ყველა მათგანი, მათ შორის სოფლის მეურნეობის, იგივე წილს შეინარჩუნებდა, რაც წინა წელს გააჩნდა.

image001

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის წილს რეალურ მშპ-ში, 2003-2012 წლებში ეს მაჩვენებელიც კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2013 წელს ოდნავ გაიზარდა და მან 10.6% შეადგინა.

image002

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული სექტორის, ჩვენს შემთხვევაში - სოფლის მეურნეობის, მშპ-ში წილის სიდიდე აღნიშნავს, თუ ქვეყნის შემოსავლების რა ნაწილი აკუმულირდება ამ კონკრეტულ სექტორში. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტი შემოსავალი აკუმულირდება ამ სექტორში და ის ეკონომიკის მით უფრო ძლიერი და წამყვანი სექტორია.

სოფლის მეურნეობის მაღალი წილი მშპ-ში დამახასიათებელია განუვითარებელი ქვეყნებისთვის და განვითარებადი ქვეყნების ნაწილისთვის. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, მათი სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში საკმაოდ დაბალია, თუმცა თავად სოფლის მეურნეობის სექტორი აბსოლუტურ მაჩვენებელში საკმაოდ დიდია. განვითარებულ ქვეყნების მშპ-ში დიდი წილი უჭირავთ კაპიტალტევად დარგებს, ხოლო სოფლის მეურნეობა კი შრომატევად დარგებს მიეკუთვნება, რომელიც შედარებით დაბალი უკუგებით ხასიათდება.

image003

რადგან სუბსიდიებისა და გადასახადების დაყოფა არ ხდება ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საქსტატი სოფლის მეურნეობის ოდენობას საბაზისო ფასებით დათვლილ მშპ-სთან აფარდებს. თუ 2003 წლისა და 2012 წლის საქართველოს რეალურ მშპ-ებს (დათვლილს 2003 წლის საბაზისო ფასებში) შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2003 წელს რეალური მშპ 8.04 მლრდ ლარი იყო, სოფლის მეურნეობის ოდენობა - 1.65 მლრდ ლარი, მისი წილი მშპ-ში კი 20.6%. 2012 წელს რეალური მშპ 14.15 მლრდ ლარი იყო, სოფლის მეურნეობის ოდენობა - 1.5 მლრდ ლარი, მისი წილი მშპ-ში კი - 10.6%. თუნდაც ამ შედარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის მაღალი წილი მშპ-ში ქვეყნის ეკონომიკისთვის სახარბიელო მაჩვენებელი შეიძლება არც იყოს.

საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია სოფლის მეურნეობის წილის კლება მშპ-ში, თუმცა ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის ოდენობა აბსოლუტურ მაჩვენებელშიც უნდა შემცირდეს. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაიზრდება სოფლის მეურნეობის ოდენობაც აბსოლუტურ მაჩვენებლეში. ეკონომიკური აღმავლობისა და კაპიტალტევადი დარგების განვითარების შედეგად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, მეტი შემოსავლისა და მოგების მიღების მიზნით, სხვა დარგებში გადავლენ, ხოლო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი, რომელიც დღეს დასაქმებულთა მთლიანი ოდენობის ნახევარს აჭარბებს, მკვეთრად შემცირდება.

დასკვნა

სოფლის მეურნეობის წილი ნომინალურ მშპ-ში 2013 წელს 9.3%-ია, რაც უდაოდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში. ხოლო, ამ სექტორის წილი რეალურ მშპ-ში (გამოხატული 2003 წლის ფასებში) კი 10.6%-ია. შესაბამისად, ყოფილი მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი - 12%, ბოლომდე ზუსტი არ არის. 2010-2012 წლებში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 8%-ის ირგვლივ მერყეობდა, ამიტომაც განცხადების ამ ნაწილში დავით ნარმანია ზუსტია.

თუმცა ფაქტ-მეტრი საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ თავად სოფლის მეურნეობის წილის ზრდა მშპ-ში არც თუ მთლად სახარბიელო ფაქტორია, რადგან თუკი ეკონომიკის ყველა სექტორი თანაბრად განვითარდება, მაშინ ყველა სექტორის წილი მშპ-ში უცვლელად დარჩება. საქართველოსთვის კი უფრო მნიშვნელოვანია უფრო მაღალი უკუგების მქონე კაპიტალტევადი დარგების განვითარება, რომელიც თავის მხრივ დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის.

სტატიაში გაანალიზებულ გარემოებებზე დაყრდნობით ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ნარმანიას განცხადება: „...ეს პროექტები რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან ხდება ადამიანების დასაქმება, ამ ადამიანების ოჯახებში დამატებითი შემოსავლების შედინება და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამამულო წარმოების პროდუქცია იქმნება. არც ისე განებრივრებული ვიყავით ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობით, აქედან გამომდინარე, მშპ-ში მხოლოდ 8%-ს იკავებდა სოფლის მეურნეობის წილი, თუმცა 2013 წელს უკვე დაფინანსებულმა პროექტებმა თითქმის 12%-მდე გაზარდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. ეს ტენდენცია აღმავალია და გრძელდება 2014 წელსაც. ამ წელს უფრო მეტი პროექტების დაფინანსებაა მოსალოდნელი, რასაც უფრო მეტი ეფექტი ექნება ეკონომიკური განვითარებისათვის “, არის ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი