აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მისი მმართველობის დროს დაწყებულ და შემდგომში შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა.

სხვა საკითხებთან ერთად, მან  ყურადღება სოციალური სახლების მშენებლობაზე გაამახვილა და განაცხადა: "მაღალმთიანი აჭარიდან 50 ათასი მოსახლე უნდა ჩამოგვეყვანა, იმიტომ, რომ მთა ვეღარ იტევს. მარტივ მაგალითს გეტყვით, ხულოს მოსახლეობა არის 35 -36 ათასი. რეალურად, ყველა გათვლით, 15 ათასზე მეტი არ უნდა ცხოვრობდეს".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგებით, ხულოს მუნიციპალიტეტში 23 327 პირი ცხოვრობს,

ხულოში, ქედასა და შუახევში ერთად კი - 55 131. 50 ათასი კაცის მთიდან ბათუმში გადმოსახლების შემთხვევაში, სამივე მუნიციპალიტეტში 5 131 მცხოვრები დარჩებოდა.

ვარშალომიძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე  2009 წელს აჭარის მთავრობის მიერ შემუშავებულ  რეგიონული განვითარების სტრატეგიულ გეგმაშია

საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებული სოფლებიდან მოსახლეობის ურბანულ ზონაში განსახლება იყო დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების დროს აჭარაში დემოგრაფიული მონაცემები დღევანდელისგან განსხვავებული იყო. კერძოდ, საქსტატის მაშინდელი მონაცემებით,

ხულოში 35.5 ათასი, შუახევში - 22.8, ქედაში კი 20.4 ათასი მოსახლე ცხოვრობდა (სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ერთად - 78 700). ლევან ვარშალომიძის მიერ დასახელებული ხულოს მოსახლეობის რაოდენობა საქსტატის მაშინდელ მონაცემებს ემთხვევა. საგულისხმოა, რომ 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები უკვე მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა. ლევან ვარშალომიძემ კი, აღნიშნული განცხადება ივლისში გააკეთა.

ვარშალომიძის ინიციატივის შესახებ ინფორმაციისთვის ფაქტ-მეტრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისს, აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას მიმართა.

"

ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და ბათუმის ყოფილმა მერმა რობერტ ჩხაიძემ გვითხრა, რომ პროექტი ბათუმის მერიაში მისი იქ მუშაობის პერიოდიდან არსებობდა. თუმცა, მერიის სამსახურების ახლანდელმა უფროსებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. მსგავსი მასშტაბის პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც ლევან ვარშალომიძის დროსაც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა და მსგავს პროექტებს კურირებდა.

როგორც ფაქტ-მეტრს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისში განუცხადეს, პროექტი, რომლის შესახებაც ლევან ვარშალომიძე საუბრობდა, დაწყებული არ ყოფილა, თუმცა მთიდან მოსახლეობის ჩამოყვანა და სამრეწველო ზონაში დასაქმება იგეგმებოდა. კითხვაზე - გაკეთდა თუ არა რაიმე ამ გეგმის ფარგლებში ლევან ვარშალომიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გვიპასუხეს, რომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს დავალებული ჰქონდათ იმ ბენეფიციართა სიის მომზადება, ვისაც სოციალურ სახლებში დააბინავებდნენ.

რაც შეეხება სოციალური სახლების მშენებლობას, აჭარის მთავრობის მიერ ფაქტ-მეტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016

წელს სამი ასეთი სახლის დასრულება იგეგმება, რომლებშიც ეკომიგრანტებს ჩაასახლებენ. მათ საერთო ჯამში 180 ბინა გადაეცემათ - 72 ხულოს მუნიციპალიტეტში, 50 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 58 კი ბათუმში.

  დასკვნა

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგების თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტში 23 327 პირი ცხოვრობს. ხულოში, ქედასა და შუახევში ერთად კი - 55 131. თუ 50 ათას მოსახლეს საცხოვრებლად მთიდან ბათუმში გადმოიყვანდნენ, სამივე მუნიციპალიტეტში 5 131 მცხოვრები დარჩებოდა.

შესაბამისად, ლევან ვარშალომიძის განცხადება მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ არაზუსტია. მართალია, ის ემთხვევა საყოველთაო აღწერის ძველ, 2002 წლის მონაცემებს, თუმცა ახალი სტატისტიკა განსხვავებულ სურათს აჩვენებს. საქსტატის ახალი მონაცემები 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა, ვარშალომიძემ კი განცხადება მიმდინარე წლის ივლისში გააკეთა.

როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, მაღალმთიანი აჭარიდან მოსახლეობის ურბანულ ზონებში დასახლებასა და მის ინტეგრაციას რეგიონის განვითარების სტრატეგიული გეგმა

 ითვალისწინებდა, რომელიც აჭარის წინა მთავრობამ შეიმუშავა (თუმცა, ამ პროექტის განხორციელების რაიმე დეტალური გეგმა არ წარმოუდგენია).

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი