ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2025 წელს ინფლაციამ სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და 3.9%-ს მიაღწია. 0.9 პროცენტული პუნქტი ბევრი არაა, თუმცა ფასების მატება ყველა პროდუქტზე თანაბარი არ ყოფილა. სურსათი 8.5%-ით, ხოლო ჯანდაცვა 8.1%-ით გაძვირდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანი საკვებზე თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავს, ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება სხვებზე მეტად გაძვირდა.
სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად სურსათის ფასები გაიზარდა, მეორე ადგილზე ჯანდაცვაა, მესამეზე სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება. კავშირგაბმულობაზე, ტრანსპორტსა და ავეჯზე ფასები შემცირდა, თუმცა მათ ჯამურ ინფლაციაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ. საკვებისა და ჯანდაცვის ჯამური ხვედრითი წონა ინფლაციის გაანგარიშებისას 40%-ზე მეტია, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის კი 16%. ტრანსპორტის, უფრო ჩაშლილად კი ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯების 3%-იანმა კლებამ სურსათის უფრო სწრაფი ტემპით გაძვირება ვერ გადაფარა.
ცხრილი 1: ინფლაცია სასაქონლო ჯგუფების მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2025 წელი გამონაკლისი არ ყოფილა. 2013-2025 წლებში, 13-დან 9 შემთხვევაში ინფლაციამ საკვებ პროდუქტებზე ზოგად ინფლაციას გადააჭარბა. შედეგად 2013-2025 წლებში სამომხმარებლო ფასები 73%-ით, ხოლო ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 113%-ით გაიზარდა. იმ პროდუქტებისა და მომსახურებების შესაძენად, რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი საკმარისი იყო, 2025 წელს 173 ლარი გახდა საჭირო, ხოლო იმ საკვები პროდუქტის შესაძენად, რისთვისაც 2012 წელს 100 ლარი კმაროდა, 2025 წელს მომხმარებელს 213 ლარის დახარჯვა მოუწევდა.
გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილება (2012=100)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წლის განმავლობაში 30 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან/მომსახურებიდან 25 საკვებსა და ჯანდაცვას ეხება. სამომხმარებლო კალათა სულ 305 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს, საიდანაც 2025 წელს 199-ზე ფასი გაიზარდა, 92-ზე შემცირდა, 14-ზე კი არ შეცვლილა.
ცხრილი 2: TOP 30 ყველაზე გაძვირებული პროდუქტი/მომსახურება 2025 წელს
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ინფლაცია ზოგადად საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ფასები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება და მაშინ, როდესაც ფასების ზრდის ტემპი შემოსავლების ზრდის ტემპს აჭარბებს.
წლიური მონაცემი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პირველ სამ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები 10.3%-11.7%-ით იზრდებოდა, ანუ ინფლაციის მაჩვენებელზე უფრო სწრაფად.
2025 წელს 70 წლამდე პირების პენსია 11.1%-ით - 315-დან 350 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 8.4%-ით - 415-დან 450 ლარამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც პენსიის ზრდის ტემპი ინფლაციის ტემპს აჭარბებს, თუმცა არის რამდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორიც:
- ხელფასი ყველას თანაბრად არ გაზრდია, ვისაც ზრდა არ შეეხო, მისი რეალური შემოსავალი შემცირდა;
- პენსიის შემთხვევაში, ზრდის ტემპი დაახლოებით უთანაბრდებოდა სურსათისა და ჯანდაცვის ფასების ზრდის ტემპს, რამაც რეალური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა და ნაწილისთვის შესაძლოა, უარყოფითი მნიშვნელობისაც გახადა;
- შემოსავალთან ერთად ხარჯებიც ინდივიდუალურია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილისთვის შესაძლოა, ინდივიდუალური ინფლაცია ოფიციალურთან შედარებით ბევრად მაღალი ყოფილიყო.
ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 3.3%-იანი ინფლაციაზეა გათვლილი, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-მდე უნდა შემცირდეს.