აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, ბათუმში მოსახლეობასთან შეხვედრისას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში დაწყებულ პროექტებზე ისაუბრა. მათგან, ვარშალომიძემ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი გამოყო და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ქუჩის კეთილმოწყობა და ქალაქის ამ უბნის განვითარება შეჩერდა. "ბათუმის მერიას კონკრეტული პროექტისთვის [ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია] 13.5 მილიონი ლარი ჰქონდა ჩადებული. 2012 წელს, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ვიყავით, დარჩენილი იყო 5.5 მილიონი ლარი. დადასტურება იმისა, რომ არაფერი გაკეთებულა, არის 2013 წლის ბიუჯეტი. ეს თანხა იქ გადავიდა, რადგან არ დახარჯულა" - აღნიშნა ვარშალომიძემ.

ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა ბათუმის მერიამ 2007 წლიდან დაიწყო.

პროექტი აეროპორტიდან გოგოლის ქუჩამდე (ბონის დასახლება) გზის რეკონსტრუქციას, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის და ტროტუარების კეთილმოწყობას, ასევე ეზოების მოწესრიგებას, გზის გამყოფი ზოლის მოწყობას, გამწვანებას და გარე განათების დამონტაჟებას გულისხმობდა. პროექტის განხორციელების შემდეგ, ქალაქის ორი ბოლო ერთმანეთს პირდაპირ უნდა დაკავშირებოდა და მანქანების მოძრაობაც განიტვირთებოდა.

ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2007 წელს წყალმომარაგების რეაბილიტაციით დაიწყო. 2009 წელს ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა და აღმაშენებლის ქუჩამდე 955 მეტრი  გზის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. მესამე ეტაპი ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის გაყვანა იყო, რომელიც 2010 წელს დასრულდა.

ამ ეტაპის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა, მოეწყო გზაგამყოფი და ერთმანეთს ორი უბანი დაუკავშირდა. 2010 წელს ბაგრატიონის ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც ხორციელდებოდა.

2011 წლის მაისში ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელების სამუშაოები აღმაშენებლის ქუჩასა და აეროპორტის გზატკეცილს შორის მონაკვეთზე მიმდინარეობდა. 2012 წელს ინფრასტრუქტურა ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან ავტოსადგურის მიმართულებით 650 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოწესრიგდა. ბათუმის მერიისგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის

მერიასა და შპს "გზას" შორის ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელშეკრულება 2011 წლის 20 ოქტომბერს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ქუჩების რეაბილიტაციის დასრულების ვადად 2012 წლის პირველი ნოემბერი განისაზღვრა, თუმცა აღნიშნულ ვადაში სამუშაოები ვერ დასრულდა.

პროექტის შეფერხება, ბათუმის მერიის განმარტებით, მრავალმა მიზეზმა, მათ შორის აღნიშნულ ქუჩაზე არსებულმა სალიანდაგო ხაზმა განაპირობა. საქართველოს რკინიგზას ლიანდაგის დემონტაჟი უნდა განეხორციელბინა, მაგრამ სამუშაოები გაჭიანურდა და მხოლოდ 2013 წლის ზაფხულში დასრულდა. ასევე, მაღალი ძაბვის ხაზები და ორი სატრანსფორმატორო ქვესადგური იყო გადასატანი. გარდა ამისა, პროექტი ერისთავის ქუჩის 55/24 სახლში მცხოვრებთა წინააღმდეგობამაც შეაფერხა. 2014 წლის 30 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე 2013 წლის ანგარიშის წარდგენისას, ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ ბურკაძემ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოების შეფერხების მიზეზი პროექტის კორექტირება და მოსახლეობის პროტესტი იყო, რაც, მისი აზრით, მალე მოგვარდებოდა. მას მხედველობაში ავარიულ კორპუსში მცხოვრები 45 ოჯახი ჰყავდა, რომლებმაც მერიას პრობლემის მოგვარებამდე სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მოსახლეობასთან შეთანხმებას ქალაქის მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია, რადგან კორპუსის გამაგრების მიზნით შეთავაზებული პროექტი მობინადრეებმა დაიწუნეს. მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბათუმის მერიამ ინვესტორის მოძიება დაიწყო.

ავარიული კორპუსის მცხოვრებლების დაკმაყოფილება მერიამ მიმდინარე წლის 12 ივლისს დაიწყო. ტერიტორიიდან მათ გასაყვანად და დასაბინავებლად საკრებულომ ერთი მილიონი ლარი გამოყო. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი თვლის, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც პროექტის შეფერხების გამო აკრიტიკებენ, მერიის ახლანდელმა გუნდმა ავარიული კორპუსის მოსახლეობას უკეთესი პირობები შეუქმნა და მობინადრეთა ინტერესები გაითვალისწინა, თუმცა აღიარებს იმასაც, რომ ამის მისაღწევად დიდი დრო დასჭირდა. ბათუმის მერია ამ ეტაპზე პრობლემას დაძლეულად მიიჩნევს და ორ კვირაში სამუშაოების განახლების იმედს გამოთქვამს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლებში ბაგრატიონის ქუჩაზე სამუშაოების ნაწილი მიმდინარეობდა. მერია ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 2015 წელსაც აწარმოებდა. 2016 წელს შავშეთიდან ერისთავის ქუჩამდე სამუშაოების ნაწილი განხორციელდა, გოგოლის ქუჩამდე კი ისევ შეჩერებულია. რაც შეეხება აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხის 2012 ბიუჯეტიდან გადატანას, 2013 წლის ბიუჯეტში

 ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობის ქვეპროგრამის გასწვრივ მართლაც მითითებულია, რომ 5 მილიონ 744 ათასი ლარი 2012 წლის ბიუჯეტიდან გადავიდა. ბაგრატიონის ქუჩის საერთო სიგრძე 2 314 მეტრს შეადგენს, სარეაბილიტაციო ქუჩის მხოლოდ 250 მეტრია დარჩენილი, ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან სულ 11.76 მლნ ლარია დახარჯული.

დასკვნა

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია 2007 წლიდან 2012 წლამდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა. სამუშაოების ნაწილი შემდეგ წლებშიც გაგრძელდა, თუმცა მნიშვნელოვანი შეფერხებით, რასაც მერიაშიც ადასტურებენ. შეფერხება ძირითადად ორ გზას შუა მოქცეული ავარიული კორპუსის მცხოვრებთა (45 ოჯახი) წინააღმდეგობამ განაპირობა. მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მუნიციპალიტეტმა ორწელიწადნახევარი მოანდომა. ისიც აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხა დაუხარჯავი დარჩა და 2013 წლის ბიუჯეტში გადავიდა.

აქედან გამომდინარე, ლევან ვარშალომიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი