პენსიების ზრდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა

გამოაქვეყნა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია მოსახლეობას პენსიების მყისიერად ზრდას პირდება. "2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია 50 ლარით, 230 ლარამდე გაიზრდება. 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ. პენსიების ზრდა ასევე შეეხება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც" - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურ პროგრამაში.

საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის ყოველთვიური სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფის მუხლშია გაწერილი. საპენსიო ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, რასაც პენსიის მატებასთან ერთად, პენსიონერთა რაოდენობის ზრდაც განაპირობებს. 2012 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 683 ათასი ასაკით პენსიონერი იყო, მიმდინარე წლის ბოლო მონაცემებით კი, მათი რაოდენობა 713 ათასამდე გაიზარდა. 2016 წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.57 მლნ ლარია გათვალისწინებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში პროგრამის ბიუჯეტი 505 მლნ ლარით გაიზარდა. ამ პერიოდში პენსიამ ეტაპობრივად (110-125 ლარიდან) 180 ლარამდე მოიმატა. მიუხედავად დაპირებისა, "ქართულმა ოცნებამ" პენსიის 220 ლარამდე გაზრდა ვერ მოახერხა.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს, დაპირების შესასრულებლად მას ბიუჯეტში შესაბამისი თანხების მოძიება მოუწევს. კერძოდ, 2016 წელს ასაკობრივი პენსიის გასაზრდელად დამატებით მინიმუმ 71.3 მლნ ლარი იქნება საჭირო. გარდა ამისა, ენმ მკვეთრად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვების პენსიის ანალოგიურ ზრდას გეგმავს. სოციალური მომსახურების სააგენოტოს ინფორმაციით, მათი რაოდენობა ჯამში 34 693 შეადგენს. შესაბამისად, 2016 წელს მკვეთრად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ  ბავშვების პენსიის 50 ლარით გასაზრდელად დამატებით 3.5 მლნ ლარი იქნება საჭირო. ჯამში, 2016 წელს პენსიისა და სოციალური პაკეტის გასაზრდელად ენმ-ს 74.8 მლნ ლარის მოძიება მოუწევს. ამასთან, საჭირო იქნება 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილების დაუყოვნებლივ შეტანა. თუ რის ხარჯზე მოხდება საპენსიო ხარჯების გაზრდა და რა მუხლებიდან მოხდება თანხების გადმოტანა, ამ ეტაპზე უცნობია.

2017

წლიდან ასაკობრივი პენსიის, ასევე მკვეთრად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვების პენსიის 50 ლარით გასაზრდელად დამატებით მინიმუმ 448.6 მლნ ლარი იქნება საჭირო. პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპსაც თუ გავითვალისწინებთ, პენსიის ხარჯები 2017 წლიდან  მინიმუმ 451 მლნ ლარით გაიზრდება. საინტერესოა, თუ როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" დამატებით მინიმუმ 451 მლნ ლარით საპენსიო ბიუჯეტის გაზრდას? "ნაციონალური მოძრაობა" 2017 წლიდან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს, რომელიც დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი იქნება და გამოთავისუფლებული თანხის ნაწილს საპენსიო უზრუნველყოფისკენ მიმართავს. ასევე, ეს პარტია არ გეგმავს პენსიის ერთჯერადად გაზრდას, ის მოსახლეობას ეკონომიკის ზრდის პროპორციულად პენსიის ზრდას პირდება. ეს უკანასკნელი ლოგიკურია, ეკონომიკის ზრდის პროპორციულად იზრდება ბიუჯეტში შემოსულობები და შესაბამისად პენსიის პროპორციულად გაზრდაც შესაძლებელია.

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პენსიის ზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება "თავისუფალი დემოკრატებისთვისაც". "აუცილებელი საარსებო მინიმუმი 250 ლარით განისაზღვრება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. "

თავისუფალი დემოკრატები" არ აკონკრეტებენ, თუ როდიდან და რა ოდენობით გაიზრდება პენსია. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ დაპირების შესასრულებლად 4 წელი ექნებათ. პენსიის 300 ლარამდე გასაზრდელად, ამასთან პენსიონერთა რაოდენობის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, საპენსიო უზრუნველყოფის მუხლის მინიმუმ 1 065 მლნ ლარით გაზრდა მოუწევთ. თუმცა, პენსიის ზრდა თუ ეტაპობრივად მოხდება, მაშინ ეს შესაძლებელია. ეკონომიკის 5%-იანი ზრდის შემთხვევაში, რაც რეალურია, ბიუჯეტში შემოსავლები ყოველწლიურად მინიმუმ 500 მლნ ლარით გაიზრდება. თუ ამ თანხების ნაწილს საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართავენ, 4 წელიწადში პენსიის ხარჯების მილიარდ ლარზე მეტით გაზრდა რეალურია. ამასთან, "თავისუფალი დემოკრატები" ეკონომიკის არა 5%-ით, არამედ გაცილებით მაღალი ტემპებით ზრდას გვპირდებიან.

სოციალური დაპირებებით

გამოირჩევა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის". პარტია საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის და ე.წ. ბიუროკრატიის შემცირების გზით პენსიის 250 ლარამდე გაზრდას გეგმავს.

პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადეს, რომ პენსიის 250 ლარამდე ზრდა 2017 წლიდან მოხდება. პენსიის 70 ლარით გაზრდისთვის 2017 წელს საპენსიო უზრუნველყოფის მუხლი მინიმუმ 600 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს. "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" პენსიის მყისიერ ზრდას, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე გეგმავს. თუმცა, მას კიდევ უფრო მეტი თანხა სჭირდება დაპირების შესასრულებლად. ორივე პარტიის დაპირების შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ სამთავრობო ხარჯების მყისიერად იმ ოდენობით შემცირება, რაც პენსიის გასაზრდელად არის საჭირო, საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ სხვა ხარჯების შემცირებით პოლიტიკური პარტიები დაპირებებს შეასრულებენ.

მმართველ გუნდს სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად, რას პირდება ის მოსახლეობას, ამ ეტაპზე უცნობია. "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით სხვა პარტიების დაპირებას არარეალურად აფასებს. "გამოსავალი არის დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება. სხვა შეთავაზება, ეს არის გათანაბრებული ტყუილთან და ეს არის საარჩევნო ტრიუკი" - განაცხადა

 ხუნდაძემ.

მთავრობის ინფორმაციით, დაგროვებით პენსიაზე გადასვლა 2017 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება. ასევე, შენარჩუნდება სოციალური პენსია და ის ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, დასაქმებული, ნებაყოფლობით, თავისი ხელფასის 2%-ს განათავსებს საპენსიო აქტივში, ხოლო მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამსაქმებელი სავალდებულო წესით, ორ-ორი პროცენტის დამატებას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, ყოველთვიურად, პროგრამაში ჩართული პირი თავისი შემოსავლის 6%-ის დაგროვებას მოახერხებს. თუმცა, დაგროვებით პენსიას თან ახლავს თავისი გამოწვევები და რისკები. დაბალი შემოსავლების გამო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ შექმნის მაღალ საპენსიო დანაზოგს, რომელიც მის სიბერეს უზრუნველყოფს. ამასთან, რადგან დასაქმებულების უმრავლესობა თვითდასაქმებულია და პროგრამაც ნებაყოფლობითია, ის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება, შესაბამისად, საბიუჯეტო წნეხს მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემა წარმატებული ისეთ ქვეყნებშია, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაქირავებით დასაქმებულია და შრომის ანაზღაურებაც მაღალია.

დასკვნა 2017

წლიდან პენსიის ზრდის შესახებ პარტიების დაპირებები რეალურია, თუ ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება და ის საპენსიო უზრუნველყოფაზე იქნება მიმართული. ასევე, თუ ეკონომიკა მინიმუმ 5%-ით გაიზრდება და შესაბამისად ბიუჯეტში გაზრდილი შემოსულობების დიდი წილი საპენსიო ხარჯებზე იქნება მიმართული. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბიუჯეტში სხვა ხარჯების შემცირებით და გამოთავისუფლებული თანხებით, როგორც 2017 წლიდან, ისე მიმდინარე წლის ნოემბრიდან პენსიის გაზრდა შესაძლებელი იქნება. მაგრამ, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პენსიის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად აწევს და ამ ეტაპზე მთლიანი ხარჯების 18%-ზე მეტი საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ სხვა სოციალურ ხარჯებს, რომელიც ასევე სწრაფი ტემპებით იზრდება (საყოველთაო ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და სხვა), სოციალური ვალდებულებები სულ უფრო მძიმე ტვირთი გახდება ქვეყნის ბიუჯეტისთვის. ყველაზე რეალური და სწორი მიდგომა ისაა, როცა სოციალური ხარჯების ზრდა ეკონომიკის ზრდის შესაბამისად ხდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის შემთხვევაში შესაძლოა პენსია კიდევ უფრო მაღალიც გახდეს, ვიდრე დაპირებებია. თუმცა, წინასაარჩევნოდ კონკრეტული რიცხვების დასახელება უფრო მომხიბლავია მოსახლეობისთვის და პარტიებმაც ეს მიდგომა ამჯობინეს. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, ეს მოდელი ძირითადად ამართლებს იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმების მაჩვენებელიც და შრომის ანაზღაურებაც მაღალია. 2017-2020 წლებში ის დღევანდელი ფორმით არსებული პენსიის ალტერნატივა ვერ იქნება.

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი