თბილისში მოსახლეობის 40% ცხოვრობს და მშპ-ის 80% ფორმირდება

კახა კუკავა: თბილისში მოსახლეობის 40% ცხოვრობს და მშპ-ის 80% ფორმირდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კუკავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

თბილისში 1.3 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 35%-ს შეადგენს. თბილისში 4.7-ჯერ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ყველა სხვა თვითმმართველ ქალაქში (ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი) ერთად აღებული.
ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა, ახლომდებარე დასახლებებიდან, როგორებიცაა მცხეთა, გარდაბნის ნაწილი და თავად ქალაქი რუსთავიც კი, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს სასწავლებლად თუ სამუშაოდ თბილისში ყოველდღიურ რეჟიმში უწევს ჩამოსვლა. ეს ადამიანები თბილისში არ ცხოვრობენ, თუმცა სოციალურად და ეკონომიკურად თბილისზე არიან დამოკიდებულნი.
თავისი მასშტაბით, საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით, თბილისი საკმაოდ დიდია. მსგავსი ქალაქები, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 35% ან მეტი ცხოვრობს, ძირითადად აზიასა და ლათინურ ამერიკაში გვხვდება.
თბილისის წილი მშპ-ის ფორმირებაში 53%-ს შეადგენს, რაც თავისთავად ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა განცხადების ავტორის მიერ დასახელებულ 80%-საც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. თბილისზე მოდის ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 80% და დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ოდენობაც ქვეყნის საშუალოს 34%-ით, ხოლო ზოგიერთ რეგიონს 100%-ით და უფრო მეტითაც აღემატება.
ძირითადად სწორი ინფორმაციის, თუმცა გარკვეული გადაჭარბების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ კახა კუკავას განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე

ანალიზი:

„ტვ პირველის“ ეთერში კახა კუკავამ განაცხადა: „თბილისი უკვე არის თავისი მოსახლეობით დატვირთვის პიკზე და მარტო თბილისის პრობლემა არ არის, სხვათა შორის, ქვეყნის პრობლემაც არის. 40% მოსახლეობის უკვე ორი ქვეყანა არის მსოფლიოში. ბუენოს-აირესში ცხოვრობს არგენტინის მოსახლეობის 40% და მეორე არის თბილისში, ეკონომიკის 80% არის აქ თავმოყრილი“.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ-ს შეადგენდა[1], საიდანაც 1.3 მლნ ანუ 35% თბილისში ცხოვრობდა. აღწერის მეთოდოლოგიის თანახმად, რეგიონიდან ჩასული პირი, რომელიც 12 თვე თბილისში ცხოვრობს, თბილისის მაცხოვრებლად ითვლება, მაშინაც კი, თუ ის კვლავ რეგიონშია რეგისტრირებული. ამავე დროს, თბილისში რეგისტრირებული, მაგრამ ემიგრაციაში წასული ადამიანი, თბილისში მცხოვრებად აღარ ითვლება.

35% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ თბილისის გარდა მოსახლეობის 35-40 პროცენტი ცხოვრობს ასევე ურუგვაის, პარაგვაის, ჩილეს, პანამის, კატარისა და კუვეიტის დედაქალაქებშიც. კახა კუკავას მიერ დასახელებულ ბუენოს-აირესში არგენტინის მოსახლეობის 7% ცხოვრობს. ბუენოს-აირესის აგლომერაციაში კი არგენტინის მოსახლეობის 35% და ეს არ არის სარეკორდო, სეულის აგლომერაციაში 26 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც კორეის მოსახლეობის ნახევარია.

აგლომერაცია იურიდიული ტერმინი არ არის და მას არც მკაფიოდ გამოხატული საზღვრები გააჩნია. მიჩნეულია, რომ აგლომერაციაა ქალაქის შემოგარენი, რომელიც ეკონომიკურად მჭიდროს არის დაკავშირებული მასთან. ამ დაშვებით, მცხეთა, გარდაბნის ნაწილი და ნაწილობრივ რუსთავშიც კი, რომელიც თავის მხრივ მოსახლეობის სიდიდით მესამე ქალაქია, შეიძლება თბილისის აგლომერაციად მივიჩნიოთ. ამ შემთხვევაში, აგლომერაციის მოსახლეობა უკვე 1.5 მლნ-ს გადააჭარბებს, რაც თავის მხრივ უკვე მთლიანი ქვეყნის მოსახლეობის 40%-ზე მეტია.

გრაფიკი 1: თბილისის მოსახლეობის წილი საქართველოში (2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შიდა მიგრაციის გათვალისწინებით, თბილისის მოსახლეობის წილი გამუდმებით იზრდება. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2003 წელს თბილისში საქართველოს მოსახლეობის 27%, 2012 წელს 29% და 2024 წელს 35% ცხოვრობდა.

საქართველოში სულ 5 თვითმმართველი ქალაქია: თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი. თბილისის მოსახლეობა დანარჩენი 4 თვითმართელი ქალაქის ჯამურ მოსახლეობას 4.7-ჯერ აღემატება.

გრაფიკი 2: თბილისის მოსახლეობა (ათასი ადამიანი) და მისი წილი საქართველოში


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კახა კუკავას განცხადების მეორე ნაწილი ეკონომიკას ეხება. თბილისი მშპ-ის 53%-ს აგენერირებს, რაც ერთი ქალაქისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ დასახელებული 80%-ისგან მაინც საკმაოდ შორსაა. საქსტატზე ბოლო მონაცემი 2023 წლით თარიღდება, თუმცა ეს არსებითად ბევრს არაფერს ცვლის. 2010-2023 წლებში თბილისის წილი მშპ-ში 50%-53%-ის ფარგლებში ვარირებდა.

გრაფიკი 3: თბილისის წილი ეკონომიკაში (2023 წელი)


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კახა კუკავას არ უხსენებია, თუმცა თბილისის ზომის განსასაზღვრად სხვა პარამეტრების ნახვაც შესაძლებელია.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თბილისის წილი ბევრად მაღალია. 2013-2024 წლებში თბილისზე FDI-ს საშუალოდ 77% მოდიოდა, თუ პანდემიურ 2020 წელს გამოვრიცხავთ - 79%. მთელ ამ პერიოდში ყველაზე დაბალი 72%-იანი წილი 2013 წელს დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი 90%-იანი წილი 2022 წელს, 2024 წელს თბილისის წილმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 81%-ს მიაღწია.

2024 წლის მდგომარეობით, თბილისზე მოდის ასევე დასაქმებულთა 33% და მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა 39%. ეს რიცხვები მოსახლეობის პროპორციულია, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება ხელფასებში. 2024 წელს საქართველოში საშუალო ყოველთვიურმა დასაბეგრმა ხელფასმა 1970 ლარი შეადგინა, თბილისში ეს მაჩვენებელი 19%-ით მაღალი იყო და 2350 ლარს აღწევდა. თუ ხელფასებს რეგიონების მიხედვით ჩავშლით, სხვაობა ყველაზე მცირე მცხეთა-მთიანეთთანაა, მასთან შედარებით თბილისში ხელფასები 34%-ით მეტია, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთთან შედარებით კი 140%-ით მეტი.

თბილისი მართლაც არის უდიდესი ქალაქი, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მოსახლეობის მესამედზე მეტი ცხოვრობს. კიდევ უფრო მაღალია მისი წილი ეკონომიკაში და 50%-იან ნიშნულს აჭარბებს, თუმცა დასახელებულ 80%-ისგან შორსაა. მოსახლეობის წილი და მშპ-ის წილი თბილისისთვის სხვადასხვაა. ცხოვრების დონეებს შორის სხვაობას განსხვავებული ხელფასიც ადასტურებს.

თბილისის ზომასთან დაკავშირებით ძირითადად სიმართლის თუმცა გარკვეული გადაჭარბებების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ კახა კუკავას განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


[1] 2024 წლის აღწერით, საქართველოს მოსახლეობა 3.914 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 1.330 მლნ ანუ 34% თბილისში ცხოვრობს, თუმცა მონაცემები დასაზუსტებელია. დეტალური მონაცემები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.