2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს რეგიონების უმრავლესობის ბიუჯეტი გაიზარდა. ადგილობრივი ბიუჯეტების ზრდა ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერების ხარჯზე მოხდა და როგორც გაირკვა, დამატებითი თანხები რეგიონებში ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (49-ე მუხლი,მე-3 პუნქტი), ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა დ იმ პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელიც მანამდე ბიუჯეტით გათვალისწინებული არ იყო, არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრეა დასაშვები.

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დნიშნული და კანონის შესაბამისად, ხელისუფლებას ადგილობრივ ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანა და ახალი, ბიუჯეტში აქამდე არარსებული პროექტების დაფინანსების გადაწყვეტილება 9 აგვისტომდე შეეძლო.

ასეთი ცვლილებები აგვისტოს დასაწყისში ადგილობრივ ბიუჯეტებში მასიურად მოხდა. კანონი ამ შემთხვევაში არ დარღვეულა, თუმცა ეს ცვლილებები, გარდა იმისა, რომ მათ მასობრივი ხასიათი აქვს, ადგილობრივ ბიუჯეტებში კანონით დადგენილ ზღვრულ ვადამდე რამდენიმე თვით და, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე დღით ადრეა შეტანილი. ეს კი აძლიერებს ეჭვს, რომ ეს შემთხვევით არ ხდება და რომ შესაძლოა მმართველი პარტია ბიუჯეტის გამოყენებით ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენასცდილობდეს.

„ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე ქალაქის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება გააანალიზა.

ბათუმი - 892 ათასი ლარი

4 აგვისტოს ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტში. ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოსულობებისა და განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ეკონომიების საფუძველზე, ბიუჯეტის ასიგნებები ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით, ჯამში 892 000 ლარით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებები რესურსების სხვადასხვა სფეროზე გადანაწილებას ითვალისწინებს, რაც საბოლოოო ჯამში ქალაქ ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებში განხორციელდა.

ქუთაისი - 332 ათასი ლარი

2016 წლის 5 აგვისტოს ცვლილება ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტშიც შევიდა. ქუთაისის ბიუჯეტი 332 000 ლარით გაიზარდა. თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდად გადაირიცხა. როგორც ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე აცხადებს, ამ თანხით ქუთაისში შვიდი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ქუთაისის საკრებულოს წევრი „ლეიბოირსტული პარტიის“ წარმომადგენელი სამსონ გუგავა მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილება წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა.

„ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ახლა გაახსენდა, რომ ხიდები და გზები გასაკეთებელია, რომ ფასადები გასაკეთებელია, რომ გადახურვები გასაკეთებელია და პირდაპირ არჩევნების წინ ახორციელებენ საბიუჯეტო ცვლილებას. ეს არის წმინდად პოლიტიკური ხასიათის ცვლილება, რადგანაც ისინი საბიუჯეტო თანხებს მიმართავენ ამომრჩევლის მოსასყიდად. სხვა აზრი ამ ცვლილებებში არ დევს“, - განაცხადა მან.

ოპოზიციის პასუხად, ქალაქ ქუთაისი მერი შოთა მურღულია აპელირებას მხოლოდ იმაზე აკეთებს, რომ ბიუჯეტის ცვლილებით კანონი არ დარღვეულა.

ზუგდიდი - 2 851 400 ლარი

ბიუჯეტის ცვლილება განხორციელდა ქალაქ ზუგდიდშიც. 2016 წლის 14 აპრილს ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით 2 მილიონი ლარი დაემატა. ამ თანხით ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი აშენდება.

ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტში კიდევ ერთი ცვლილება 2016 წლის 3 ივნისს განხორციელდა. ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით 851 400 ლარი დაემატა. თანხის ნაწილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს მოხმარდება.

ფოთი - 25 500 ლარი

2016 წლის 5 აგვისტოს ცვლილება განხორციელდა ქალაქ ფოთის ბიუჯეტშიც. შიდა გადაადგილების საფუძველზე „9 აპრილს დაზარალებულთა რეაბილიტაციის“ პროგრამიდან 5 500 ლარი ბიბლიოთეკის მშენებლობისთვის გამოიყო, 20 000 ლარი კი რაგბის სტადიონის მშენებლობას მოხმარდება.

ხობი - 88 400 ლარი

2016 წლის 30 მარტს ცვლილება შევიდა ქალაქ ხობის ბიუჯეტშიც. 88 400 ლარს დანიშნულება შეეცვალა და ნაცვლად საგანმანათლებლო პროგრამებისა, ინფრასტრუქტურული პროგრამები, კერძოდ კი „წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ დაფინანსდება.

ოზურგეთი - 1 მლნ ლარი

2016 წლის 30 მარტს ცვლილება შევიდა ქალაქ ოზურგეთის ბიუჯეტში. ადგილობრივ ბიუჯეტს ცენტრალური ბიუჯეტის ფონდებიდან ტრანსფერის სახით 1 მილიონი ლარი დაემატა, აღნიშნული თანხა ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებს მოხმარდება.

რუსთავი - 7 მლნ-ით გაზრდილი ბიუჯეტი

მიმდინარე წელს ქალაქ რუსთავის ბიუჯეტშიც ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება დაახლოებით 7 მილიონით არის გაზრდილი და 18 მილიონს შეადგენს. ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ „ეს არის საბიუჯეტო თანხების ჩვეულებრივად ამომრჩეველზე გათვლილი განკარგვა“.

საკითხის კომენტირებისას, რუსთავის მერი დავით ჯიქია რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების“სიუხვეს“ მარტივი მათემატიკით ხსნის და აცხადებს, რომ „ბევრი“ ინფრასტრუქტურლი პროექტის მიმდინარეობის საფუძველი ქალაქ რუსთავის წინა წელთან შედარებით გაზრდილი ბიუჯეტია (მიმდინარე წელს რუსთავის ბიუჯეტი 52 მილიონი ლარია, წინა წელს კი 44 მილიონი ლარი იყო).

ბიუჯეტის ცვლილება, როგორც ძველი წინასაარჩევნო ტრადიცია

წინასაარჩევნოდ რეგიონების ბიუჯეტების ზრდა წინა მთავრობის დროსაც ხორციელდებოდა. საარჩევნო წელს (2012 წელს) პირველი ცხრა თვის განმავლობაში ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ცენტრალური ბიუჯეტიდან გადარიცხულმა თანხამ 933 322 900 ლარი შეადგინა, რაც 2011 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებულ ტრანსფერებს 309 928 600 ლარით აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წლის 9 თვის განმავლობასი რეგიონებში გადარიცხული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურ ტრანსფერებზე მოდის.

image001

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ იმავე მეთოდს, რეგიონების დაფინანსების გაზრდას მიმართავს „ქართული ოცნებაც“. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე, საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ცენტრალური ბიუჯეტიდან 156 023 155 ლარი გამოუყო. თანხა ძირითადად გზებისა და სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა.

ფაქტია, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც რეგიონულ ბიუჯეტებში, სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სხვადასხვა ფონდებიდან ტრანსფერების გადარიცხვა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება.

ეკონომისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასურველია, პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვისას განისაზღვროს და არა წინასაარჩევნო პერიოდში. რადგან ეს ცვლილებები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ორიენტირებულ ქმედებად აღიქმება.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი