იტვირთება

„8 ოქტომბერს საარჩევნო დედაქალაქი გორი იქნება“ - გასული კვირის მოვლენების შემდეგ, გორელთა უმეტესობა სწორედ ასეთ პროგნოზს აკეთებს და არცთუ უსაფუძვლოდ. გორის მაჟორიტარობისათვის ერთმანეთს ორი ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაუპირისპირდება - ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი.

ალასანიას გადაწყვეტილება, რომ გორის მაჟორიტარობის კანდიდატად თავად ეყარა კენჭი, იძულებითია. გორში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილმა თამაზ შიოშვილმა გასულ კვირას პარტია დატოვა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასვენება გადაწყვიტა, რაც მისმა ყოფილმა ლიდერმაც დაადასტურა. ირაკლი ალასანიამ გორში ხუთშაბათს ამასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც შიოშვილის ნაცვლად საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შესახებ გააკეთა განცხადება.

პარასკევს კი გორის მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშილი.

ამრიგად, 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა და ერთმანეთთან დაპირისპირება ორ საკმაოდ ცნობად და ,,მძიმეწონიან“ პოლიტიკურ ფიგურას მოუწევს, რომლებიც ჯერ ჯგუფელები და ძველი მეგობრები იყვენ, შემდეგ კი ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკოსები.

„ვინც არ უნდა იყოს ჩემი კონკურენტი გორში, მე ჩემს შანსებს ვაფასებ ობიექტურად და ვარ მართლაც დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ გვყავს ის გუნდი, რომელთან ერთადაც გამარჯვებით დავაგვირგვინებთ 8 ოქტომბრის არჩევნებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ვინ დაუპირისპირდება ექს-მინსტრებს მმართველი პარტიიდან

ალასანიასა და ოქრუაშვილს ერთმანეთის გარდა მმართველი გუნდის კანდიდატთანაც მოუწევთ კონკურენციის გაწევა, რომელიც გორელებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ნაკლებად ცნობადი სახეა.

ადგილობრივი საზოგადოება 71 წლის იოსებ მაკრახიძის წარსულით მისი კანდიდატად წარდგენის შემდეგ დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მაკრახიძემ თავისი შპს „იბოლიას“ სახელით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2011 წელს 50 000 ლარი, ხოლო 2012 წლის 7 ივნისს, 25 000 ლარი შემოწირულობის სახით გადაურიცხა. ის ამჟამად 3 იურიდიული პირის ხელმძღვანელია და ბიზნესწილები რამდენიმე კომპანიაშიც აქვს. რამდენიმე თვის წინ, მის წინააღმდეგ საქმეს, სავარაუდოდ, თანხების მითვისების ფაქტზე, გორის სასამართლო განიხილავდა, თუმცა, ამჟამად მაკრახიძე აღნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია და საზოგადოების დაინტერესების შემთხვევაში, ამ საქმეზე სხვა დროს უფრო დეტალურად ისაუბრებს.

პროფესიით ინჟინერმა იოსებ მაკრახიძემ პირველი კომენტარი ექსკლუზიურად "ფაქტ-მეტრისთვის" გააკეთა და აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებული ფიგურების ცნობადობა და პოლიტიკაში მოღვაწეობა ყოველთვის გადამწყვეტი ვერ იქნება. ფიქრობს, რომ გორელები მას კარგად იცნობენ და გამარჯვების შემთხვევაში ქალაქში მასიური მშენებლობის პროცესის დაწყებას აპირებს.

რას ფიქრობენ გორელები

გორში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ვახტანგაშვილმაც შეაფასა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს კვლავ იყრის „ეროვნული ფორუმიდან“, თუმცა, ამჯერად არა ქალაქში, არამედ გორის რაიონში.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ გორში მაჟორიტარობისთვის ირაკლი ალასანია იბრძოლებს, მას კონკურენტი ირაკლი ოქრუაშვილი ეყოლება და „ქართულ ოცნებასაც“ წონიანი კანდიდატები ჰყავს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თბილისის შემდეგ მეორე პოლიტიკური ცენტრი გორი იქნება. ძალიან დიდი კონკურენცია იქნება შიდა ქართლში და კონკრეტულად გორში“, - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

გორში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ელექტორატი აქტიურად მსჯელობს სოციალურ ქსელშიც.

„სოციალური ქსელებიდან ჩანს ,რომ პირველ ადგილზეა სანახაობა, მეორე წარმომავლობა და მესამე ადგილზე პროგრამა, ამიტომ ნუ დავემდურებით პარტიებს, რასაც მივირთმევთ - იმას გვათვაზობენ. შესაძლოა ესა თუ ის კანდიდატი კარგი პიროვნება იყოს და თავისი პროფესიის მცოდნე, მაგრამ პარლამენტი კანონშემოქმედებითი ორგანოა.

ეს არჩევნები პირველ რიგში კარგია ამომრჩევლის გასატესტად. კერძოდ, როგორი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდა, რამდენად ერკვევიან სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებში, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობაში“, - ამბობს გორელი ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი.

„ცრუ დაპირებებს და ფინანსებს ექცევა დიდი ყურადღება. ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი პოლიტიკური ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ის არის არათანმიმდევრული პოლიტიკური ლიდერი, ამავდროულად მას სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული, ხალხს თავი აგრესიული რიტორიკით დაამახსოვრა. ჩემი აზრით, ოქრუაშვილს პერსპექტივა არ აქვს.

საღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა კანდიდატის წარმომავლობას, არ აქვს მნიშვნელობა, ალასანია მაჟორიტარულითაა გასული, თუ პროპორციული სიით. ის არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი კონსტიტუციის თანახმად. მაკრახიძეს რაც შეეხება, ის ცნობადი სახეა მხოლოდ იმ საზოგადოებისთვის, ვინც კომუნისტურ ეპოქაში იყო დასაქმებული. ჩემი აზრით, ინტელექტმა და წარსულმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი“, - აცხადებს გორელი ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

„ამ შემთხვევაში არა მარტო ცნობადობა, არამედ ზოგადად კანდიდატების პროგრამაა მნიშვნელოვანი - რამდენად რელევანტურ და გადაწყვეტად გეგმებს შესთავაზებენ ამომრჩეველს. მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება მათი მონაწილეობა დებატებში“, -აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) წარმომადგენელი გორში ზაზა ჭიპაშვილი.

არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება, თუმცა, ამომრჩევლების უმრავლესობას პარტიების პროგრამა უშუალოდ გორის კანდიდატებისგან არ მოუსმენია. ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური პროგნოზები და 2014 წლის არჩევნებთან პარალელების გავლება მიმდინარეობს.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე კი, გორში კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულმა პარტიამ“ მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია. ოქრუაშვილის პარტიიდან მერობის კანდიდატმა ხმების 29.27% მიიღო (3 832 ხმა), ხოლო კოალიციიდან მერობის კანდიდატმა - 40.38% (5 286 ხმა).

პოლიტიკური პროცესები გორში პიკს აღწევს, ელექტორატის ნაწილის აზრით, გორში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალი იქნება.


მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი