იტვირთება

ქვეყნების დემოკრატიული განვითარების დონეს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს. მათ შორის ყველაზე სერიოზული და სანდოა „ფრიდომ ჰაუზი“ და „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტი“. „ფრიდომ ჰაუზი“ ქვეყნებს სამ კატეგორიად ყოფს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადის. „ეკონომისტი“ ოთხ კატეგორიას გამოყოფს: სრულყოფილი დემოკრატიები, არასრულყოფილი დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები, ავტორიტარული რეჟიმები. აქ საქართველო ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში ხვდება.

ჰიბრიდულ რეჟიმს „ეკონომისტი“ შემდეგნაირად განმარტავს:

არჩევნები მიმდინარეობს სერიოზული დარღვევებით, რაც ხელს უშლის მის სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებას; როგორც წესი, ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებზე მთავრობის მხრიდან ზეწოლა საკმაოდ გავრცელებული ამბავია; არასრულყოფილ დემოკრატიებთან შედარებით სერიოზული სისუსტეები იკვეთება პოლიტიკური კულტურის, მთავრობის ფუნქციონირებისა და პოლიტიკური მონაწილეების მხრივ; კორუფცია ფართოდაა გავრცელებული და კანონის უზენაესობის მხრივ პრობლემებია; სამოქალაქო საზოგადოება სუსტია; ჩვეულებრივ ხორციელდება ზეწოლა ჟურნალისტებზე და მიმდინარეობს მათი დევნაც; სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის.

„ეკონომისტი“ დემოკრატიის ინდექსს 2006 წლიდან, ყოველწლიურად ადგენს. იქიდან მოყოლებული საქართველო მუდამ ჰიბრიდულ რეჟიმებში ხვდება. 2007 წელს ჩვენი ქვეყანა 104-ე ადგილზე იმყოფებოდა 4.90 ქულით (მაქსიმალური ქულა 10). 2012 წელს უკვე 93-ე ადგილზე ვიყავით 5.53 ქულით. პროგრესი ყოველ წელიწადს ფიქსირდებოდა, თუმცა საკმაოდ ნელი. აი, 2013 წელს, არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ საქართველომ მკვეთრი ნახტომი გააკეთა, 5.95 ქულით 78-ე ადგილზე ავიდა და ჰიბრიდულ რეჟიმებში დემოკრატიული განვითარების მხრივ საუკეთესოდ დასახელდა. არასრულყოფილი დემოკრატიის სტატუსამდე სულ ერთი ნაბიჯი რჩებოდა.

არასრულყოფილი დემოკრატია კი ასე განიმარტება:

არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, თუმცა ზოგჯერ შეიმჩნევა პრობლემები (მაგალითად, მედიის თავისუფლების შეზღუდვა); ძირეული სამოქალაქო თავისუფლებები დაცულია; თუმცა არსებობს სისუსტეები დემოკრატიის სხვა ასპექტების მხრივ, მათ შორის მმართველობის, დაბალი პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური მონაწილეობის მხრივ.

როგორც უკვე ვთქვით, 2013 წელს საქართველოს ერთი ნაბიჯი აკლდა ამ კატეგორიამდე, მაგრამ შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული ინდექსი დაეცა (თუმცა არა მკვეთრად), რის მიზეზადაც დასახელდა ოპოზიციისა და უმცირესობათა შევიწროება. ახლა 82-ე ადგილზე ვიმყოფებით და ჰიბრიდული რეჟიმების სიაში დემოკრატიული განვითარების მხრივ გვატემალა და ალბანეთი გვისწრებენ. ჩვენი დემოკრატიული განვითარების საერთო საშუალო ქულაა 5.88. ეს ქულა დგება რამდენიმე კომპონენტისგან და ესენია: საარჩევნო პროცესი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა, სამოქალაქო თავისუფლებები. ამათგან ყველაზე უკეთ საქართველოს საქმე სწორედ საარჩევნო პროცესის მხრივ აქვს - 8.67 ქულა (ისევ და ისევ 10-დან). ყველაზე დაბალ შეფასებას კი ჩვენი ქვეყანა მთავრობის ფუნქციონირების მხრივ იმსახურებს - 4.29. უნდა აღინიშნოს რომ ეს დაბალი ქულა განპირობებულია იმ გარემოებითაც რომ საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის მართვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რის გამოც საქართველოს მთავრობას ნაკლებად მოეთხოვება პასუხი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დემოკრატიის პირობებში მთავრობას მოეთხოვება, იყოს თავისუფალი სხვადასხვა გავლენიანი რელიგიური და ეკონომიკური ჯგუფებისგან, ან იმას, რომ მთავრობას მოეთხოვება, პარლამენტი იყოს ხელისუფლების ყველაზე ძლიერი შტო, ცხადი ხდება, რომ საქართველოს, ამ მხრივ, სერიოზული პრობლემები აქვს და დაბალი ქულაც დამსახურებულია.

„ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგი გაცილებით ნაკლების მთქმელია. მისი მიხედვით, საქართველოს 3 ქულა აქვს პოლიტიკური უფლებების და ასევე, 3 ქულა აქვს სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ (აქ 1 საუკეთესო შეფასებაა, 7 კი - ყველაზე უარესი). უკვე წლებია, რაც ეს მაჩვენებლები საქართველოსთვის არ იცვლება.

ალბათ, საინტერესოა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების (ბალტიისპირეთის გამოკლებით) დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი („ეკონომისტის“ მიხედვით). სადღეისოდ საქართველოს, ამ მხრივ, მოლდოვა უსწრებს, რომელიც არასრულყოფილ დემოკრატიად მიიჩნევა და 70-ე ადგილი უჭირავს. სხვა ყველა საქართველოს ჩამორჩება. სომხეთი 116-ე ადგილზეა და ჰიბრიდული რეჟიმების სიის ბოლოშია მოქცეული. აზერბაიჯანი და ბელარუსი ავტორიტარულ რეჟიმებად ცხადდებიან, ისევე როგორც შუა აზიის ყველა ქვეყანა, ყირგიზეთის გარდა (ჰიბრიდული რეჟიმი). უკრაინა 88-ე ადგილზეა და ეს მაშინ, როცა 2007 წელს ის 52-ე ადგილზე იმყოფებოდა და არასრულყოფილ დემოკრატიად მიიჩნეოდა. იმავე წელიწადს ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში იყო რუსეთი, რომელიც ახლა ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაშია და 132-ე ადგილი უჭირავს. ბოლო, 176-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა.

რაც შეეხება დემოკრატიებს, სიის პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია. აშშ მეოცე ადგილზეა. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ბელგია, სულაც, არასრულყოფილი დემოკრატიების სიაში არიან.

საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, 2007 წელს ჩვენს ქვეყანას საარჩევნო პროცესში 7.92 ქულა ჰქონდა მინიჭებული, მთავრობის ფუნქციონირებაში - 1.79, პოლიტიკურ მონაწილეობაში - 3.33, პოლიტიკურ კულტურაში - 5.00, სამოქალაქო თავისუფლებებში - 6.47. 2012 წელს („ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წელი) ეს ქულები ასეთი იყო: საარჩევნო პროცესში - 8.25, მთავრობის ფუნქციონირებაში - 3.21, პოლიტიკურ მონაწილეობაში - 5.00, პოლიტიკურ კულტურაში - 5.00, სამოქალაქო თავისუფლებებში - 6.18. სადღეისოდ საარჩევნო პროცესში - 8.67, მთავრობის ფუნქციონირებაში - 4.29, პოლიტიკურ მონაწილეობაში - 5.56, პოლიტიკურ კულტურაში - 5.00, სამოქალაქო თავისუფლებებში - 5.88. როგორც ვხედავთ, პოლიტიკური კულტურის მხრივ, ვითარება არ იცვლება, რამდენიმე კომპონენტში პროგრესი აშკარაა, მაგრამ ფიქსირდება უკუსვლა სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ. ეს, ალბათ, ისეთ საკითხებში ჩავარდნებით აიხსნება, როგორიცაა უმცირესობათა უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოქალაქეთა თანასწორობა კანონთან მიმართებაში (ეს ის საკითხებია, რომელთაც „ეკონომისტი“ რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებს).

საარჩევნო პროცესის კომპონენტში საქართველოს რეიტინგის ზრდა, ცხადია, 2012 წლის არჩევნებით აიხსნება. ამ კომპონენტის შედგენისას ყურადღება ექცევა შემდეგ შეკითხვა/საკითხს: არის თუ არა რეალისტური ოპოზიციური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა. შესაბამისად, საქართველომ აქ დამატებითი ქულა მიიღო. მაგრამ რაოდენ კარგადაც არ უნდა ჩატარდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ამ კომპონენტში საქართველო მაქსიმალურ ქულას, წესით, კვლავაც ვერ მიიღებს, რადგან საარჩევნო კამპანიისას კვლავაც ჰქონდა ადგილი ძალადობას, არჩევნებში მონაწილე მხარეები კი კანონის მიხედვით თანაბარი შესაძლებლობებით კი სარგებლობენ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს მხოლოდ ფორმალობაა, რადგან პრაქტიკაში ბევრ ოპოზიციურ კანდიდატს შესაძლებლობები უფრო შეზღუდული აქვს (რეიტინგში ამასაც ექცევა ყურადღება).

ასეთია ქართული დემოკრატია ობიექტური შემფასებლების თვალით. მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავაც დიდ ტესტად ცხადდება. მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია - მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ არანაირად საკმარისი. გარდა ამისა, არჩევნები ის ტესტია, რომელიც საქართველომ ერთხელ უკვე განვლო. მეტიც, 2007 წელსაც კი ჩვენს ქვეყანას ამ კომპონენტში 7.92 ქულა ჰქონდა. ანუ ეს, ასე თუ ისე, განვლილი ეტაპია და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის სხვა სიმაღლეებზე გასვლაა საჭირო.

მაგრამ ამავე დროს ეს იმასაც ნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიისთვის არჩევნების ჩაგდება სერიოზული უკუსვლა და კატასტროფული უკანდახევა იქნება. საქართველო უკან დაიწევს იმ კომპონენტშიც კი, სადაც მან უკვე დიდი ხანია, წარმატებას მიაღწია და რომელზეც, წესით, ახლა ახალი წარმატებები უნდა დააშენოს.


მსგავსი სიახლეები

3199 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი