იტვირთება

ის რაც ბოლოს სირიაში მოხდა - რუსეთისა და ამერიკელების ურთიერთბრალდებები და საბოლოოდ მათ შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლა - გასაკვირი და მოულოდნელი, წესით, არ უნდა ყოფილიყო. მხარეები ერთმანეთს არანაირად არ ენდობიან. ამას ისიც ემატება, რომ პუტინს ობამა უუნარო ლიდერად მიაჩნია, რომელთანაც მას თითქმის ყველაფერი გასდის. ასადის ხელისუფლება გადასარჩენია და სანამ რუსეთი სირიაშია, მას თითქოსდა არაფერი ემუქრება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დრო მაინც ასადის წინააღმდეგ მუშაობს. ალავიტები უმცირესობაში არიან და ომში ნანახი დანაკარგები მათ ფიზიკური განადგურებით ემუქრება. სწორედ ამიტომ მოსკოვს უმძიმესი რეაქცია ჰქონდა ინციდენტზე, რომლის დროსაც ამერიკელთა დაბომბვას ასადის ერთგული რამდენიმე ათეული მეომარი ემსხვერპლა. პასუხად რუსებმა ჯერ ალეპოსკენ მიმავალი ჰუმანიტარული კონვოი დაბომბეს, შემდეგ კი თავად ალეპოს მიადგნენ. ამ ქალაქის დაბომბვამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ ყველას გროზნო გაახსენდა და არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული პრესაც რუსების ბარბაროსობაზე ალაპარაკდა.

მაგრამ ალეპოს დაბომბვა რუსეთთან ახალი დაპირისპირების მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. გამოქვეყნდა მალაიზიური „ბოინგის“ დაღუპვის შემსწავლელი კომისიის დასკვნა, რომელმაც დამნაშავედ რუსული მხარე გამოაცხადა. მოსკოვმა პასუხად წაყრუება და იგნორირება არჩია. მისთვის „ბოინგი“ საბოლოოდ მაინც, ალბათ, ერთ-ერთი დეტალი იყო, საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ არც ისე დიდი მასშტაბის. საპასუხო დარტყმას, რომელიც მალე შედგა, რუსეთი არა რაღაც კომისიის, არამედ უშუალოდ ამერიკის წინააღმდეგ ამზადებდა. თავად პუტინმა დუმაში სენსაციური კანონპროექტი შეიტანა, რომელიც ამერიკას ისეთი ხასიათის მოთხოვნებს უყენებს, როგორიც ამ ქვეყნისთვის, ერთ საუკუნეზე მეტი იქნება, არც ერთ სერიოზულ სახელმწიფოს არ წაუყენებია: უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანა, მაგნიტსკის აქტის გაუქმება, სანქციების მოხსნა და სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში... წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ვერც ვერაფერი, რუსეთი, უბრალოდ, 2000 წელს ამერიკასთან პლუტონიუმის უტილიზაციის ხელშეკრულებიდან გავიდა და იმუქრება, რომ ხელშეკრულებას აღარ დაუბრუნდება, თუკი ამერიკა ზემონახსენებ პირობებს არ შეასრულებს.

პლუტონიუმის უტილიზაცია ბევრს არაფერს ნიშნავს. მხარეები, უბრალოდ, შეთანხმებულები იყვნენ, რომ გარკვეული ოდენობის პლუტონიუმს გადაამუშავებდნენ ან გაანადგურებდნენ. თუკი რუსეთი ამას აღარ გააკეთებს, ეს საქმეს დიდად არ ცვლის, თუნდაც მაშინ, თუკი რუსეთი დარჩენილი პლუტონიუმით ახალ ბირთვულ ქობინებს დაამზადებს. მთავარი აქ არა შინაარსი, არამედ ტონია. ცხადია, რომ ამერიკა არც ერთ პირობას არ შეასრულებს, მით უმეტეს ასეთი მიმართვის შემდეგ.

მიმართვამ, ცხადია, საბოლოოდ დაასრულა ყველანაირი თანამშრომლობა სირიაში. მით უფრო, რომ რუსეთმა იქ უახლესი ანტისაჰაერო სისტემა განალაგა, რაც, ცხადია, ამერიკული ავიაციისთვის მოქმედებას გაართულებს. მოკლედ, ალბათ, ღირს დაფიქრებად და გარკვევად, რა უნდა რუსეთს და რა პერსპექტივები აქვს იმ კონფრონტაციულ გზას, რომელსაც ის დაადგა.

ცივი ომის იმიტაცია რუსულად

როგორც უკვე ვთქვით, ამერიკა პუტინის პირობების შესრულებას არც კი განიხილავს. მაგრამ ეს, ცხადია, მოსკოვშიც მშვენივრად იციან. იქ, ალბათ, ორი მიზანი აქვთ. პირველი - შიდა მხარდაჭერის მობილიზება, მეორე - ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საბრძოლველად მომზადება.

პირველი მარტივია. პუტინის ძლიერებას საზღვარი არ აქვს, მან არა მხოლოდ ყირიმი დაიბრუნა, არამედ ახლა ამერიკას ტუქსავს. ამერიკასთან ასე საუბარს მხოლოდ რუსეთი ბედავს და, შესაბამისად, რუსეთი ამერიკასავით ძლიერი თუ არა, მას შემდეგ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაინც არის. ასეთმა სასიამოვნო ფიქრებმა, წესით, ბევრ რიგით რუსს უნდა გადაავიწყოს ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რომლებიც მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზულად მოუმრავლდათ გაიაფებული ნავთობისა და დასავლური სანქციების გამო. აქამდე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბაქიბუქობდა, რომ სანქციებმა მათი ქვეყანა მხოლოდ თუ გააძლიერა, მაგრამ ამერიკისთვის სანქციებით მიყენებული ზარალის გამო კომპენსაციის მოთხოვნა სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

მეორე ცოტა უფრო რთულია. ობამა მიდის და, წესით, ის ჰილარიმ უნდა შეცვალოს. ჰილარი რუსეთთან მიმართებაში გაცილებით ხისტი იქნება, ვიდრე ობამა იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა სირიის თაობაზე რუსეთთან შეთანხმებისთვის მიეღწია. მისი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ლამის კვირაში ერთხელ ხვდებოდა ლავროვს, არ კარგავდა რა იმედს, რომ, ბოლოს და ბოლოს, რუსებს რამეზე დაითანხმებდა. საქმეში ჩახედული რუსი მიმომხილველები წერდნენ, რომ ლავროვს კერის გულუბრყვილობაზე ეცინებოდა და მასთან მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებდა.

მაგრამ ჰილარის მსგავსი ილუზიები არ ექნება. მით უფრო, რომ საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთზე ძალიან ბევრი ითქვა და ითქვა მეტად უარყოფით კონტექსტში. ასე რომ, ჰილარის რომც არ უნდოდეს, რუსეთთან მაინც ძალიან მკაცრი ტონით საუბარი მოუწევს. ჩანს, კრემლში ამას უკვე კარგად ხვდებიან და ამიტომაც გადაწყვიტეს, ამერიკელებს დაასწრონ. ჰილარი ომის გამოსაცხადებლად მოვა (ცხადია, მეტაფორულად), მაგრამ ომი უკვე დაწყებული იქნება და შესაძლოა, ისეთი მძიმე სახეც ჰქონდეს მიღებული, რომ ჰილარი უკვე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე დაფიქრდეს. პლუტონიუმის უტილიზაციის ხელშეკრულებიდან გამოსვლიდან ორ დღეში რუსეთმა ამერიკასთან ატომურ საკითხებში სამეცნიერო თანამშრომლობის შეთანხმებაც გაწყვიტა. ჩანს, პუტინი აპირებს, ეტაპობრივად დაძაბოს ურთიერთობები პარალელურად, ახალი პრეზიდენტის ნერვების დაძაბვასთან ერთად.

ხოლო თუკი ობამას ტრამპი შეცვლის, ეს ყველა ვარიანტში უკეთესია მოსკოვისთვის. გაფუჭებული ორმხრივი ურთიერთობები ტრამპს უფრო მეტად დააშინებს და არაა გამორიცხული, მან ყველაფერი ობამას დააბრალოს და აქედან გამომდინარე, სერიოზულ დათმობებზეც წავიდეს. ასე რომ, პუტინის, ერთი შეხედვით, გიჟურ ნაბიჯში ლოგიკა ნამდვილად არის.

იმიტაციის საზღვრები

მოკლედ, როგორც ტაქტიკოსს, პუტინს ძნელად თუ ჰყავს ბადალი მთელ მსოფლიოში. მაგრამ რამდენ ხანს იმუშავებს მისი ტაქტიკა, რთული სათქმელია.

სირიაში ალეპოს დაბომბვებს ჯერჯერობით მხოლოდ ის შედეგი მოაქვს, რომ გერმანიაც კი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო შემოღებაზე ალაპარაკდა. ამას დაემატა მალაიზიური „ბოინგის“ კომისიის დასკვნაც. შესაძლოა, ამ ყველაფერს საბოლოოდ ახალი სანქციები არ მოჰყვეს, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთი, ალბათ, დიდი ხნით უნდა დაემშვიდობის მოქმედი სანქციების მოხსნაზე ოცნებებს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ევროპაში რუსეთისადმი ყველაზე ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებიც კი კრინტს აღარ ძრავენ ამ თემაზე. ხოლო ამერიკაზე საუბარი, საერთოდაც, ზედმეტია.

ცივი ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთის მთავარი მიზანი ამერიკისა და ევროპის გათიშვა იყო. პუტინმა ამას ერთხელ მიაღწია კიდეც, როცა 2003 წელს ერაყში ინტერვენციის გამო ამერიკამ გერმანელებთან და ფრანგებთან ურთიერთობები სერიოზულად გაიფუჭა. მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები დაალაგა, უკრაინაში აგრესიით კი პუტინმა ევროპელები და ამერიკელები კიდევ უფრო დააახლოვა. მას ვერც სნოუდენმა უშველა - რუსებზე მომუშავე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცერმა, რომელიც პუტინმა შეიფარა და საჯაროდ მოაყოლა, როგორ უსმენენ ამერიკელები ყველას, მათ შორის გერმანიის კანცლერსაც. ამ ინციდენტის გამო ამერიკულ-გერმანული ურთიერთობები გაცივდა, მაგრამ არც იმდენად, როგორც ეს მოსკოვში უნდოდათ. მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებამ კიდევ უფრო მეტად დააახლოვა ამერიკა და ევროპა. გერმანელ თუ ფრანგ პოლიტიკოსებს ძალიანაც რომ უნდოდეთ რუსეთთან შერიგება, ეს თუნდაც იმიტომ არ გამოვა, რომ რუსეთმა მშვიდობიანი ევროპელები დახოცა - ამ პოლიტიკოსთა ამომრჩევლები.

ევროპასთან შერიგების პერსპექტივა კიდევ გაჩნდებოდა, რუსეთმა რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აღიაროს, დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცეს და კომპენსაციაც გადაიხადოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი, რომ რუსეთი ახლა თვით ამერიკას ეჭიდავება და როგორ შეიძლება, მსგავს დათმობაზე წავიდეს (სხვა თუ არაფერი, მოსახლეობა ამას ვერაფრით გაიგებს). მეორეც, იყო ასეთი კაცი, რომელმაც თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიშიც მოიხადა, დამნაშავეებიც დათმო და კომპენსაციაც გადაიხადა. ამ კაცს კადაფი ერქვა. პუტინს საშინლად არ მოსწონს ის, რაც კადაფის თავს დატრიალდა და თუნდაც ამიტომ არ გააკეთებს ისეთს არაფერს, რაც ოდესღაც კადაფიმ გააკეთა.


მსგავსი სიახლეები

3191 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი