საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულმა დელეგაციამ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს ხმა არ მისცა. ეს რეზოლუციები უპრეცედენტოდ მკაცრი იყო რუსეთის მიმართ. მართალია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირდაპირ არ განსაზღვრავს ოფიციალურ პოლიტიკას, მაგრამ მისი რეზოლუციები მაინც გარკვეულ ზეწოლას ახდენს იმათზე, ვინც პოლიტიკას განსაზღვრავს.

რეზოლუციების მიღების შემდეგ რუსეთისადმი ლოიალობით ცნობილმა გერმანიის საგარეო მინისტრმა შტაინმაიერმაც კი გაამკაცრა ტონი მოსკოვის მიმართ და ეს მით უფრო აღსანიშნავი იყო იმის გამო, რომ ბერლინში ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის მორიგი შეხვედრა უნდა გამართულიყო.

შეიცვლებოდა რეალურად რამე რეზოლუციების მიღების შემდეგ? ალბათ, არც ისე. რეზოლუციები საბოლოოდ იმაში თუ შეიტანს წვლილს, რომ რუსეთს ევროკავშირი სანქციებს არ მოუხსნის. მაგრამ იყო ერთი ფაქტორი, რომელიც ბერლინსა და პარიზზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცილებით მეტ გავლენას ახდენდა - ვითარება სირიაში.

სირიამ ბოლო პერიოდში სერიოზულად გააფუჭა ფრანგულ-რუსული ურთიერთობები. რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე ფრანგული რეზოლუცია დაბლოკა, რის შემდეგაც პუტინის პარიზში ვიზიტი ჩაიშალა. მაგრამ სამაგიეროდ ფრანგების პრეზიდენტი ოლანდი პუტინს ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრაზე ნახავდა და, წესით, სირიის ჯავრი ნაწილობრივ მაინც უნდა ეყარა უკრაინის საკითხზე.

ცხადია, სირიაში შექმნილი ვითარებით არც ბერლინში არიან აღფრთოვანებულები. იქ ჩასულ პუტინს დემონსტრანტები გასისხლიანებული სათამაშო დათვებით დახვდნენ. ამას პუტინზე, ცხადია, დიდად არ უმოქმედია, მაგრამ სამაგიეროდ მსგავსი რაღაცები საბოლოოდ მოქმედებს გერმანიის მთავრობაზე - სულაც რომ არ აინტერესებდეთ სირია, ასეთ დემონსტრაციებს იქ რაღაც ანგარიში უნდა გაუწიონ.

პუტინამდე ბერლინში პოროშენკო ჩავიდა და მერკელსა და ოლანდს ცალკე ესაუბრა. ეს თითქოსდა კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ პუტინს მძიმე გამოცდა ელოდა.

და კიდევ ერთი - ზემოჩამოთვლილი გარემოებებიდან ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ თუნდაც სიმბოლურად საინტერესო - ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრამდე ააფეთქეს აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიდერი, მეტსახელად მოტოროლა.

შეხვედრა მართლაც მძიმე გამოდგა, თუმცა არამხოლოდ პუტინისთვის. პოროშენკო არაფერს თმობდა. რახან თანხმდებოდა, რომ უკრაინული პრობლემა მინსკის შეთანხმებების ფორმატში უნდა მოგვარდეს, პოროშენკო მოითხოვდა, რომ პირველ რიგში შესრულებულიყო შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონტროლის დაწესებას გულისხმობს. მაგრამ მინსკის შეთანხმების მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ იქ პუნქტები დროში არაა გაწერილი.

ამიტომაც პოროშენკოს საპასუხოდ პუტინს შეეძლო, ეთქვა, რომ სხვა პუნქტები უნდა შესრულდეს: მაგალითად, აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარება, იქაური სტატუსის განსაზღვრა და ა.შ. ამიტომ საბოლოოდ საქმე იქამდე მიდიოდა ხოლმე, რომ მერკელს პოროშენკო ცალკე გაჰყავდა სასაუბროდ, მაგრამ, როცა შებრუნდებოდნენ, ყველაფერი ხელახლა იწყებოდა.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ პოროშენკო პირველი გავიდა ჟურნალისტებთან (ეს, უბრალოდ, იმ მიზეზით, რომ დარჩენილ სამეულს უკვე სირიაზე უნდა ემსჯელა) და მათ ამცნო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს საპოლიციო უნდა შევიდეს და რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარიც ეუთომ უნდა გააკონტროლოს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა თუ სირიის მიუხედავად, ეს ზღაპარს ჰგავდა.

მსგავსი შეთანხმების მიღწევა არავინ დაადასტურა და გაირკვა, რომ შეთანხმდნენ მხოლოდ იქ უკვე არსებული ეუთოს მისიის გაძლიერებაზე (რომელიც რეალურად ვერაფერს ახერხებს). გაირკვა ისიც, რომ არანაირ ახალ შეთანხმებებზე ხელი არ იქნა მოწერილი. უბრალოდ, მოილაპარაკეს, რომ გააგრძელებენ მუშაობას საგზაო რუკაზე. მოკლედ, მინსკი მინსკად დარჩა და სხვანაირად წარმოუდგენელი იყო, თუნდაც გამომდინარე ამ შეთანხმების შინაარსიდან. თუმცა ის, რომ ამჯერად პოროშენკოს არაფერი დაუკარგავს და დაუთმია, უკვე აღსანიშნავი ფაქტია.

პოროშენკოს წასვლის შემდეგ კი, როგორც ვთქვით, სამეული სირიაზე გადაერთო. აქ რუსეთი, ალბათ, უფრო რთულ სიტუაციაშია. თუკი ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ რუსეთს აქვს გარკვეული უფლებები უკრაინაზე, სირია სულ სხვაა, მით უმეტეს, საფრანგეთისთვის, რომელიც ოდესღაც თავად იყო სირიის მეტროპოლია.

სირთულეს განაპირობებს არა მხოლოდ ალეპოს ჰუმანიტარული კატასტროფა, რაზეც უკვე ევროპაში საზოგადოებრივი აზრის დადუმება შეუძლებელია, არამედ ის გარემოებაც, რომ ერაყული არმია ადგილობრივი მოკავშირეებისა და ამერიკის დახმარებით მალე, ალბათ, ისლამურ სახელმწიფოს მოსულს გამოგლეჯს ხელიდან. ეს დასავლეთის უდიდესი წარმატება იქნება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის საქმეში, მაშინ როცა რუსეთმა სირიაში თავისი სამხედრო ოპერაცია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის დროშით დაიწყო და ბოლო რამდენიმე თვეა, ალეპოს ბომბავს, სადაც ისლამური სახელმწიფო საერთოდ არაა წარმოდგენილი.

ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან უკვე პუტინიც გავიდა. ის საკმაოდ უხალისოდ გამოიყურებოდა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გარკვეული დროის განმავლობაში არ განაახლოს დაბომბვები. შემდეგ ისევე უხალისო სახით ჟურნალისტებს სახლებში წასვლა და დასვენება უსურვა.

ოლანდმა კი შეხვედრის შემდეგ რუსეთის ქმედებებს სირიაში „დანაშაულებრივი“ უწოდა. რაც შეეხება მასპინძელს, მერკელმა განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, სირიის გამო ევროკავშირის ახალ სამიტზე რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესონ (უკრაინის გამო დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბარი საერთოდ აღარაა).

პუტინის პირველი საგარეო პოლიტიკური წარმატება სწორედ რომ ახლო აღმოსავლეთს უკავშირდებოდა, კონკრეტულად კი ერაყს. 2003 წელს ერაყში სამხედრო ოპერაციის გამო ამერიკამ ძალიან გაიფუჭა ურთიერთობები გერმანიასთან და საფრანგეთთან. ამით მაშინვე ისარგებლა პუტინმა და ორივე ქვეყნის ლიდერებს დაუახლოვდა (გერმანიის მაშინდელი კანცლერი შროდერი მოგვიანებით „გაზპრომშიც“ კი დაასაქმა). ბუშის მმართველობის ბოლომდე ამერიკამ ურთიერთობები, ფაქტობრივად, ვერც გამოასწორა. საფრანგეთიცა და გერმანიაც რუსეთის პოზიციებს ბევრ რამეში ითვალისწინებდნენ, მათ შორის ნატო-ში საქართველოს მიღება-არმიღების საკითხში.

ობამამ გაპრეზიდენტების შემდეგ გერმანიასა და საფრანგეთთან შერიგებას დიდი ენერგია დაახარჯა. ერთი პერიოდი თითქმის ყველაფერი ჩაიშალა, როცა რუსების ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი სნოუდენი რუსეთში გაიქცა და იქიდან პუტინის სასიხარულოდ მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ ამერიკელები ყველას უსმენდნენ, მათ შორის მერკელსაც.

მაგრამ ამერიკასა და ძველ ევროპას შორის ურთიერთობებს სულ მალე ისევ რუსეთმა უშველა ყირიმის ანექსიით.

ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინს, ალბათ, კიდევ ჰქონდა ბერლინსა და პარიზთან ურთიერთობების გადარჩენის შანსი, მაგრამ სულ მალე რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო ომი.

და მაინც, რაღაც შანსი კიდევ არსებობდა. ბერლინსა და პარიზში, ცოტა არ იყოს, უკვე მობეზრდათ უკრაინის მთავრობის უნიათობა და უუნარობა - ქვეყანას ისევ კორუფცია ჭამს, რეფორმებზე საუბარი მხოლოდ საუბრად რჩება. რამდენი ხნის განმავლობაში უნდა იცავდეს ევროპა ამ უნიათოებს? ღირს კი მათ გამო რუსეთთან სამუდამოდ წაკიდება? ხომ არ მოვიდა დრო, რომ სანქციებს გადახედონ? კრემლში იმედი ჰქონდათ, რომ ეს კითხვები სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმოდა ბერლინსა და პარიზში. პარიზში ერთი-ორჯერ ღიადაც კი გაისმა.

მაგრამ ამის შემდეგ რუსეთმა სირიაში დაიწყო ომი და ამით კიდევ ერთხელ გადაიკიდა ბერლინი და პარიზი.

ერაყი და სირია? წარმატებიდან კატასტროფამდე? ვნახოთ.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი