წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. ყოველს წელს ეს მონაცემები უარესდება

ირაკლი კუპრაძე: წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. ყოველს წელს ეს მონაცემები უარესდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.

უკვე მეექვსე წელია, რაც საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. 2020–2024 წლებში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი ჯამში 31 806-ს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში - 4,999-ს.
2024 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს 4 488-ით გადააჭარბა, რაც წინა 2023 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 1.7-ჯერ აღემატება. 2025 წლის პირველი ექვს თვეში დაფიქსირებული უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი კი უკვე აღემატება 2023 და 2024 წლების წლიურ მაჩვენებლებს.
ამრიგად, დემოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

19 ნოემბერს გადაცემაში „ღამის კურიერი“ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა: „დემოგრაფიული პრობლემები გვიდგას. მაგალითად, წინა წელს 5000-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. ყოველს წელს ეს მონაცემები უარესდება“.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კუპრაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ამასთან, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა სიკვდილიანობაც. შედეგად, ქვეყანაში შობადობის შემცირებასა და გარდაცვალების მატებას მოსახლეობის ბუნებრივი კლება მოჰყვა: 2024 წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვს 4 488-ით გადააჭარბა.

უარყოფითი ბუნებრივი მატება საქართველოში უკვე მეექვსე წელია ფიქსირდება. 2020-2024 წლებში გარდაცვლილთა რიცხოვნობა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას ჯამში 31 806-ით აღემატებოდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში 17 719 ბავშვი დაიბადა, ხოლო 22 718 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ბუნებრივი მატების მაჩვენებელი კვლავ უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4 999 ადამიანით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უკვე აღემატება 2024 წლის მთელი წლის მაჩვენებელს.

გრაფიკი 1: ბუნებრივი მატების მაჩვენებელი (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) 2014-2025 წლებში


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება. გასულ წელს კი შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.  შობადობის შემცირება, ძირითადად, ქვეყანაში რეპროდუქციული ასაკის ქალთა რაოდენობის კლებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ განპირობებულია როგორც მაღალი ემიგრაციით, ასევე 1990-იან წლებში შობადობის შემცირებით.

2015–2019 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდებოდა, რაც უმეტესად შობადობის კლების შედეგი იყო. გარდამტეხი აღმოჩნდა 2020 წელი - ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა ბუნებრივი მატების უარყოფით მაჩვენებელი. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა 2021-ში, როცა ბუნებრივი კლება რეკორდულად გაიზარდა, რაც განპირობებული იყო დაბალი შობადობით და COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სიკვდილიანობის მკვეთრი მატებით. 2022 და 2023 წლებში სიკვდილიანობის შემცირების მიუხედავად, ბუნებრივი მატება კვლავ უარყოფით დარჩა - ამჯერად მთავარი პრობლემა შობადობის მკვეთრი ვარდნა იყო. 2024 წელს ორივე მაჩვენებელი კვლავ გაუარესდა: შობადობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, ხოლო სიკვდილიანობა ისევ გაიზარდა.

2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, დემოგრაფიული ვითარება კიდევ უფრო მძიმე გახდა - ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი არათუ შენარჩუნდა, არამედ 2023 და 2024 წლების წლიურ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.