იტვირთება

ორიოდე კვირის წინ ბერლინში ნორმანდიის ოთხეულის შეხვედრაზე პუტინმა ვლასდისლავ სურკოვი იახლა - ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთში სანქციები მოქმედებს. სურკოვი დიდი ხანია, კრემლის რუხ კარდინალად ითვლება და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ყირიმის ანექსიის პროცესში მან სერიოზული როლი ითამაშა. წესით და რიგით, ეს ადამიანი ევროკავშირის ტერიტორიაზე ვერ უნდა შესულიყო, მაგრამ ის თავად პუტინმა ჩაიყვანა და ამიტომ სანქციებმა ვერ იმუშავა. რუსეთის პრეზიდენტმა ამ ჟესტით კიდევ ერთხელ დასცინა დასავლეთს.

სულ ცოტა ხანში კი სკანდალი გასკდა. უკრაინელი ჰაკერების ჯგუფმა „კიბერხუნტამ“ გაავრცელა სურკოვის ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, რომლის მიხედვითაც რუხი კარდინალი წლის ბოლოდან უკრაინაში სიტუაციის ხელახალ არევას გეგმავს.

მიმოწერაში სხვა საინტერესო მომენტებიცაა. მაგალითად, იქიდან ირკვევა, რომ სურკოვი თოჯინებივით მართავდა და მართავს აფხაზ პოლიტიკოსებს. ამ ამბავმა სერიოზული აღშფოთება გამოიწვია აფხაზებში, რომლებიც აშკარად ვერ დაარწმუნა პუტინის პრესსპიკერის, პესკოვის განცხადებამ, რომ გამოქვეყნებული მიმოწერა ყალბია, რადგან „სურკოვს ელექტრონული ფოსტა საერთოდ არ აქვს“.

მართლაცდა დაუჯერებელია, რომ რუსეთის საუკეთესო პოლიტტექნოლოგს ელექტრონული ფოსტაც კი არ ჰქონდეს. პესკოვს, ალბათ, რაიმე უფრო დამაჯერებელი უნდა მოეფიქრებინა. მიმოწერა რომ ნამდვილია, ეს არაერთმა სერიოზულმა წყარომ დაადასტურა, და საერთოდ, ამ მიმოწერაში დაუჯერებელი არაფერი იყო.

მაგრამ აფხაზების აღშფოთებასა და მთლიანად მიმოწერის შინაარსზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი სულ სხვა რამეა: სურკოვის ელექტრონული ფოსტის გატეხა ერთეული და იზოლირებული აქტი იყო, თუ ეს რუსეთზე კიბერშეტევის დასაწყისია? ხომ არ დგანან უკრაინელი ჰაკერების უკან უფრო სერიოზული ძალები?

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ შეეგუებოდა კრემლიდან მართული ჰაკერების თავდასხმებს ამერიკულ სერვერებზე (მათ შორის კი დემოკრატიული პარტიის სერვერებზე) და ამგვარი გზით არჩევნებში უხეშ ჩარევას. „ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მათ ვუპასუხოთ“, - თქვა ბაიდენმა.

მოსკოვში ბაიდენის ამ გამოსვლას „უპრეცედენტო მუქარა“ უწოდეს, თუმცა იხტიბარი არ გაუტეხიათ და „უპრეცედენტო მუქარას“ მუქარებითვე უპასუხეს.

სურკოვის ფოსტის გატეხას, წესით, ასეთ შორეულ დასკვნებამდე არ უნდა წავეყვანეთ, რომ არა ის ფაქტი, რომ პუტინმა ის ბერლინში იახლა და მიმოწერის გამოქვეყნება სწორედ ამის შემდეგ შედგა. დამთხვევები დიდ პოლიტიკაში არ არსებობს და თუკი რუსეთს კარგი ჰაკერები ჰყავს, ამერიკას უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს.

ეს უკანასკნელი ფაქტი რუსეთშიც კარგად უწყიან. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა კიბერომისთვის მზადება დაიწყო და საამისოდ უპრეცედენტო ზომები მიიღო. მიღებულ იქნა სპეციალური კანონი, რომელიც ზღუდავს არარუსული ინტერნეტკომპანიებისა და სოციალური ქსელების მოღვაწეობას ქვეყნის ტერიტორიაზე. ყველა მათგანს მოეთხოვება, სერვერები რუსეთის ტერიტორიაზე განათავსოს, რათა ქვეყანა სწორედ იქიდან დაფაროს.

ეს კანონი დიდად სერიოზულად არავინ მიიღო, რადგან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება თავის მოსახლეობას „ფეისბუკსა“ და „გუგლს“ აუკრძალავდა. მაგრამ შესაძლოა, ეს დრო არც ისე შორს იყოს, რადგან გასულ კვირას რუსეთში აიკრძალა „ლინქდინი“. მიზეზი - კომპანიამ თავისი სერვერი რუსეთის ტერიტორიაზე არ განათავსა.

შეკითხვაზე, შეასრულეს თუ არა ეს მოთხოვნა „გუგლმა“ თუ „ფეისბუკმა“, ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ამ კომპანიების გეგმური შემოწმების დრო ჯერ არ მოსულა. ალბათ, გასაგებია, რომ ამ პასუხის სერიოზულად მიღება არ ღირს - რუსეთის ხელისუფლებამ ამ კომპანიების გაძევება ჯერ ვერ გაბედა, მაგრამ სამაგიეროდ გაბედა „ლინქდინის“ დახურვა. თანაც ამ ქმედებით საზოგადოების დატესტვაც განახორციელა. დიდი პროტესტი ამას არ გამოუწვევია. ასე რომ, დიდი შანსია, არც ისე დიდი ხნის შემდეგ რუსეთში „ფეისბუკი“ და „გუგლიც“ აიკრძალოს და რუსეთი თითქმის გაეთიშოს საერთაშორისო ქსელს.

სურკოვი და სხვა მისთანები „მეილრუ“-ს გამოიყენებენ, რომლის სერვერიც, რუსეთის გარდა, ნამდვილად არსად არ იქნება განთავსებული. პუტინმა ერთხელ პირდაპირ განაცხადა, რომ ინტერნეტი ამერიკული დაზვერვის პროექტია. ასე რომ, გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს.

ძველი სიმღერები მთავარ თემაზე

სურკოვის სკანდალიდან მალე ვალდაი კლუბში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც მრავალ სერიოზულ პოლიტოლოგს, პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს უმასპინძლა. მაგრამ კლუბის მუშაობას დიდი ყურადღება არ გამოუწვევია მანამ, სანამ იქ პუტინი არ მივიდა.

მის მისვლას კი კიდევ ერთი დამთხვევა მოჰყვა. „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინმა მკაცრად დატუქსა თავისი სამხედროები იმის გამო, რომ მათი ბრძანებით რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა შავ ზღვაში მყოფ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს სახიფათო მანძილზე ჩაუქროლეს. აქ აღსანიშნავი ისაა, რომ ამ ინციდენტს თვეების წინათ ჰქონდა ადგილი, მაგრამ „ბლუმბერგს“ პუტინის რეაქციის შესახებ „კრემლში არსებულმა კომპეტენტურმა და ზემდგომმა წყარომ“ რატომღაც მხოლოდ ახლა აცნობა, ვალდაიში პუტინის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე. მოკლედ, ჩანს პუტინს ან შერიგების სიგნალის გაგზავნა სურდა, ან...

შერიგების ნოტები კი პუტინის გამოსვლაში ნამდვილად გაისმა. მან თქვა, რომ ამერიკის არჩევნებში ჩარევას არ აპირებს და არც აპირებდა, რადგან ამერიკა „ბანანის რესპუბლიკა არ არის“, რომ მასზე ვინმემ გავლენა მოახდინოს, ამერიკა „დიდი ქვეყანაა“ (თუმცა ტრამპის მიმართ თავისი სიმპათიები მაინც ვერ დამალა, აღნიშნა რა, რომ ტრამპს „უბრალო ამერიკელები“ უჭერენ მხარს, რომელთაც მობეზრდათ „ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემა“).

საერთოდაც, მთელი გამოსვლის განმავლობაში პუტინი ამერიკას ასე იხსენიებდა ხოლმე - „ძლიერნი ამა ქვეყნისა“. პუტინმა, ასევე, მოისაწყლა თავი, როცა საუბარი შეეხო რუსულ პროპაგანდას: „სად ჩვენი და სად მათი შესაძლებლობები, ნეტა მე მქონდეს „ბიბისი“ და „სიენენი“, - თქვა მან (რამდენად სჯერა, რომ ეს არხები დასავლეთის პროპაგანდას ემსახურება, ეს სხვა ამბავია).

ასევე, თქვა, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, მით უმეტეს ნატოს წევრ სახელმწიფოებზე: „თქვენ 600 მილიონამდე იქნებით, ჩვენ კი 150 მილიონიც არ ვართ...“ და ა.შ.

მოკლედ, „ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია შემთხვევით არ იყო გაჟონილი და, ჯამში, ემსახურებოდა, ალბათ, არა იმდენად შერიგების მცდელობას (ასეთ მცდელობას აზრი არც აქვს, რადგან პუტინს აღარ ენდობიან), არამედ იმ შთაბეჭდილების შექმნას, რომ პუტინი შედარებით რაციონალური პოლიტიკოსია და რომ მის უკან კიდევ უფრო მეტად რევანშისტული და აგრესიული ძალები დგანან. რომ არა პუტინი, რომელიც თავისი უზარმაზარი ავტორიტეტით ამ ძალებს აკავებს, რუსეთის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად აგრესიული იქნებოდა.

ამიტომ იყო, როცა პუტინს მოდერატორმა (ჰარვარდის პროფესორმა) პენსიაზე მშვიდობიანი გასვლა უსურვა, რუსეთის პრეზიდენტი აშკარად გაცხარდა. მან გესლიანად მოიგერია აუდიტორიიდან წამოსული შეკითხვები იმის თაობაზე, როგორი იქნება რუსეთი მისი წასვლის შემდეგ და ხომ არ დადგა მემუარების წერის დრო.

და, ცხადია, თავის გამოსვლაში გვერდი არ აუარა დასავლეთის მიერ „საერთაშორისო სამართლის დარღვევის“ ფაქტებს. „ჩვენ არ დაგვიბომბავს ბელგრადი, ერაყი, ლიბია... დასავლეთმა შექმნა არასრულყოფილი საერთაშორისო სისტემა ბოლო 25 წლის განმავლობაში“, - ასეთი იყო ამ პასაჟების მოკლე შინაარსი, რომლიდანაც ლოგიკურად იკითხებოდა დასკვნა: დასავლეთმა 25 წლის წინათ რუსეთის გარეშე მოინდომა საერთაშორისო სისტემის შექმნა, რაც მისი მხრიდან არასწორი და უსამართლო იყო. ახლა რუსეთი თავისი ქმედებებით მხოლოდ ამ უსამართლობას ასწორებს. თუკი გინდათ, რუსეთმა პრობლემები არ შექმნას, რუსეთს ისეთივე უფლებები უნდა მისცეთ, როგორიც თქვენ გაქვთ.

2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა პირდაპირ განაცხადა კიდეც, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობდა. მაშინ მსოფლიომ ამას დუმილით უპასუხა. ამის შემდეგ საქართველოს უკრაინა და სირია მოჰყვა, რაც, პუტინის აზრით, ალბათ, უკვე საკმარისი უნდა იყოს, რათა მსოფლიო მიხვდეს, რომ ცივი ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი (რომელიც საბჭოთა კავშირის დამარცხების შედეგად შეიქმნა) წარსულს ჩაბარდა და ახალი წესრიგის შექმნის დროა. ეს წესრიგი სჯობს, პუტინთან ერთად განიხილონ, რომელიც, ისევ და ისევ, შედარებით ზომიერი პოლიტიკოსია...

„სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების მოსახლეობას, ჩვენდა სამწუხაროდ, მომავალი ხშირად შემაშფოთებლად და ბუნდოვნად ეჩვენება. მომავალი კი არ გვიხმობს, გვაშინებს“, - თქვა პუტინმა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალი „შემაშფოთებლად და ბუნდოვნად“ დარჩება, სანამ დასავლეთი რუსეთს არ დაუჯერებს? - ეს შეკითხვა მისთვის არ დაუსვამთ.


მსგავსი სიახლეები

3206 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი