იტვირთება

გასულ კვირას ორი მოსახდენი ამბავი მოხდა. აქედან ერთი უფრო სიმბოლური ხასიათის - გარდაიცვალა ფიდელ კასტრო. თუმცა, ამ უფრო მეტად სიმბოლურ მოვლენას ალბათ უფრო სერიოზული გავლენა ექნება მსოფლიო პოლიტიკაზე ვიდრე მეორეს, ერთი შეხედვით ნაკლებად სიმბოლურს და უფრო მნიშვნელოვანს - ოპეკმა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად ნავთობმოპოვება შეამცირა.

ეკონომიკური გარდაუვალობა

რვა წელი ნამდვილად დიდი დროა. თუმცა, აქედან სულ მცირე ოთხი წელი მაინც, ოპეკს ნავთობმოპოვების შემცირებისათვის არანაირი მიზეზი არ გააჩნდა. რვა წლის წინ, 2008 წელს ნავთობის ფასები 140 დოლარსაც კი სცდებოდა. ნავთობის მდგრადი გაიაფება სულ რაღაც ორი წლის წინ დაიწყო, როცა ამერიკაში ფიქლის ნავთობის მრეწველობა ბოლოსდაბოლოს ნორმალური დატვირთვით ამუშავდა. ამის შემდეგ ოპეკი მაინც უარს ამბობდა ნავთობმოპოვების შემცირებაზე, რაც ძირითადად ამ ორგანიზაციის წამყვანი წევრის, საუდის არაბეთის პოზიციით იყო განპირობებული. საუდელებს დიდი ოდენობით სავალუტო რეზერვები ჰქონდათ დაგრივილი და შესაბამისად, ნავთობის გაიაფება არც ისე აზარალებდათ. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს, ამერიკული ფიქლის ნავთობის მრეწველობა სიმტკიცეზე გამოეცადათ. მათმა ჩანაფიქრმა საბოლოოდ გაამართლა კიდეც, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ - ამერიკაში ფიქლის ჭაბურღილების ნაწილმა ნავთობზე დაბალი ფასების გამო მუშაობა შეაჩერა. საუდელების პოლიტიკას კიდევ რამდენიმე სამიზნე ჰქონდა, უპირველესად კი რუსეთი. 1999 წლიდან მოყოლებული, რუსეთი ოპეკის მეტოქედ იქცა. საკმარისი იყო ოპეკის მიერ ნავთობმოპოვების შემცირება (იმ პერიოდში კი ოპეკს ამის გაკეთება ხშირად უწევდა, რადგან ნავთობის ფასი მკვეთრად იყო დაცემული) რომ რუსეთი ამ დროს ნავთობმოპოვებას ზრდიდა და ბაზარზე გამოთავისუფლებულ ნიშას იკავებდა. როცა 2014 წლიდან მოყოლებული ნავთობის ფასი ქვემოთ წავიდა რუსეთი ალბათ ოპეკის მხრიდან იგივეს ელოდა, რაც არ მოხდა. ამას ის მოჰყვა, რომ კრემლიდან აქეთ შეეხმიანენ საუდელებს და შეპირდნენ, რომ რუსეთი პირველი შეამცირებდა ნავთობმოპოვებას, თუკი ოპეკიც ამას გააკეთებდა. მაგრამ საუდელებმა ესეც გაატარეს, რაც ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ისინი რუსების ოპერაციამ სირიაში ძალიან გააღიზიანა.

მაგრამ, აი, ოპეკმა გადაწყვიტა დღეში 1,17 მილიონი ბარელით შეამციროს ნავთობმოპოვება (რომელიც ახლა 32,5 მილიონზე ჩამოვა). მოსკოვმაც საპასუხოდ მაშინვე განაცხადა რომ თვითონ დღეში 300 ათასი ბარელით შეამცირებს ნავთობმოპოვებას. ამან მაშინვე იმოქმედა მსოფლიო ბაზარზე და ნავთობის ფასი საშუალოდ 10%-ით გაიზარდა და 50 დოლარს ასცდა. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, ეს გავლენა ბაზარზე რამდენად მდგრადი იქნება.

ოპეკსა და რუსეთში იმედოვნებენ, რომ 50 დოლარს ზემოთ ფასის დაფიქსირების პირობებში ამერიკული ფიქლის ნავთობის წარმოება დიდ სტიმულს ვერ მიიღებს და რომ, შესაბამისად, ახლა ბაზარზე გამოთავისუფებულ ნიშას ამერიკელები ვერ დაიკავებენ. ეს წესით ასეა, თუმცა აქ მეორე კითხვა ჩნდება - რამდენად დიდ შეღავათს მოუტანს 10%-იანი ზრდა თავად ოპეკსა და რუსეთს? ალბათ არც ისე დიდს, თუკი იგივე რუსეთმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები არ განახორციელა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამ მხრივ მცირე სარგებელი რუსეთს სანქციებმა გაუწია. იმპორტის დიდი ნაწილისათვის ბაზრის ჩაკეტვის შედეგად ქვეყანაში ადგილობრივმა წარმოებამ საგრძნობი სტიმული მიიღო. თუმცა, როგორც ახლახან პრემიერმა მედვედევმა აღიარა, იმპორტის ჩანაცვლება ბოლომდე მაინც ვერ ხერხდება და ჯერჯერობით სანქციების გამო რუსეთი ზარალს უფრო ნახულობს, ვიდრე სარგებელს.

ნავთობის ფასი შედარებით ნაკლებად ურტყამს საუდელებს, რომელთაც ნავთობის მოპოვება ძალიან იაფი უჯდებათ. გარდა ამისა, ისინი ბოლო დროს თამამ რეფორმებს ატარებენ რამაც ნავთობზე მათი დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ამას ემატება სავალუტო რეზერვები, რომელიც კვლავ საკმაოდ დიდი ოდენობით აქვთ დარჩენილი.

საინტერესოა, რომ ოპეკის მიერ ნავთობმოპოვების შემცირება არ შეეხო ირანს. პირიქით, ამ ქვეყანამ ნავთობმოპოვების გაზრდა გადაწყვიტა, რაც ორგანიზაციაში არავის გაუპროტესტებია - ირანში სანქციების მოხსნის შემდეგ ნავთობმოპოვება სრული დატვირთვით არ ამუშავებულა (და ალბათ კიდევ საკმაო ხანს ვერ ამუშავდება) და აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება სამართლიანი და ლოგიკური ჩანდა. ნავთობმოპოვების შემცირების ლომის წილი საკუთარ თავზე ისევ საუდელებმა აიღეს.

მოკლედ, ერთი რამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას - ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა სოლიდარობა გამოიჩინეს. მიაყენებს თუ არა მათ საპასუხო დარტყმას ფიქლის ნავთობის ბიზნესი, ეს ჯერ რთული სათქმელია. თუკი ტრამპი ამ საკითხს ყურადღებას დაუთმობს და ფიქლის ბიზნესს (ისევე როგორც მთლიანად ნავთობის მრეწველობას) დაეხმარება, მაშინ დარტყმა ალბათ სერიოზული იქნება და ნავთობის ბაზარზე ფასების ახალი ომი წავა. მაგრამ, იქამდე ჯერ ადრეა.

ეკონომიკური, პოლიტიკური და ბიოლოგიური გარდაუვალობა

თუკი ოპეკის გადაწყვეტილება ვინმეს უხარია, ეს პირველ რიგში ვენესუელაა. ეს ქვეყანა საწვავის გაიაფებამ კატასტროფამდე მიიყვანა, რადგან აწ განსვენებულმა უგო ჩავესმა ამერიკის ჯიბრით და ამომრჩეველთა გულის მოსაგებად თავი სოციალისტად გამოაცხადა. ვენესუელა ნავთობიდან მილიარდებს იღებდა, მაგრამ ჩავესისეული სოციალიზმის წყალობით ეკონომიკა ვერ ვითარდებოდა. გარდა ამისა, ჩავესი ნავთობის დიდ ნაწილს ანტიამერიკულ რეჟიმებს უგზავნიდა, უპირველესად კი ნიკარაგუასა და კუბას. ჩავესი და კასტრო დამეგობრდნენ კიდეც. კაუდილიოსა და კომანდანტეს ურთიერთობებზე ორი ქვეყნის კარის პოეტები ლექსებს თხზავდნენ (რაც დასავლეთის სასარგებლო იდიოტებმა მაშინვე აიტაცეს). როცა ჩავესს ოპოზიციამ გადატრიალება მოუწყო და კაუდილიო გაიტაცეს, თითქმის ყველამ ჩათვალა, რომ ვენესუელის ანტიამერიკული რეჟიმი წარსულს ჩაბარდა. მაგრამ, მოულოდნელად, ჩავესს მხსნელად ფიდელი მოევლინა - კომანდანტემ თავისი მეგობრის გამოსახსნელად კუბის ელიტარული სპეცრაზმი გაგზავნა, რომელმაც დაახლოებით ისეთივე სასწაული მოახდინა, როგორც ჰიტლერის მიერ მუსოლინის გამოსახსნელად გაგზავნილმა ლეგენდარული ოტო სკორცენის სპეცრაზმმა - ჩავესი გადაარჩინეს ისევე, როგორც მუსოლინი. ამის შემდეგ კუბა - კასტროს სოციალიზმის ხელში მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ქცეული კუნძული - კიდევ უფრო მეტ ნავთობს იღებდა ვენესუელასგან, ხოლო კაუდილიო და კომანდანტე კი კიდევ უფრო დამეგობდრნენ.

როგორც ცნობილია, კაუდილიო 2013 წელს გარდაიცვალა. მალე ამას ნავთობის გაიაფებაც მოჰყვა, რამაც ვენესუელა მძიმე დღეში ჩააგდო და სხვების დასახმარებლად აღარ სცხელოდა. კასტრო უკვე წლების განმავლობაში ლოგინს იყო მიჯაჭვული და ყველა ხვდებოდა, რომ მისი რეჟიმის დღეები დათვლილი იყო. ამან კარგი შანსი მისცა ობამას კუბასთან დიდი ხნის გაწყვეტილი ურთიერთობები აღედგინა. გაზაფხულზე ობამა კუბას ეწვია კიდეც, თუმცა მისი ზეიმი აშკარად გააფუჭა რაულ კასტროს (ფიდელის ძმისა და მარჯვენა ხელის) არამეგობრულმა ჟესტმა, როცა მან ამერიკის პრეზიდენტს ხელი არ ააწევინა.

ფიდელის გარდაცვალებას ობამა მწუხარებით შეხვდა, ტრამპმა კი ამ დროს კასტროს სასტიკი დიქტატორი უწოდა. აქ გათამაშდა დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ანეკდოტი - უფრო მეტად, კასტრო დაიტირეს მემარცხენეებმა, რომლებიც ტრადიციულად ადამიანის უფლებებზე აკეთებენ აქცენტს და რომლებმაც ხმა ტრამპს არ მისცეს. ტრამპი კი კუბელ ხალხს თავისუფლებას და კასტროს მემკვიდრესობის ლიკვიდაციას შეჰპირდა. ვნახოთ, აასრულებს თუ არა ტრამპი ამ მუქარას, თუ ესეც უბრალოდ მის წინასაარჩევნო დაპირებად დარჩება - არჩევნების წინ იგი კუბას დიპლომატიური ურთიერობების ხელახალი გაწყვეტით ემუქრებოდა და ალბათ ამის წყალობით მოიგო ფლორიდა, სადაც კასტროს რეჟიმისგან გამოქცეული უამრავი კუბელი ცხოვრობს.

კასტროს გარდაცვალება არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაუვალობაც იყო. მისი და ჩავესის სოციალისტური ექსპერიმენტები კატასტროფით დასრულდა. ამერიკის ჯიბრზე კუბის გამოკვება მანამდე იყო შესაძლებელი, სანამ ნავთობი ძვირი იყო. ფიქლის ნავთობმა ამას ბოლო მოუღო. კასტროს უსასტიკეს რეჟიმს ინერციით სასარგებლო იდიოტები კვლავაც ასხამდნენ ხოტბას - წვერებიანი კომანდანტე და ასევე წვერებიანი ჩე გევარა რომანტიკულ გმირებად ჩანდნენ იმ ხალხის წარმოსახვაში, რომლებიც კუბაზე საერთოდ არ იყვნენ ნამყოფნი და ალბათ ძნელად დაიჯერებდნენ იმ ამბავს, რომ „თავისუფლების კუნძულზე“ ინტერნეტის გამოყენებისთვის ციხით სჯიან. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი და ამერიკა (და მათთან ერთად მთელი მსოფლიო) ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგნენ, როცა ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით კუბაზე რუსებმა ბირთვული იარაღი განალაგეს. როგორც ცნობილია, საბოლოოდ კრიზისი მშვიდობიანად მოგვარდა და კუბიდან რუსებმა ბირთვული იარაღი გაიტანეს. მაგრამ, ბევრმა ალბათ არ იცის, რომ კასტრო იარაღის გატანას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ მზად იყო ამერიკის წინააღმდეგ ეომა, თუნდაც მისი ქვეყნის სრული განადგურების ფასად.

მაგრამ, რომანტიკა აუცილებლად მთავრდება მას შემდეგ, როცა მთავრდება ფული.

მსგავსი სიახლეები

3199 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი