ხეირი მკვლელობიდან

თურქეთში რუსეთის ელჩმა ალეპოს ცოდვები გამოისყიდა - ასეთი შეფასება გააკეთა ერთმა მიმომხილველმა. მართლაცდა, თუკი ალეპოს მიწასთან გასწორების გამო თურქეთში ანტირუსულმა განწყობებმა იმატა, ელჩის მკვლელობამ ყველაფერი გაანეიტრალა. თურქეთმა მაშინვე მკაცრად დაგმო ყველაფერი და მობოდიშებისთვის ყველა შესაძლო ჟესტი გააკეთა, რუსეთმა კი მობოდიშება ჯენტლმენურად მიიღო. ისე მოხდა, რომ მკვლელობიდან სულ რამდენიმე საათში მოსკოვში თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო მინისტრების შეხვედრა უნდა გამართულიყო. ამ შეხვედრას მომხდარის გამო არა მხოლოდ არანაირი ჩრდილი არ მიადგა, არამედ პირიქით - მხარეებმა სირიის საკითხში (რის გამოც ისინი ხვდებოდნენ) კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

რამდენიმე დღეში პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისიც კი განაცხდა, რომ როცა რამდენიმე თვის წინ თურქებმა ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო მოუბოდიშეს და განაცხადეს, რომ ეს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე მოხდა, მან ეს არ დაიჯერა. მაგრამ, მას შემდეგ რაც ელჩი მოკლეს, მას თვითმფრინავის ამბავიც სჯერა.

რამდენად სჯერა პუტინს რომ თვითმფრინავი ერდოღანის ჯიბრზე ჩამოაგდეს, მეტად რთული სათქმელია. მაგრამ, ის კი ფაქტია, რომ ელჩის მკვლელობიდან რუსეთმა ძალიანაც იხეირა.

ჯერ ერთი, რომ ამ ინციდენტმა გამოაჩინა რამდენად რთული ვითარებაა თურქეთში: ხელისუფლება სპეცსამსახურებს ვერ აკონტროლებს და, შესაბამისად, იგი სუსტია. სუსტი თურქეთი რუსეთის საუკუნოვანი ოცნებაა, რომელიც პეტრე პირველიდან მოყოლებული ოცნებობს სტამბულის მიტაცებაზე.

მეორე ის, რომ ერდოღანმა ელჩის მკვლელობაც გიულენს დააბრალა. რამდენად სჯერა პუტინს ამ ვერსიის რთული სათქმელია, მაგრამ მას ეს ვერსია ძალიანაც აწყობს, რადგან გიულენი კვლავაც ამერიკაში ცხოვრობს. ერდოღანი ხელს გიულენისკენ იშვერს, ანუ იშვერს ამერიკისკენაც. ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებაც რუსეთის ინტერესებში შედის. თუმცა, აქ უნდა ითქვას, რომ ამჯერად ერდოღანს ამერიკისგან გიულენის გადაცემა აღარ მოუთხოვია. ეს არა მხოლოდ იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ამერიკა ამას არ გააკეთებს, არამედ იმითაც, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების დაძაბვა თურქეთში ნამდვილად არ სურთ - მათ კარგად ესმით, რომ ეს მხოლოდ რუსეთის პოზიციებს თუ გააძლიერებს. მითუფრო, რომ თურქეთში ტრამპის იმედი აქვთ. ობამას ხელში ორმხრივი ურთიერთობები არც ისე კარგი იყო, რაშიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ობამასა და ერდოღანის პიროვნულმა შეუთავსებლობამ ითამაშა გარკვეული როლი. ახლა ჯერი ტრამპზეა. ანკარადან უკვე წამოვიდა განცხადებები, რომ თურქეთი ისურვებდა ამერიკასთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ თურქეთს არ შეუძლია დაუშვას ქურთული სახელმწიფოს შექმნა სირიაში... მოკლედ, ახალი არაფერია, ამერიკის ახალი პრეზიდენტისგან მოლოდინების გარდა...

და ბოლოს, ელჩის მკვლელობის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს თურქები იძულებულნი იქნებიან თავიანთ ტერიტორიაზე დაუშვან „ზასლონი“ - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სპეციალური განყოფილება, რომელიც უცხოეთში დიპლომატებს იცავს. თურქები „ზასლონს“ არსად არ აჭაჭანებდნენ და საამისოდ სრული საფუძველიც ჰქონდათ - მათი სპეცსამსახურები ძლიერი იყო და უცხოელ დიპლომატებს არაფერი ემუქრებოდათ. მაგრამ, რამდენიმე თვის წინ ჩავარდნილი გადატრიალების შედეგად ქვეყანაში ბევრი რამ აირია და ეს განსაკუთრებით ძალოვნებს შეეტყოთ. ჩატარებულმა წმენდამ საამაყო უსაფრთხოების სამსახურებს თავისი ხელი დაატყო, რამაც შედეგი გამოიღო. როგორც უკვე ვთქვით, ზოგადად ეს ფაქტი ძალიან აწყობს მოსკოვს. „ზასლონის“ თურქეთში ამოქმედება კი, უკვე კონკრეტული ხეირია.

ელჩის მკვლელობამ ბევრს გაახსენა 1914 წელს სარაევოში სერბი ტერორისტების მიერ ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა, რასაც პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. ისტორიული პარალელები იშვიათადაა ზუსტი. მაშინ ავსტრიელებს სერბების ეშინოდათ და ამიტომ მოინდომეს მომხდარი ფაქტი მათ გასასრესად გამოეყენებინათ. რუსეთს თურქეთის შიში ნამდვილად არ აქვს, ოღონდ მისი დასუსტება აწყობს. ელჩის მკვლელობამ დასუსტება გამოაჩინა, რამაც რუსეთს ძალიან ასიამოვნა და, შესაბამისად, ომისთვის მას არანაირი მიზეზი არ აქვს.

სამეული სირიაში

რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო მინისტრების შეხვედრა, რომელიც ალეპოს დაცემას მოჰყვა, შეიძლება სირიის სამოქალაქო ომის ახალ ეტაპად გამოვაცხადოთ. ასადის ოპოზიციამ დიდი დარტყმა მიიღო და მისი რეჟიმის ორი გულშემატკივარი (რუსეთი და ირანი) კმაყოფილია. თურქებს ასადი გულზე არასოდეს ეხატებოდათ, მაგრამ იმ მოვლენების შემდეგ, რაც ჩავარდნილ გადატრიალებას მოჰყვა, იძულებულნი არიან, რუსებს თამაშში აჰყვნენ იმ გათვლით, რომ ასადთან (და შესაბამისად რუსეთთან და ირანთან) მათ ერთი საერთო ინტერესი მაინც აქვთ - ქურთების არგაძლიერება. მოკლედ, სირიის პრობლემის მოგვარებაზე ამ სამმა სახელმწიფომ განაცხადა პრეტენზია, დანარჩენები კი, ჯერჯერობით დუმან. დანარჩენებში, უპირველესად, ცხადია ამერიკა იგულისხმება, რომელიც ისევ ძალაუფლების გადაბარების ეტაპზეა.

სამეულში ყველაზე ძლიერი პოზიციები რუსეთს აქვს. ალეპოს აღება მის გარეშე ვერ მოხდებოდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის კონფლიქტში დაახლოებით 160 ახალი იარაღი გამოსცადეს, რაც თავისთავად კარგია. ასადის რეჟიმი ამ ეტაპზე მაინც გადარჩენილია, რაც სულ ცოტა მომავალი დიდი ვაჭრობისთვის მოსკოვის პოზიციებს აძლიერებს.

მაგრამ, ალეპოს აღების შემდეგ, სულ მალე, ასადის ძალებმა მწარე მარცხი იგემეს პალმირაში, რამაც კარგად გამოაჩინა რამდენად მყიფეა ასადის პოზიციები (რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სირიის სამოქალაქო ომს დასასრულამდე კიდევ ბევრი უკლია). ამ უსიამოვნო მოვლენის ფონზე რუსეთს ორი არჩევანი აქვს: ან კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს კონფლიქტში რათა ასადს ომი საბოლოოდ მოაგებინოს, ან თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს და მოლაპარაკებები დაიწყოს ანკარასთან, თეირანთან (და შესაძლოა ვაშინგტონთანაც), რათა სირიაზე პასუხისმგელობათა გადანაწილება მოხდეს.

მოლაპარაკებები არც ისე იოლი იქნება, რადგან ასადის გადარჩენა ამ ოთხიდან მხოლოდ რუსებსა და ირანელებს აწყობთ. ტრამპის მხრიდან სირიის საკითხებში აქტიურად ჩართვა არც ისე იოლი წარმოსადგენია. მართალია, საარჩევნო კამპანიის დროს იგი ობამას ყველაფერში აკრიტიკებდა, მაგრამ ერთია კამპანიის დროს ნათქვამი და მეორეა ნამდვილი პოლიტიკა. ობამა სირიაში არ ჩაერია, მაგრამ ტრამპს ჯერჯერობით არაფერი ეტყობა იმის, რომ ამას გააკეთებს. მართალია, მხოლოდ ის თქვა, რომ ამერიკის უპირველეს მტრად რეგიონში ისლამური სახელმწიფო მიაჩნია, მაგრამ რამდენად ნიშნავს ეს იმას, რომ იგი მზადაა ამერიკელი ჯარისკაცები რუსების მხარდამხარ საომრად გაუშვას სირიაში?

სანამ რუსეთი წარმატებით ომობს, შინ მას არც ისე კარგად მიდის საქმე. ეკონომიკური კრიზისი არსად წასულა. თვითმფრინავების ჩამოვარდნა აშკარად დიდი პრობლემის ნიშანია. ჩრდილო სირიაში მეტ-ნაკლები წარმატებით ომობს თურქეთი, რომელსაც ასევე სერიოზული შიდა პრობლემები აქვს (ეს ელჩის მკვლელობამ გამოაჩინა). შედარებით უკეთ, სამეულიდან ირანი გამოიყურება, რომელიც სანქციების ახსნის შემდეგ ძალებს იკრებს. ახლახან მან მსხვილი კონტრაქტები გააფორმა „ბოინგთან“ და „ეარბასთან“ და საკმაოდ მალე განახლებული სამოქალაქო ავიაფლოტი ეყოლება. ქვეყანაში მსხვილი ინვესტორები ბრუნდებიან და მისი ეკონომიკაც ფეხზე დგება. რაც შეეხება სირიაში ჩართულობას, ირანი იქ ჩართულია, მაგრამ არც ისე ღიად. იგი თავისი ინტერესებისა და ამბიციების აფიშირებას არ ეწევა. მოკლედ, იგი არ ჩქარობს, რადგან აშკარად მიაჩნია, რომ ახლა დრო მასზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი