პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „მთავრობის მიერ გატარებულმა კვაზირეფორმებმა ტრანსპორტზე ფასი გააძვირა“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის იანვრიდან საწვავზე, მსუბუქ ავტომობილებზე და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაზარდა. ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრით, უფილტროზე კი 30 თეთრით გაიზარდა. ავტომობილების შემთხვევაში, აქციზის ზრდის ოდენობა ავტომობილის ასაკსა და ძრავის მოცულობაზეა დამოკიდებული.

უნდა აღინიშნოს, რომ აქციზის გადასახადი ე.წ. არაპირდაპირი გადასახადია (რაც იმას ნიშნავს, რომ ის პროდუქციის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის). აქედან გამომდინარე, აქციზის გაზრდილი გადასახადი თანდათანობით სრულად ან თითქმის სრულად საქონლის ფასში აისახება და, რა თქმა უნდა, მის გაძვირებას იწვევს.

როგორც აღვნიშნეთ, განხორციელებული ცვლილების შედეგად საწვავზე აქციზი გაიზარდა, კერძოდ, ერთ ლიტრ ბენზინზე ზრდამ 18 თეთრი, დიზელზე 22 თეთრი და 1 კუბმეტრ ბუნებრივ აირზე 12 თეთრი შეადგინა.

ცხრილი 1:

საწვავზე აქციზის განაკვეთის ცვლილება

დაბეგვრის ობიექტი 2016 (ლარი) 2017 (ლარი)
ბენზინი (ტონა) 250.0 500.0
დიზელი (ტონა) 150.0 400.0
ბუნებრივი აირი (1000 კუბ.მ) 80.0 200.0
ა/მ ზეთები, საპოხი საშ. 400.0 800.0

როგორც სპეციალისტთა

ნაწილი მიიჩნევს, აქციზის ზრდის მიზანი მოგების გადასახადის რეფორმის  შედეგად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში  მოსალოდნელი დანაკლისის დაბალანსებაა.

2017 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1 627 მლნ. ლარი უნდა შევიდეს, რაც 615 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. მთავრობის მიერ დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების  მიზეზებზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ აისახა აქციზის ზრდა საწვავის ფასებზე.

2016

წლის დეკემბერში (საწვავზე აქციზის გაზრდამდე), ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შემდეგი იყო:

  • „სუპერის“ ტიპის ბენზინი - 1.89-2.06 ლარი ლიტრზე;
  • „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი -1.79-1.89 ლარი ლიტრზე;
  • „რეგულარის“ ტიპის ბენზინი -1.59-1.69 ლარი ლიტრზე;
  • „ევრო დიზელის“-1.64-1.85 ლარი ლიტრზე
2017 წლის აპრილის მონაცემით, გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები შემდეგნაირია:
  • „სუპერის“ტიპის ბენზინი- 2.29-2.44 ლარი ლიტრზე;
  • „პრემიუმის“ ტიპის ბენზინი - 2.19-2.30 ლარი ლიტრზე;
  • „რეგულარის“ ტიპის ბენზინი - 1.99-2.10 ლარი ლიტრზე;
  • „ევრო დიზელის“- 1.99-2.25 ლარი ლიტრზე

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ყველა ტიპის საწვავი 35-41თეთრითაა გაძვირებული.

ნავთობპროდუქტებზე აქციზის მკვეთრი ზრდა სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების ფასებზე, ასევე ტრანსპორტის საფასურზე რომ მოახდენდა გავლენას, ამის ვარაუდს სპეციალისტები ცვლილების ძალაში შესვლამდე გამოთქვამდნენ. მართლაც, მიმდინარე წლის 8 მარტიდან თბილისში მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური 40 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა

და მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს გაუთანაბრდა. თუმცა, მუნიციპალური ტრანსპორტის სხვა სახეობების (ავტობუსი, გრძელ მანძილზე მოძრავი მიკროავტობუსები) ფასები ჯერჯერობით უცვლელი დარჩა.

მიმდინარე წლის მარტიდან მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაიზარდა ქუთაისში, გორში

და მარნეულშიც. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასები ჯერჯერობით უცვლელია.

2017

წლის აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.1% შეადგინა, საიდანაც 2.1% პუნქტი ტრანსპორტის გაძვირებაზე მოდის. ცალკე აღებულ ტრანსპორტის ჯგუფში ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.6%-ით გაიზარდა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.6%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.5%). ბოლო ერთ წელიწადში, დიზელის საწვავი 40%-ით გაძვირდა, ბენზინი 37%-ით, ხოლო გაზის საწვავი 22%-ით.

  დასკვნა

მიმდინარე წლის იანვრიდან საწვავზე, მსუბუქ ავტომობილებსა და თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. აქციზის ზრდამ აღნიშნული პროდუქტების ფასებიც გაზარდა (კერძოდ, საწვავის ფასი 35-40 თეთრით გაიზარდა).

საწვავის ფასის ზრდამ ტრანსპორტის გარკვეული სახეობების  10 თეთრით გაძვირება განაპირობა. კერძოდ, თბილისში 2017 წლის მარტიდან მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური გაძვირდა. მგზავრობის ტარიფი გაიზარდა აგრეთვე ქუთაისში, გორში და მარნეულში. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ტრანსპორტის ჯგუფის ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.6%-ით გაიზარდა. ასევე, სავარაუდოა, რომ (ამ სექტორზე ოფიციალური მაჩვენებლები არ არსებობს) აღნიშნულმა საგადასახადო ცვლილებამ ტაქსით მომსახურების საფასურის ზრდაც გამოიწვია.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი