სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სამთვიანი მუშაობის შედეგად კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი

შეიმუშავა, რომელიც საპარლამენტო განხილვებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვების ეტაპს გადის.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის არჩევის წესი იცვლება, კერძოდ, უქმდება მაჟორიტარული სისტემა და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 150 დეპუტატისგან დაკომპლექტდება.

ასევე, კანონპროექტით, მანდატების გადანაწილების ახლებური წესია შემოთავაზებული (ე.წ. Winner Takes All), რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას მიენიჭება.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი მოდელის მიხედვით, ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მანდატების გადანაწილება საარჩევნო კოდექსით დადგენილი სპეციალური ფორმულით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ პარტიათა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 77-ზე (დღეისთვის პროპორციული მანდატების მაქსიმუმი) ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში იმ პარტიებს დაემატებათ რიგითობის მიხედვით, რომლებსაც 6-ზე ნაკლები მანდატი აქვთ და ის 6-მდე შეევსებათ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დარჩება გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი მანდატების ამოწურვამდე რიგითობის მიხედვით იმ  საარჩევნო სუბიექტებზე გადანაწილდება, რომლებმაც შევსების გარეშე 6 მანდატზე მეტი მიიღეს.

მართალია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან დადებითად შეფასდა, თუმცა გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების შემოთავაზებული წესის ფონზე საპარლამენტო არჩევნების ახლებური სისტემის დემოკრატიულობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებით, გამარჯვებულისთვის ყველა გადაუნაწილებელი ხმის მინიჭება მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს არ შეესაბამება და პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის შეუსაბამოდ მაღალ დისპროპორციას იწვევს. უმრავლესობაში არ იზიარებენ ოპოზიციის შენიშვნებს, მათ „მათემატიკას უწუნებენ“ და მიაჩნიათ, რომ გამარჯვებული პარტია გადაუნაწილებელი მანდატების სახით მხოლოდ პატარა ბონუსს მიიღებს, რაც ოპონენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას არ მიანიჭებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების გადანაწილების ახლებური წესის მოქმედების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ბონუსის სახით მხოლოდ 8%-ს მიიღებდა და არა 20%-ს, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ. ფაქტ-მეტრმა ირაკლი კობახიძის ეს განცხადება გადაამოწმა და მიიჩნია, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამებოდა (იხ. სტატია). ირაკლი კობახიძის მსგავსად, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„წინა არჩევნების შემთხვევაში ის მოდელი რომ ყოფილიყო საარჩევნო სისტემისა რასაც ახლა გთავაზობთ, გადაუნაწილებელი მანდატები თქვენ გახსოვთ რომ იყო 30, 30-დან 18 მანდატი „ქართულ ოცნებას“ დადგენილი წესის შესაბამისად ისედაც ეკუთვნოდა, ესე იგი, დარჩენილი 12 მანდატია ბონუსი და არა 30. ვერაფრით გავაგებინეთ, ან არ იგებს ზოგიერთი ადამიანი, რომ 30 12-ს არ უდრის. ეს არის ბონუსი“.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების

მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48.68%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27.1%, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ - 5.01% მიიღო. შედეგად, პროპორციული წესით გათვალისწინებული 77 მანდატიდან „ოცნებამ“ - 37, „ნაციონალებმა“ - 20, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ 3 მანდატი მიიღეს. დარჩენილი 17 მანდატი არსებული წესის თანახმად გადანაწილდა, რის შედეგადაც „ოცნებას“ 7 მანდატი დაემატა და 44 მანდატი გაუხდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე 7 მანდატი და 27 მანდატი გაუხდა, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ 6 მანდატამდე შეევსო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოთავაზებული ახალი მოდელის თანახმად, გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება აღარ მოხდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც გადალახეს 5%-იანი ბარიერი და შევსების გარეშე მიიღეს 6 მანდატი. კანონპროექტის თანახმად, პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, ავტომატურად მიიღებს ყველა გადაუნაწილებელ მანდატს.

განვიხილოთ შემოთავაზებული მოდელი 2016 წლის არჩევნების შედეგების მაგალითზე. აღნიშნული მოდელის თანახმად (როცა მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს), მანდატები შემდეგნაირად განაწილდებოდა:

  • „ქართული ოცნება“ (48.68%-ის მხარდაჭერა) - 73 მანდატი
  • „ნაციონალური მოძრაობა“ (27.1%) - 40 მანდატი
  • „პატრიოტთა ალიანსი“ (5.01%) - 7 მანდატი
  • გაუნაწილებელი მანდატები - 30 მანდატი

ამდენად, გაუნაწილებელი 30 მანდატი პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ დაემატებოდა და 103 მანდატი გაუხდებოდა. შესაბამისად, გამარჯვებული პარტია ავტომატურად მანდატების 20%-ს მიიღებდა. სწორედ აღნიშნულ დანამატზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიცია, როდესაც 20%-იან ბონუსზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივა გაუნაწილებელი მანდატების არა ერთი პარტიისთვის ჩუქებას, არამედ ბარიერგადალახულ პარტიებზე მათ მიერ მიღებულ ხმათა პროპორციულ გადანაწილებას ითვალისწინებს. აღნიშნული მოდელის შემთხვევაში 2016 წლის არჩევნებში გაუნაწილებელი 30 მანდატი პროპორციულად სამ პარტიაზე გადანაწილდებოდა, რის შედეგადაც, „ქართული ოცნება“ - 18 (რაც მანდატების  12%-ს უდრის), „ნაციონალური მოძრაობა“ - 10 (6.6%), ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ - 2 (1.3%) მანდატს მიიღებდა.

ბონუსების პროპორციული განაწილების მოდელი და „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“ გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების ორი სხვადასხვა მოდელია. პროპორციული გადანაწილებით, გამარჯვებულ პარტიას („ქართული ოცნება“) 18 მანდატი ერგებოდა, რაც მანდატების საერთო რაოდენობის 12%-ია, ხოლო მეორე მოდელის თანახმად 30 მანდატი, რაც მანდატების 20%-ია. შესაბამისად, პროპორციული განაწილების შემთხვევაში ნაკლებია იმის შანსი, რომ გამარჯვებულმა პარტიამ არჩევნებში მიღებულ ხმებთან შედარებით შეუსაბამოდ ბევრი მანდატი მიიღოს.

თუკი მამუკა მდინარაძის განცხადებას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პრობლემა არა უმცირესობის მათემატიკაში, არამედ უმრავლესობის მიერ სიტყვა „ბონუსის“ განმარტებაშია. უმრავლესობა არ უარყოფს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული მოდელის თანახმად, გამარჯვებული პარტია 2016 წლის არჩევნებში დამატებით 30 მანდატს მიიღებდა, თუმცა ბონუსს უწოდებს არა მთლიანად გაუნაწილებელ მანდატებს (30 მანდატი), არამედ მხოლოდ იმ სხვაობას, რომელსაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი (სადაც "ოცნებას" 18 მანდატი შეხვდებოდა) და მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი იძლევა, ანუ 12 მანდატს.

ამასთან, მამუკა მდინარაძე განცხადებაში ფაქტობრივ შეცდომასაც უშვებს, როცა ამბობს რომ „30 მანდატიდან 18 მანდატი „ქართულ ოცნებას“ დადგენილი წესის შესაბამისად ისედაც ეკუთვნოდა“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18 მანდატი „ქართულ ოცნებას“ პროპორციული გადანაწილების შემთხვევაში ექნებოდა, ხოლო 2016 წელს დადგენილი წესი (საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი)

 გადაუნაწილებელი მანდატების რიგითობის მიხედვით გადანაწილებას ითვალისწინებდა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატები მათ ამოწურვამდე, რიგითობის მიხედვით ნაწილდება იმ  პარტიებზე, რომელთაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ, მანდატების შევსების გარეშე მიიღეს ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა, ანუ მინიმუმ 6 მანდატი. შესაბამისად, აღნიშნული წესის მიხედვით (სრულად პროპორციული სისტემის შემთხვევაში), გაუნაწილებელი 30 მანდატი თანაბრად გადანაწილდებოდა (10-10 მანდატი) სამივე პარტიაზე და „ქართული ოცნება“, მხოლოდ 10 მანდატს მიიღებდა და არა 18-ს, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ეს იმიტომ, რომ სრულად პროპორციული სისტემის შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების რაოდენობა 7 იქნებოდა და შევსება აღარ დასჭირდებოდა (150-ის 5% = 7 მანდატს).

ამასთან, მართალია უმრავლესობის წარმომადგენლები აღიარებენ რომ საერთო ჯამში შემოთავაზებული მოდელით მათი პარტია 30 მანდატს მიიღებდა საჩუქრად, თუმცა „ბონუსისთვის“ სხვადასხვა მნიშვნელობის მინიჭებით ისე წარუდგნენ საზოგადოებას, თითქოს გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ 8%-ზე იყოს საუბარი, რაც ცალსახად არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მით უმეტეს, რომ განმცხადებლები ხშირ შემთხვევაში არ ხსნიან ან შეცდომით ხსნიან, თუ როგორ ითვლიან ბონუსს.

  დასკვნა 2016

წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული მანდატების გადანაწილების ახლებური წესის მოქმედების შემთხვევაში, 48.68%-ის მხარდამჭერის მქონე პარტია 103 მანდატს მოიპოვებდა, საიდანაც 30 მანდატი მას უპირობოდ, საჩუქრად გადაეცემოდა, რაც მთლიანი მანდატების 20%-ს წარმოადგენს.

მამუკა მდინარაძის მხრიდან მხოლოდ იმ 8%-ზე (12 მანდატი) აპელირება, რომელიც რეალურად ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელით გათვალისწინებულ 12%-იანი ბონუსის ბონუსს წარმოადგენს, არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ამასთან, მდინარაძე შეცდომას უშვებს, როცა ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნებზე გაუნაწილებელი 30 მანდატიდან 18 მანდატი „ქართულ ოცნებას“ დადგენილი წესის შესაბამისად ისედაც ეკუთვნოდა, რადგან დადგენილი წესის შესაბამისად, „ოცნებას“ გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ 10 მანდატი დაემატებოდა. 18 მანდატი კი მხოლოდ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული პროპორციული გადანაწილების წესის შემთხვევაში დაემატებოდა.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი