ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკი"ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო" ამომრჩეველს საპენსიო დანამატებს ჰპირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს კითხვით მიმართა.

მისი თქმით, ზუგდიდელპენსიონერებს (ყველა ჯგუფი) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან25 ლარიან დანამატს ჰპირდებიან, რისი შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს პრემიების ხარჯის შემცირებით გააჩნია.

ფაქტ-მეტრიდაინტერესდა, რამდენად რეალისტურია აღნიშნული დაპირება.

სახელმწიფო პენსიის არსებობის მიზანი ხანდაზმული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების, მათი სოციალურ-ეკონომიკური უფლების დაცვა და რეალიზებაა, რომლის უზრუნველყოფა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, პენსიის გაცემა სახელმწიფო (ცენტრალური) ბიუჯეტიდან ხდება, რომლის ოდენობა მის ფინანსურ შესაძლებლობით განისაზღვრება. სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონით, მის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, შეჩერებას და გაანგარიშებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო

ახორციელებს.

საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი ვერ გასცემს პენსიას და, შესაბამისად, ამ დახმარების ფინანსური წყარო თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ვერ გახდება. თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდესის მე-16 მუხლით მუნიციპალიტეტს შეუძლია, გარდა მისი საკუთარი უფლებამოსილებისა, განახორციელოს სხვა ღონისძიებები, რაც სხვა ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება და კანონით არ არის აკრძალული. ამ კუთხით, ის უფლებამოსილია დაგეგმოს ღონისძიებები სოციალური დახმარების მიზნით. აქედან გამომდინარე, სოციალური დახმარების შესახებ კანონით

სოციალური დახმარების დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლით სოციალური დახმარება განიმარტება როგორც ნებისმიერი სახის ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისთვის, ღატაკი ოჯახისთვის ან უსახლკარო პირისათვის. მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური დახმარების გაცემისას, ბენეფიციარების განსაზღვრა უნდა მოხდეს მათ საჭიროებაზე დაფუძნებული შეფასებით, რომლის მიზნებსა და პრინციპებს ადგენს სოციალური დახმარების შესახებ კანონი.ამრიგად, ყველა პენსიონერზე არ შეიძლება გაიცეს სოციალური დახმარება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ფაქტ-მეტრი"ევროპულ საქართველოს" დაუკავშირდა. პარტიის წევრის, ირაკლი აბესაძისთქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს უფლება პენსიის გაცემის, თუმცა პარტიას შეუძლია აღნიშნული დაპირება სოციალური დახმარების ყველა კატეგორიის პენსიონერზე გაცემის სახით შეასრულოს.

„ეს კანონი [სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-18 მუხლი] ძალიან ცხადად, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ სოციალურ პროგრამებს ეხება. უფრო მეტიც, მითითებულია, რომ თუ იმ კატეგორიის ხალხზე, ვისაც სახელმწიფო აფინანსებს, ადგილობრივი თვითმმართველობა გასცემს სხვა ტიპის სოციალურ დახმარებას (ანუ, მათ ამ კატეგორიაზეც კი აქვთ სხვა სოციალური დახმარების მიცემის უფლება) და მათ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სახელმწიფოს. ასე რომ, ამ კანონის [სოციალური დახმარების შესახებ] გამოყენება არასწორია. რჩება მხოლოდ თვითმმართველობის კოდექსი, სადაც შეუზღუდავი შესაძლებლობაა სოციალური პროგრამების განხორციელების.ასევე, კანონის მე-2 მუხლში ცალსახად ნათქვამია, რომ კანონი მხოლოდ იმ სამი კატეგორიის [სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი, ღატაკი ოჯახი ან უსახლკარო პირი] ხალხზე ვრცელდება და ეს არ კრძალავს სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების მიცემას“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილში არსებული ჩანაწერი "სოციალური დახმარება", რაზეც ირაკლი აბესაძე საუბრობს, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის მიზნებისთვის უნდა განიმარტოს სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლის "ი" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობსსაჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელს, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის. გარდა ამისა, ამავე კანონის 24-ე მუხლით განისაზღვრა სოციალური დახმარების წყაროდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, რომლითაც მუნიციპალიტეტს უფლებამოსილება გააჩნია დამატებით დააფინანსოს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები. თუმცა, კანონი მიუთითებს ფულადი ფორმით სოციალური დახმარების ძირითად წყაროდ სახელმწიფო (ცენტრალური) ბიუჯეტს. ამასთან, ირაკლი აბესაძე ყურადღების მიღმა ტოვებს კანონის პირველ მუხლს: "ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს".

რაც შეეხება 25 ლარიანი დანამატის ფინანსურ უზრუნველყოფას, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, ზუგდიდში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 28 998 პირია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 ლარიანი საპენსიო დანამატის შესახებ დაპირების შესრულებას ყოველწლიურად თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტიდან8 699 400 ლარი დასჭირდება.

ცხრილი 1:ქალაქ ზუგდიდი მუნიციპალიტეტი (ათასი ლარი)
2015 2016 2017*
პრემია/დანამატი 623,0 656,5 220,6
შტატგარეშე დას. ანაზღაურება 115,1 175,9 143,2
სულ 738,1 832,4 363,8
ცხრილი 2: ზუგდიდი მუნიციპალიტეტი (ათასი ლარი)
2015 2016 2017*
პრემია/დანამატი 972,9 920,3 124,2
შტატგარეშე დას. ანაზღაურება 240,1 316,3 253,0
სულ 1 213,0 1 236,6 377,2
ცხრილი 3: ორივე მუნიციპალიტეტის ჯამი (ათასი ლარი)
2015 2016 2017*
პრემია/დანამატი 1595,9 1576,8 344,8
შტატგარეშე დას. ანაზღაურება 355,2 492,2 396,2
სულ 1 951,1 2 069,0 741,0
შენიშვნა* მიმდინარე წლის გეგმა

ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში (მერია/გამგეობა/საკრებულო) გასულ წელს პრემიის, დანამატისა და შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 2 069 000 ლარი შეადგინა. თუმცა, ეს მონაცემები არ მოიცავს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა პრემიებისა და დანამატების ხარჯებს. 2017 წლის ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი ასიგნება ჯამში 15 166 400 ლარია. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, ასევე მათ მიერ მისაწოდებელი სერვისის სხვა ხარჯებს. გარდა ამისა, მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისა და სკოლამდელი და სკოლისგარეშეგანათლების ხარჯებს. ამ ორი სერვისის მიწოდების ხარჯი 8 571 300 ლარია, რაც მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ექსკლუზიური (საკუთარი) უფლებამოსილებაა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონის ამოქმედებასთან[1]ერთად მუნიციპალიტეტს მოუწევს აღნიშული სერვისის მიწოდებისთვის დაფინასების გაზრდა. მათ შორის, აღმზრდელი პედაგოგების შრომის ანაზღაურების მატება[2], რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღევანდელი მდგომარეობით საშუალოდ 304 ლარია. ორივე მუნიციპალიტეტში ერთად, დასუფთავების და ბაღების დაფინანსების გამოკლებით, ა(ა)იპ-ების დაფინანსება 6 595 100

ლარია. ასევე, ამ თანხიდან ხდება მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება, სპორტული ობიექტების მოვლა-პატრონობა, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ორგანიზება, სპორტსმენების წახალისება და ტურნირებში მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება. ამრიგად, თვითმმართველობის უფლებამოსილებიდან გამომდინარეამ თანხიდან შრომის ანაზღაურების მოცულობის შემცირების გარდა სხვა ხარჯების დაზოგვა ნაკლებად შესაძლებელია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დახმარების სახით იღებს ტრანსფერს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ძირითადი შემოსავლის წყარო გათანაბრებითიტრანსფერით მიღებული თანხებია, ხოლო ამ ტრანსფერის მოცულობა დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის ხარჯებისა და საკუთარი შემოსავლების მოცულობაზე. იმ შემთხევაში, თუ საკუთარი შემოსავლები გაიზარდა, პროპორციულად შემცირდება ტრანსფერის მოცულობა, რაც ჯამში საერთო შემოსავლების ზრდას ვერ გამოიწვევს, სანამ მუნიციპალიტეტის ფინანსური კუთხით თვითკმარი არ გახდება. აქედან გამომდინარე, საკუთარი შემოსავლების ზრდით ვერ მოხდება 25 ლარანი დანამატისთვისსაჭირო თანხების მობილიზება. თუმცა, ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 95-ე მუხლი, საბიუჯეტო კოდექსის 66-ე და 71-ე მუხლები

მიუთითებს, რომ გათანაბრებითიტრანსფერი თვითმმართველი ერთეულის საკუთარი შემოსავალია, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად. როგორც საპენსიო უზრუნველყოფა, ასევე სოციალური დახმარება ამავე კანონით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. ამრიგად, მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს ვერ დააფინანსებს გათანაბრებითიტრანსფერის სახით მიღებული შემოსავლებიდან. მიმდინარე წელს ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობებში გათანაბრებითიტრანსფერის წილი 47%-ია, რაც 18 807 900 ლარს შეადგენს.

დასკვნა

პარტია "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს" დაპირების შესრულება ყველა პენსიონერისთვის 25 ლარიან საპენსიო დანამატთან დაკავშირებით, საკანონმდებლო კუთხით, საეჭვოა (აღნიშნული არა მხოლოდ ზუგდიდს, არამედ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს ეხება). მუნიციპალიტეტს შეუძლია დახმარების საჭიროებების მქონე პირებისთვის სოციალური დახმარების გაცემა, რომლის მიზანშეწონილობისა და საჭიროების დადგენა აუცილებელია თითოეული შემთხვევისას, რადგან სოციალური დახმარების პრინციპი საჭიროებების შეფასებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემაა და არა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გაცემული დახმარება. იმის გამო, რომ საკანონმდებლო ნორმები იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ზემოთ აღნიშნული საკითხი არ არის სათანადოდ მოწესრიგებული, შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ბენეფიციარი, გარდა სოციალური დახმარების შესახებ კანონით განსაზღვრული პირებისა, ასევე სხვა პირებიც გახდნენ. თუმცა, მუნიციპალიტეტი ვალდებულია სოციალური დახმარების მიმღებ პირთა წრე განსაზღვროს სოციალური დახმარების პრინციპებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს დახმარების მიმღებ პირებისთვის დახმარების საჭიროებას და მიზნობრიობას.

გარდაამისა, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ 25 ლარიანი დანამატის გაცემას წელიწადში8 699 400 ლარი სჭირდება, რისთვისაც საბიუჯეტო რესურსები, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.

თუმცა, ჩვენი შეფასებით, მუნიციპალიტეტს მისი ფინანსური შესაძლებლობით და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით (იმ შემთხვევაში, თუ სხვა მუნიციპალური სერვისების დაფინანსება არ გაიზრდება) შეუძლია სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე სოციალური დახმარების გაცემა, რომელიც დაფუძნებულია საჭიროების შეფასების სისტემაზე.

[1]

მომდევნო საბიუჯეტო წლიდან კანონის ისეთი მუხლები ამოქმედება, რაც უკავშრდება სასწავლო-სააღმზრდელო დროის ზრდას, კვების ნორმებს, ჯგუფების დაკმპლექტებას, რაც თავისთავად გამოიწვევს ხარჯების ზრდას.

[2] საქართველოს მთავრობა დადგენილების სახით ამტკიცებს აღმზრდელ-პედაგოგის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს, რითაც სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურებას უნდა გაუტოლდეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი