26 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკურ თოქ-შოუში „ამომრჩევლის პირისპირ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა:

„თბილისში, ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი გვაქვს“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

იმისთვის, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდექსი დადგინდეს, დაკვირვება იწარმოება მის შემადგენელ შემდეგ ნაწილაკებზე: მტვერზე, გოგირდის დიოქსიდზე, ნახშირჟანგზე, აზოტის დიოქსიდზე, აზოტის ოქსიდზე, მანგანუმის დიოქსიდსა და ტყვიაზე. მათგან, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ანგარიშების მომზადებისას კლასიფიკაცია ხორციელდება ატმოსფერულ ჰაერში 10 და 2.5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე მტვრის ნაწილაკების (PM2.5 და PM10) კონცენტრაციის მიხედვით. PM2.5 და PM10 ნაწილაკები წარმოადგენენ

მშრალი, მყარი ფრაგმენტების, სითხით სავსე მყარი ბადეებისა და თხევადი პატარა წვეთებისაგან შემდგარ ვარიაციულ კომბინაციებს. მათი გავრცელების სხვადასხვა გზა არსებობს - ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ხე-ტყის, ქვანახშირისა და გაზის წვა.

აღნიშნული მტვრის ნაწილაკების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია არის გაუარესებული ხილვადობის მიზეზი, ასევე მარილისგან ცლის ნიადაგს და აზიანებს ტყეებსა და მარცვლოვან კულტურებს. გარდა ამისა, PM2.5 და PM10 ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალებისა და ცხვირ-ხახის გაღიზიანება, ხველება და უჰაერობა, ასთმა, ფილტვების შესუსტებული ფუნქციონირება, გულ-სისძარღვთა დაავადების მქონე ადამიანების ნაადრევი სიკვდილი. ევროკავშირის მიერ დაწესებული სტანდარტების

მიხედვით, PM2.5-ის წლიური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 25 µg/m3-ს, ხოლო PM10-ის წლიური კონცენტრაცია - 40 µg/m3-ს.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება 8%-ით გაიზარდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის

მიხედვით, რომელშიც ასახულია მდგომარეობა 2014 წლის მონაცემებით, 2.5 მიკრონზე (PM 2.5) ნაკლები მტვრის ნაწილაკების დონე განვითარებად ქვეყნებში საგანგაშო ნიშნულზეა. საქართველო ევროპის მასშტაბით (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში ევროპის რეგიონის მონაცემებში ერთიანდება ცენტრალური აზიის შემდეგი სახელმწიფოები: თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ბოლოდან მე-12 ადგილს იკავებს და უკეთესი შედეგით გამოირჩევა, ვიდრე მონტენეგრო, სომხეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

image001 წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

მიუხედავად ამისა, იმავე კვლევის მონაცემების თანახმად, საყოფაცხოვრებო და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო გაცილებით უარეს მდგომარეობაშია და ევროპის მასშტაბით ბოლოდან მე-3 ადგილს იკავებს.

image003 წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდექსს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გავრცელებული მონაცემების (

აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლების მაჩვენებლებს) მიხედვით, კონტინენტის მასშტაბით ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა მაკედონიის ქალაქ ტეტოვოშია. შემდეგ მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინას ქალაქი ტუზლა, ხოლო მესამეა მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე. გარდა ამისა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან პოლონეთის ქალაქები: ჟივეცი, პრშჩინა, რიბნიკი და სხვ. ასევე, ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგადი, მაკედონიის ქალაქი ბიტოლა და მონტენეგროს ქალაქი პლიევლია.

ზემოაღნიშნულ ქალაქებთან შედარებით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ნაკლებად უარესი მდგომარეობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საძიებო ბაზის მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში PM10 ნაწილაკების კონცენტრაცია 55µg/m3-ისაგან (ევროკავშირის სტანდარტზე 15µg/m3-ით მეტი), ხოლო PM2.5-ის - 29µg/m3-ისაგან (ევროკავშორის სტანდარტზე 4µg/m3-ით მეტი) შედგება. შედარებისთვის, იმავე მონაცემების თანახმად, აბასთუმანში PM10-ის კონცენტრაცია 28µg/m3-ს, ხოლო PM2.5 - 15µg/m3-ს შეადგენს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის

 მიხედვით, თბილისში მტვრის საშუალო წლიური კონცენტრაციის მაქსიმალური მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2015 წლიდან შედარებით კლება დაიწყო.

  დასკვნა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ატმოსფერულ ჰაერში PM10-სა და PM2.5 მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია ქალაქ თბილისში აღემატება ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებს და შესაბამისად შეადგენს 55µg/m3-სა და 29µg/m3-ს. არსებული სიტუაციის სიმწვავეზე ისიც მეტყველებს, რომ საყოფაცხოვრებო და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ევროპის მასშტაბით ბოლოდან მე-3 ადგილზეა. თუმცა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების კონცენტრაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდებიან მაკედონიის, პოლონეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროსა და ბულგარეთის ქალაქები, რომლებიც ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის მქონე ქალაქების პირველ ათეულს წარმოადგენენ. ფაქტობრივად შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელ ადგილზეა თბილისი ჰაერის დაბინძურების მიხედვით ევროპის ქალაქებს შორის (არასრულყოფილი მონაცემების გამო). მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი თვალსაზრისით თბილისში ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი არ არის, დაბინძურების მაჩვენებელი მაინც საგანგაშოა.

ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი