იტვირთება

აჭარის ა/რ-ის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, უკვე არაერთი წელია, რაც გათვალისწინებულია ხარჯი ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის განხორციელების მიზნით. აღნიშნული პროგრამა რეგიონში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანულ განვითარებას, ამ მიზნით დაგეგმარების დოკუმენტების შედგენას, საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ახალი ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობას, დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილების მოწყობას ითვალისწინებს. პირველად პროგრამის დაფინანსების ხარჯი აჭარის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში მთავრობამ 2014 წელს გაითვალისწინა, 93 300 ლარის ოდენობით, რაც რეგიონის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შედგენისთვის იყო განკუთვნილი. მომდევნო ორ წელს, ამავე მიზნით, შესაბამისად, 196 500 ლარი და 128 200 ლარი იყო გათვალისწინებული.

2017 წელს პროგრამას სხვა ქვეპროგრამებიც დაემატა: შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარება; აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარება; ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. საერთო ჯამში, პროგრამის ხარჯმა 466 800 ლარი შეადგინა. 2018 წელს პროგრამისთვის 792 200 ლარი იყო განსაზღვრული. 2019 წელს ქვეპროგრამა „შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარება“ აღარ გვხვდება, მის ნაცვლად უკვე „სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა ფინანსდება. შარშან აღნიშნული ქვეპროგრამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი ხარჯის ოდენობა 1 427 600 ლარი იყო, ხოლო მთლიანი პროგრამისთვის 3 648 100 ლარის დახარჯვა დაიგეგმა. მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი ხარჯი გაზრდილია.

ცხრილი 1. ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ხარჯი აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2018 – 2020 წლების მიხედვით

2018 წელი (ფაქტი), ლ

2019 წელი (გეგმა), ლ

2020 წელი (გეგმა), ლ

შავი ზღვის სანაპირო ზოლში არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების ურბანული განვითარება (სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა)

119 900

1427 600

172 000

აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარება

0

500 000

1650 000

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა

672 300

1720 500

3150 000

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეპროგრამების შესრულების მაჩვენებელი, 2019 წლის სამი კვარტლის მიხედვით, დაბალია.

გრაფიკი 1. ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამაში შემავალი ქვეპროგრამების ხარჯი და განხორციელების მაჩვენებლები, 2019 წლის სამი კვარტლის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამი კვარტლის მიხედვით, დაგეგმილ ხარჯთან მიმართებით, შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „სივრცითი მოწყობის, დასახლებათა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას აქვს - 25,7%. სამინისტროს ინფორმაციით, შარშან ცხრა თვეში 358 200 ლარი უნდა გახარჯულიყო, თუმცა უწყებამ მხოლოდ 92 200 ლარი აითვისა. ქვეპროგამის ფარგლებში შესრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის საკურორტო ადგილის მთიანი ზონის დაგეგმარებისთვის წინამოსამზადებელი სამუშაო, დამუშავდა დაგეგმარების ძირითადი სქემა და დაზუსტდა საპროექტო არეალი. სამინისტროს განმარტებით, საკასო შესრულების დაბალი ნაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ დაგეგმილი იყო გონიოს საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლის ნაწილის ქალაქმშენებლობითი პროექტის შესყიდვა. თუმცა წლის ბოლოს, სამინისტროს პასუხის თანახმად, ჯერაც მიმდინარეობდა კონსულტაციები აზიის განვითარების ბანკთან. უწყებამ მოგვწერა, რომ კონსულტაციების საფუძველია გონიოს სანაპირო ზოლის დაგეგმარების საკითხის კომპლექსური გადაწყვეტის შესაძლებლობა, კერძოდ, ტერიტორიის დაგეგმარების პროცესში განხორციელდეს მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის დაპროექტებისთვის საჭირო წინასწარი კვლევებიც.

2019 წლის სამ კვარტალში აჭარის ტერიტორიაზე არსებული მთის კურორტების განვითარების ქვეპროგრამაზე 57 000 ლარი უნდა გახარჯულიყო, თუმცა საკასო შესრულება 42 500 ლარს ანუ 74,6%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში, თანხის სრულად აუთვისებლობის მიზეზად, სამინისტრო კონტრაქტორი კომპანიისთვის დაგეგმილი ავანსის გაუცემლობას ასახელებს. კონკრეტულად, საუბარია კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე. ამ მიზნით ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „არტსტუდიო-პროექტთან“. შემსრულებელ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა 42 500 ლარი. მან, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, წარადგინა კურორტის განვითარების ძირითადი მიმართულებები და ხედვები. სამინისტროს განმარტებით, მესამე კვარტალში, შემსყიდველს მიმწოდებლისთვის კიდევ 20%-ის ოდენობის ავანსი უნდა გადაერიცხა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ 15%-იანი საბანკო გარანტიის წარდგენა შეძლო.

საკასო ათვისების მაჩვენებელი „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შედარებით მაღალია. საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დაგეგმილი 1 573 100 ლარიდან გახარჯულია 1 333 600 ლარი ანუ 84,8%. აქედან 172 100 ლარი ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში დასასვენებელ-საპიკნიკე ადგილების (სულ - ორი ერთეული) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მოხმარდა; 151 700 ლარით დაფინანსდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოში საპიკნიკე ადგილისა და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგურის მშენებლობა, ხოლო 5 500 ლარით - ახალი აბონენტის დაერთება ელექტრომონარაგების ქსელზე (სამინისტრო განმარტავს, რომ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები სრულად არ იქნა ათვისებული, საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება საექსპერტო შეფასებით და რომ ეს ხელს არ უშლის ობიექტების გამართულად მუშაობას); ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის ღონისძიებებზე გაიხარჯა 568 800 ლარი, ელექტრომომარაგების ქსელზე დაერთების საფასური - 5 200 ლარი; ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილების განვითარების მიზნით, კვლევის განხორციელება და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე 385 900 ლარი დაიხარჯა, ხოლო გომარდულის ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკის შედგენასა და მოედნური გეოლოგიური კვლევისთვის გადახდილია 44 400 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში, დაბალი საკასო მაჩვენებელი, სამინისტროს ინფორმაციით, გამოწვეულია შესყიდვების დროს წარმოქმნილი ეკონომიით.

ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის მიმართ თავის კრიტიკული დამოკიდებულება არაერთხელ დააფიქსირა ოპოზიციამ. ფაქტ-მეტრისთვის გაკეთებულ კომენტარში აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა ცალკეული დასახლებების სივრცითი მოწყობის გეგმის მომზადებისას ადგილობრივ მოსახლეობას არც კი აგებინებს, რას გეგმავს, არ ეკითხება დარგობრივ უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორ და რა რესურსებით მოაწყობს ინფრასტრუქტურას ისე, რომ გაითვალისწინოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტერესები. მისივე განცხადებით, 2010-2012 წლებში, გოდერძის უღელტეხილზე ზამთრის კურორტის განაშენიანების გეგმით, გათვალისწინებული იყო დაბალი შენობები, ხოლო 2013-2019 წლებში გეგმა ხელისუფლებასთან დაკავშირებული კონკრეტული კომპანიების ინტერესების გამო შეიცვალა და მაღალი შენობებისა და აპარტოტელის აგება გადაწყდა, რაც კურორტს იერსახესა და მიმზიდველობას დაუკარგავს.

გია აბულაძის თქმით, სივრცითი მოწყობის გეგმები სამომავლოდ ვერ უპასუხებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიზნებს, ასევე ფინანსური დაუსაბუთებლობის გამო, მისი მიღწევა შეუძლებელი გახდება, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის განვითარებაზე, ამასთანავე, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას გამოიწვევს.

ინფორმაციისთვის, „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმის ბოლო ცვლილებით, კურორტზე დასაშვებია 8-სართულიანი შენობების აგება. ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილსა და სპეციალისტებს არ მოსწონთ და მიიჩნევენ, რომ იქ დაბალი განაშენიანება უნდა მოხდეს. ამ თემაზე დისკუსია სოციალურ ქსელშიც მიმდინარეობს.

გარდა ამისა, საკურორტო სეზონზე უმოქმედოდაა კურორტი გომარდული. გაურკვეველ მდგომარეობაშია სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ მენეჯმენტი და თვითონ მოსახლეობაც, რომელთა ნაწილიც სოფელს თანდათან ტოვებს. ეს ნიშნავს, რომ კურორტის განვითარება შეფერხებულია და ამ დროისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული თანხა შედეგის ადეკვატური არ არის.


მსგავსი სიახლეები

3064 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი