იტვირთება

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

27 მაისის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები უქმდება.

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო მუშაობას განაახლებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. ამასთან, ავტობუსებში და მიკროავტობუსებში კონდიცირება იკრძალება, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ნიავდებოდეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

1 ივნისიდან გაიხსნება: ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც; ასევე ყველა სახის (ღია და დახურული) ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამასთან, რესტორნები სრულად ამუშავდება და ყველა სახის მომსახურების გაწევას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, რომელებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმებას გაივლიან და სპეციალური ნებართვა ექნებათ.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. უკანასკნელი 10 დღის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 76% უკვე გამოჯანმრთელდა. 27 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 557 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა მთავრობა შეზღუდვების დაწესებას საგანგებო რეჟიმის გარეშეც შეძლებს

23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი აღარ იქნება, შესაბამისად კომენდანტის საათიც უქმდება. ამასთან, 3 პირზე მეტის საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

უქმდება სახლიდან გასვლის შეზღუდვა 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა რჩება რეკომენდაცია, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.

საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში რჩება. საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც.

საგანგებო რეჟიმის გაუქმების პარალელურად, 22 მაისს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას აძლევს. კერძოდ, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება, რაც გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის და სხვა უფლებების შეზღუდვას გულისხმობს. საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები დროებითია და ის ძალაში 15 ივლისამდე იქნება.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 23 მაისიდან, ძალაში რჩება შემდეგი სახის შეზღუდვები:

დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ასევე , სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.

ქვეყანაში სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდული რჩება.

რესტორნები და ბარები მომხმარებელს ადგილზე ვერ მოემსახურებიან.

სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა.

შეზღუდულია ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა.

სავაჭრო ცენტრები და მოლები დაკეტილია.

სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და სპორტული და კულტურული ღონისძიებები აკრძალულია.

აზარტული და მომგებიანი სათამაშო ბიზნესის საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებს.

ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.

22 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 495 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს 22 მაისის შემდგომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ზომები გამკაცრდა. სოფელ მუშევანთან ერთად, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებდა, სოფელ გეტაც ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. გასული 24 საათის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

18 მაისიდან, ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნება. ამასთან, 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ დაწესებული შეზღუდვები უქმდება, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა ძალაში რჩება. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება კვლავ აკრძალულია.

14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. 18 მაისიდან კი აღნიშნული შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნება.

15 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 393 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი.

11 მაისი - თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან, დედაქალაქში შემოსვლაზე და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. ამ ეტაპზე, საქართველოში ჩაკეტილი სამი ქალაქი - მარნეული, რუსთავი და გარდაბანი, რჩება. 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან კი მარნეული გაიხსნება.

11 მაისიდან, ყველა სახის წარმოება გაიხსნა. ასევე გაიხსნა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. დღეის მდგომარეობით, დაკეტილი მოლები და სავაჭრო ცენტრები რჩება.

10 მაისის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 უკვე გაიხსნა.

11 მაისის მონაცემებით, COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და გარდაიცვალა 1 მოქალაქე. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 317 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი.

4 მაისი - ხვალიდან შეზღუდვების ნაწილი უქმდება

5 მაისიდან ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპი ამოქმედდება. კერძოდ, დასაშვებია:

  • ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

5 მაისიდან ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები (შესვლა/გამოსვლა) მოიხსნება.

5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მუშაობას განაახლებენ (გარდა საკარანტინო ზონებისა). მუშაობა ახალი პრინციპით განახლდება, კერძოდ, მოქალაქეებმა შესაბამისი სერვისის მისაღებად ვიზიტი წინასწარ, პორტალზე - my.gov.ge., უნდა დაჯავშნონ.

ეტაპობრივად, აგრარული ბაზრებიც იხსნება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

4 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 223 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი.

24 აპრილი - ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებას და ბიზნესისთვის გარკვეული სახის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასაც მოიცავს. ეტაპებს შორის შუალედი დაახლოებით ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი 27 აპრილიდან ამოქმედდება და შესაძლებელი იქნება:

  • მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება (საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება);
  • ტაქსების ოპერირება;
  • ონლაინ ვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე;
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპზე დასაშვები იქნება:

  • მშენებლობა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • სამშენებლო მასალების წარმოება;
  • ავტო-სამრეცხაოების და ავტო-სერვისების საქმიანობა;
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპზე გაიხსნება:

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
  • ყველა ტიპის წარმოება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპზე ფუნქციონირებას გააგრძელებს:

  • სავაჭრო მოლები;
  • ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეხუთე ეტაპზე გაიხსნება:

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები;
  • ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით).

მეექვსე, ბოლო ეტაპზე აღდგება:

  • ასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
  • სასტუმროები;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • და ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).

ამ ეტაპზე, უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება.

24 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 132 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილი.

21 აპრილი - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება

21 აპრილს, მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება უკვე გამოსცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პარლამენტი ხვალ, 22 აპრილს იმსჯელებს.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.

მთავრობის ინფორმაციით, 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა.

21 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 97 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილი.

16 აპრილი - მთავრობა ზომებს ამკაცრებს

16 აპრილის მონაცემებით, COVID-19-ის 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, ახალი კორონავირუსის 348 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 76 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება.

17 აპრილიდან, დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

17 აპრილიდან, სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება.

STOP COVID აპლიკაცია შეიქმნა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, COVID-19-ის ადრეული გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ინოვაციური მობილური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა. აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში თუ იმყოფებოდა.

აპლიკაციის მსგავსი მოდელი, არა ერთმა ქვეყანამ გამოიყენა, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა.

აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან.

iOS -ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ ბმულიდან.

მთავრობის და ეკლესიის შეთანხმება - სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება

ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. ამასთან, ყველა საეკლესიო ღონისძიება (წირვა-ლოცვა; ზიარება) ჩატარდება.

15 აპრილს, საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათამდე დარჩება. დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი, მრევლი ეზოში განაწილდება. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა. აღნიშნულ შეთანხმებას ორივე მხარემ კომპრომისული უწოდა.

საქართველოს მთავრობა, ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

15 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ეკლესიაში და დარჩნენ სახლში.

16 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა: „არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. გვაპატიებს ღმერთი, რადგან მეტი ქართველი გადარჩება“.

COVID-19-ის ასიმპტომური გავრცელება

სწრაფი ტესტირების შედეგად, ქობულეთის კლასტერიდან 4 ადამიანს, სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამ ეტაპზე, მათ ვირუსი აქტიურ ფაზაში არ უფიქსირდებათ. აქედან გამომდინარე, მათ შესაძლოა, დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანეს.

სწრაფი ტესტით სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხდება. იმუნოგლობინი M დაავადების აქტიურ ფაზას აჩვენებს. იმუნოგლობინი G კი გადატანილ ინფექციას აჩვენებს. აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე Factcheck-თან საუბარში განმარტავს, რომ სწრაფი ტესტით 3 პაციენტს აღმოაჩნდა იმუნოგლობინი G, ერთ შემთხვევაში კი M და G იმუნოგლობინები. მათ ლაბორატორიულად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ინფიცირებული და დაავადება მსუბუქი სიმპტომებით ან უსიმპტომოდ გადაიტანოს. თუმცა ვირუსის გავრცელება ასიმპტომური ინფიცირებულებისგანაც ხდება.

14 აპრილი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება

14 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი აქამდე ყოფილა. ჯამში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 296 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან, 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამასთან, საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ 3 საქართველოს მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ Facebook-ზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა. „პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, გვქონდა 30 ახალი შემთხვევა, რაც საგანგაშოა. შემთხვევები უკვე ყველა სოციალურ ფენაშია... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე. თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში“.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან, საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, შესვლა-გამოსვლა იკრძალება. ამასთან, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, რომ მან პარლამენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით მიმართოს.

საერთაშორისო დახმარება - წინასწარი შეთანხმებით საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან წლის ბოლომდე 447 მლნ დოლარს მიიღებს. ამასთან, სახელმწიფო, ასევე წლის ბოლომდე, საერთაშორისო დონორების მხრიდან 1.5 მლრდ დოლარის ფინანსურ დახმარებას ელოდება.

მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას შეზღუდვებს არ დაუწესებს

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ.

ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის და ვირუსის გავრცელების მომეტებული რისკის მიუხედავად, ეკლესიები ღვთისმსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკლესიები არ დაიხურება, განსაკუთრებით აღდგომის ღამეს. ამავდროულად, პრემიერმა მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ აღდგომის დღესასწაულზე თავი აარიდონ შეკრებებს, მათ შორის ეკლესიებში, და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, წირვა-ლოცვაზე ნაკლებად აქტიურნი იყვნენ.

საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში და ხალხმრავლობა ტაძრებში

13 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 266-მდე გაიზარდა. მათგან, 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან გადმოყვანილია 3 საქართველოს მოქალაქე, რომელთაც COVID-19 უცხოეთში დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, ვირუსი გავრცელების პიკს სპეციალისტები აპრილის ბოლოსთვის ელოდებიან. ქვეყანა საგანგებო რეჟიმის მდგომარეობაშია, ზომები ყოველდღიურად მკაცრდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია, ტაძრებში კვლავ ხალხმრავლობაა. 12 აპრილს, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ბზობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტრადიციულად ჩატარდა, ეკლესიებში ხალხმრავლობა იყო. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ იზღუდება. ეკლესიებში ხალხმრავალი ღონისძიებების შეზღუდვისთვის საჭიროა, ცალკე ნორმატიული აქტის მიღება, რაც ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია.

12 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში სრული საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა.

10 აპრილს ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ლენტეხში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

9 აპრილი - საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს

9 აპრილს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართეს. „ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე“, - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ევროკავშირი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში გლობალური რეაგირების ფარგლებში, საქართველოს 183 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა „StopCoV-ფონდში“ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. შედეგად, ფონდში გაღებულმა ჯამურმა თანხამ 124 543 899 ლარი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, „StopCoV-ფონდში“ აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

აგრესიული ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში

ცნობილია მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება. ესენია: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ მედპერსონალის ტესტირება უკვე დაიწყო. ალგორითმის მიხედვით, პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში ყველა მედპერსონალს COVID-19-ზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.

გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება უტარდებათ:

  • თვითიზოლაციაში ან სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინო სივრცეებში მყოფ პირებს, რომლებიც ინფიცირებულთან კონტაქტში იმყოფებოდნენ და COVID-19-სთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები გამოუვლინდათ;
  • სიმპტომურ პაციენტებს, მაღალი რისკის ზონებიდან;
  • პირებს სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან;
  • ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, ვისაც COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

სახლში მკურნალობის პროტოკოლი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზადაა. თუ პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც დაავადების მსუბუქი ფორმა ექნებათ, საკარანტინო ზონებში ან სახლში უმკურნალებენ.

აგრარული ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება. 7 აპრილს თბილისში აგრარული ბაზრები დროებით დაიხურა. მანამდე, რეგიონებში აგრარული ბაზრების უმეტესობა დაიხურა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგრარული ბაზრები მუშაობის განახლებას შეძლებენ, თუ სპეციალური სტანდარტები იქნება დაცული, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.

9 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა. მათგან, 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 3 ადამიანი გარდაიცვალა. სამივე პაციენტი ასაკოვანი, მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე იყო.

4 აპრილი - COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა

4 აპრილს, დილით, საქართველოში, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 31 მარტს შევიდა. პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა (მათ შორის გულსისხლძარღვთა მწვავე დაავადებები). გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც COVID-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯანდაცვის მინისტრის, 25 მარტის ბრძანების თანახმად: კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი სპეციალურ გვამის ჩანთაში თავსდება, გვამის და ჩანთის ზედაპირის დეზინფიცირება ხდება. სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება სასახლით ხორციელდება, რომელშიც გარდაცვლილი გვამის ჩანთით თავსდება და მისი გახსნა აკრძალულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილი 72 საათის განმავლობაში უნდა დაიკრძალოს. ასევე, ტრადიციული მისამძიმრება, პანაშვიდი და სარიტუალო სუფრა არ უნდა გაიმართოს.

4 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 28 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილი.

1 აპრილი - 2 მლრდ ეკონომიკის დასახმარებლად და ტესტირების ახალი ალგორითმი

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, [1] ბიუჯეტიდან ეკონომიკის და მოქალაქეების პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან 351 მლნ ლარი, COVID-19-თან ბრძოლისთვის არის გამოყოფილი.
  • მოქალაქეებს, რომლებიც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ.
  • COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმი დამტკიცდა. ახალ კორონავირუსზე ტესტირებას სიმპტომური პაციენტების გარდა, პაციენტები ცხელების სიმპტომებით და მაღალი რისკის ჯგუფები (დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები; სამედიცინო პერსონალი; ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მომუშავე პირები) ასევე დაექვემდებარებიან.

ახალი ალგორითმის მიხედვით, უახლოეს მომავალში COVID-19-ის გამოვლენისთვის, პჯრ მეთოდით ლაბორატორიული დიაგნოსტირების გარდა, ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებაც დაიწყება.

1 აპრილის მონაცემებით, COVID-19-ის 117 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 23 გამოჯანმრთელდა.

31 მარტი - ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი

დილის 08:00 საათიდან 21 აპრილამდე, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

  • 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება. დროის ამ მონაკვეთში, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იკრძალება.
  • სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსით) მგზავრობა, ავტომობილში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს.
  • 3-ზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა.
  • 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.
  • თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.
  • ქალაქში გადაადგილებისას ნებისმიერ მოქალაქეს თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში სულ 110 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 21 პაციენტი, გამოჯანმრთელდა.

30 მარტს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პენიტენციური დაწესებულების 780 თანამშრომელი, რამდენიმე კვირის განმავლობაში საპატიმროში იცხოვრებს, რათა ციხეში ვირუსის გარედან შეტანა არ მოხდეს.

28 მარტი - შიდა გავრცელება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო უცნობია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელება დაიწყო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების საფრთხეა.

29 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზომები მკაცრდება:

  • რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა;
  • მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან ბლოკ-პოსტები შეიქმნება;
  • ავტომობილში მგზავრების რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე მეტი; ყველა მგზავრს უნდა ეკეთოს პირბადე;

28 მარტის მონაცემებით, ზუგდიდში, COVID-19-ის ერთი დადასტურებული შემთხვევა იყო. ზომების გამკაცრება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ რეგიონი საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოსაა. აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს.

28 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 90 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, 16 პაციენტი, გამოჯანმრთელდა

27 მარტი - COVID-19-ის სწრაფი ტესტების შეძენაზე ხელშეკრულება გაუქმდა

ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება COVID-19-ის 215 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე, ტესტების საეჭვო ხარისხის გამო, გაუქმდა.

საქართველოში ვირუსის დიაგნოსტირება სპეციალურ ლაბორატორიებში პჯრ მეთოდით ხდება. საქართველოს ამ ეტაპზე სწრაფი ტესტები არ გააჩნია, რომელიც ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი ტესტების შეძენაზე მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან მიმდინარეობს.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. მათგან, 14 პაციენტი, გამოჯანმრთელდა.

22-23 მარტი - მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

23 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეიზღუდა.მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. აიკრძალა:

  • მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა;
  • ·საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;
  • ტერიტორიის შიგნით მოქალაქეების გადაადგილება (ადგილობრივებს შეეძლებათ მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად გასვლა);
  • იხურება ყველა ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა.

22 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა დადასტურდა. მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯეჯერობით ეპიდემიოლოგებმა ვერ მოახერხეს ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა, რამაც რადიკალური ზომების მიღება განაპირობა.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმისა, 22 მარტს, ეკლესიებში საკვირაო წირვა გაიმართა და მრევლი საერთო კოვზიდან ეზიარა.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ 61 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

21 მარტი - საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 აპრილამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ეტაპზე, საგანგებო რეჟიმით:

  • იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა (პრემიერის განმარტებით, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება);
  • იზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში და მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები;
  • შეიძლება სასამართლო სხდომები დისტანციურად გაიმართოს;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 15 000-ით დაჯარიმდება. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის - სამართლებრივ პასუხისმგებლობას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

ამასთან, საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება შეზღუდოს კონსტიტუციით განსაზღვრული სხვა უფლებებიც, მათ შორის:

  • აუცილებლობის შემთხვევაში, შეზღუდოს საკუთრების უფლება. კერძოდ, საკარანტინო, საიზოლაციო ან სამედიცინო მიზნებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გამოყენება;
  • მთავრობას უფლება აქვს, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;

ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს:

  • საკომენდატო საათის შემოღებას;
  • მედიის მუშაობის შეზღუდვას;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებას;

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, პრეზიდენტის დეკრეტში საუბარია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ უფლების შეზღუდვაზე, თუმცა რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს შეკრების შეზღუდვა ეხება ნებისმიერი სახის შეკრებას, მათ შორის ეკლესიასაც. მისივე განმარტებით, თავად დეკრეტი კონკრეტულად არ განსაზღვრავს, რა შემთხვევებში ადგენს ის გამონაკლისს და მიუთითებს, რომ ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევა იყო დადასტურებული.

20 მარტი - სინოდის გადაწყვეტილება

კორონავირუსის გავრცელების მომეტებული საფრთხის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესია ღვთისმსახურების შეჩერებასა და საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

19 მარტი - სავაჭრო ობიექტები დაიხურა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკორდინაციო საბჭომ, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელის და ბანკების გარდა, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევა იყო დადასტურებული.

18 მარტი - საქართველოს საზღვრები ჩაიკეტა

18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები დროებით ჩაიკეტა.

18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 შემთხვევა იყო დადასტურებული.

16 მარტი - ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები

სამთო-სათხილამურო კურორტები დროებით დაიხურა.

გაიცა რეკომენდაცია, რომ კაფეებმა, ბარებმა და რესტორნებმა მომსახურება შეზღუდონ და მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისი დატოვონ.

მთავრობამ, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდა.

საქართველოს და რუსეთს შორის მიმოსვლა შეჩერდა.

16 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა იყო დადასტურებული.

15 მარტი - პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ქვეითთა მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაცინეტი გამოჯანმრთელდა.

14 მარტი - ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა

საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემის შემთხვევა (კონტაქტის შემდგომი კონტაქტი) დაფიქსირდა.

14 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 30 შემთხვევა იყო დადასტურებული. აქედან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთს, დანარჩენი შემთხვევები კი პირდაპირ ან ირიბად იტალიას უკავშირდება.

12 მარტი - მთავრობა ზომებს ამკაცრებს

კორონავირუსის გავრცელების პანდემიად გამოცხადების შემდეგ, 12 მარტიდან საქართველოს მთავრობის ყველა ორგანო 24-საათიანი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია გაიცა.

12 მარტიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან შემოსული მგზავრებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

12 მარტიდან თვითიზოლაციის წესების დაცვაზე მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ, საკარანტინო ზონაში იძულებით გადაჰყავთ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა, 13 აპრილამდე გადავადდა.

12 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25 იყო.

6 მარტი - სავალდებულო კარანტინი

იტალიასა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები შეჩერდა.

6 მარტიდან კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის საზღვრაზე შემოწმების შემდეგ, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა იყო დადასტურებული. აქედან 7 იტალიაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.

1 მარტი - ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმება

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ რეკომენდაცია გასცა.

1 მარტის გადაწყვეტილებით, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.

იმ დროისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.

26 თებერვალი - COVID-19-ის პირველი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. ამავე დღეს, საქართველო-ირანს შორის ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა.

პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე განხორციელებული აქტივობები

23 თებერვალი - საქართველომ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.

4 თებერვალი - საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ის დიაგნოსტირება დაიწყო.

29 იანვარი - ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა.

28 იანვარი - საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ფოტო: stopcov.ge

1.https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1641309259340305?__tn__=K-R


მსგავსი სიახლეები

3064 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი