იტვირთება

ახალი კორონავირუსის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. დაავადებულ ადამიანს, როცა პირბადე უკეთია, ამით მიკრობების გამოყოფას და სხვა ადამიანის დაინფიცირების რისკს ამცირებს. თუმცა უნდა ატაროს თუ არა ჯანმრთელმა ადამიანმა პირბადე, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი (ჯერ) არ არსებობს.

ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად, ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პირბადეების ტარება იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები გვეუბნებოდნენ, რომ პირბადე ინფიცირებისგან ვერ დაგვიცავდა და ჯანმრთელ ადამიანს პირბადე არ უნდა ეტარებინა. „თუ არ ხართ ავად ან არ უვლით დაავადებულს, მაშინ, პირბადეს ხარჯავთ. რაციონალურად გამოიყენეთ პირბადეები, რადგან მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია“, - აცხადებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანმო-ს ინფორმაციით, ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სამედიცინო პირბადე ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისგან დაგვიცავს. მისი რეკომენდაციით, პირბადე იმ ადამიანმა უნდა ატაროს, ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ჯანმრთელმა ადამიანმა კი პირბადე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ატაროს, თუ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ან შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უვლის.

ამასთან, პირბადის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, დაინფიცირების რისკი იზრდება, მაგალითად, ამ დროს ადამიანი პირბადის გასასწორებლად, სახეს ხელებით ხშირად ეხება. ჯანმო პირბადის სწორად გამოყენების წესებს განმარტავს:

ნიღაბი მხოლოდ ერთჯერადად გამოიყენება;

ნიღბის გაკეთებამდე ხელები საპნითა და წყლით დაიბანეთ, ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;

ნიღაბი ცხვირისა და პირის მიდამოებს უნდა ფარავდეს და სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული;

არ უნდა შეეხოთ ნიღაბს ან შეხების შემთხვევაში უნდა დაიბანოთ ხელები;

პირბადის მოხსნისას არ უნდა შეეხოთ წინა მხარეს. მოხსნისთანავე, დახურულ ნაგვის ურნაში უნდა გადააგდოთ. შემდეგ ხელები უნდა დაიბანოთ ან სპეციალური ხსნარით დაიმუშაოთ.

პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო პირბადეების დეფიციტი გამოიწვია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, რაციონალურია მსჯელობა, რომ პირბადეები დაავადებულმა ან მასთან კონტაქტში მყოფმა პირებმა გამოიყენონ. თუმცა, უკვე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ვირუსის გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდეც მოხდეს. ამ შემთხვევაში კი, პირბადის მასობრივი გამოყენება მნიშვნელოვანია. აპრილის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით პოზიციები შეცვალეს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაგალითად, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში) პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას. ასევე, CDC რეკომენდაციაა ნაჭრის ნიღბების გამოყენება. მათივე განმარტებით, სამედიცინო პირბადეები (ქირურგიული ან N95 რესპირატორი) უკიდურესად მნიშვნელოვანი რესურსია და ის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის უნდა შევინახოთ.

6 აპრილს ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების სხვა პრევენციული ზომების მიღება რთულია, პირბადეების გამოყენება შეიძლება შესაფერისი ალტერნატივა იყოს. მისი განმარტებით, პირბადეების ტარება უნდა იყოს ინტერვენციის ფართო პაკეტის ნაწილი და არა პანაცეა. ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირბადეების ფართო გამოყენებამ შეიძლება დეფიციტი გამოიწვიოს, მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, პირბადეების მასობრივი გამოყენება ხდება ჩეხეთში, სლოვაკეთში, ავსტრიასა და ბულგარეთში.

საქართველოში პირბადეების გამოყენების რეკომენდაციები და დეფიციტი

საქართველო ძირითადად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს. პირბადეების გამოყენებაც მხოლოდ დაავადებული ადამიანისთვის ან მასთან კონტაქტში მყოფი პირისთვის არის რეკომენდებული. თუმცა, უახლოეს მომავალში ეს მიდგომა საქართველოშიც შეიცვლება, რადგან მსოფლიოში დაავადების გავრცელების შეჩერებისთვის, პირბადის ტარება, ერთ-ერთ ზომად უკვე განიხილება.

თებერვლის ბოლოს საქართველოში უკვე იყო პირბადეების დეფიციტი და ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია. 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და, ბუნებრივია, საქართველოშიც შეიქმნებოდა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“. თუმცა ვირუსის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, პირბადეებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და უფრო მეტად დეფიციტური აღმოჩნდა. 19 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების წარმოება დაიწყო. საქართველოში წარმოებული პირბადეები საწყის ეტაპზე განკუთვნილია მიზნობრივი ჯგუფებისთვის (70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, მებაჟეები, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლები და სხვა). ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები, სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდებოდა. თუმცა, ჯერჯერობით, სააფთიაქო ქსელებში პირბადეები არ არის ხელმისაწვდომი.

7 აპრილს ჩვენ დავუკავშირდით სააფთიაქო ქსელებს - „პე-ეს-პე“, „იმპექსი“, „ფარმადეპო“, სადაც გვითხრეს, რომ ქსელში პირბადეები არ აქვთ. „იმპექსში“ განგვიცხადეს, რომ ქსელში, საქართველოში წარმოებულ პირბადეებს, დაახლოებით 1 კვირაში ელოდებიან. ხოლო „პე-ეს-პე-ში“ და „ფარმადეპოში“ პირბადეები როდიდან გაიყიდება, ინფორმაციას არ ფლობენ.

განახლება:

8 აპრილს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა: „დღეიდან, 400 000 ქართული წარმოების, მრავალჯერადი პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო, რომ წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები“. მისი ინფორმაციით, ყველაზე გვიან, შაბათიდან სააფთიაქო ქსელებში („ავერსი“, „პე-ეს-პე“, „ფარმადეპო“, „ჯი პი სი“) პირბადეები უკვე გაიყიდება. პირბადის ღირებულება 50 თეთრი იქნება. აფთიაქები თვითონ დაარეგულირებენ, თუ რა რაოდენობა შეიძლება გაიცეს თითო პირზე.

„ფაქტ-მეტრი“ მიმდინარე პროცესებს და ამ თემას კვლავ მიუბრუნდება.


მსგავსი სიახლეები

3206 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი