იტვირთება

2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. გარდა ამისა, მხარეებმა სასამართლოს აპოლიტიკურობასა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ოპოზიციის განმარტებით, აღნიშნული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას გულისხმობს. მათივე თქმით, შეხვედრაზე გაჟღერდა კონკრეტული გვარები - უგულავა, ოქრუაშვილი, თამლიანი, რურუა და სავარაუდო სამართლებრივი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ხსენებულ პირებს გაათავისუფლებდნენ.

2020 წლის 13 აპრილს სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოპოზიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება 8 მარტს მიღწეული შეთანხმების დარღვევად მიიჩნია. ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ჩვენ (მმართველი გუნდი) ვასრულებთ პირობას, როგორც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ მყარად და დაბეჯითებით ჩაიწერა, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიონ. ეს შეთანხება სრულდება, სრულდებოდა და მომავალშიც აუცილებლად შესრულდება“. ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებების მიხედვით, ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება რომელიმე კონკრეტული ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და/ან მის ციხიდან გამოშვებას არ ითვალისწინებს და რომ ბუნებაში ასეთი საუბარი არ შემდგარა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მან ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

მმართველ და ოპოზიურ პარტიებს შორის საერთაშორისო მედიაციით მიღწეული 8 მარტის შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხსაც მოიცავს. მმართველი გუნდის პოზიციის მიუხედავად, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები და მოწოდება, მხარეების მიერ შეთანხმების შესრულების თაობაზე, სწორედ ამაზე მიუთითებს. „ფაქტ-მეტრმა“ 8 მარტის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაცია საკუთარი კონტაქტების მეშვეობითაც გადაამოწმა. არა ერთმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ შეხვედრის დროს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით მოლაპარაკება იყო და შეთანხმებაც შედგა.

ამასთან, როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, მმართველი გუნდი შეთანხმებას ასრულებს და მომავალშიც აუცილებლად შეასრულებს. ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების (საბოლოოდ) შეუსრულებლობაზე ცალსახად თქმა, ალბათ, ჯერ კიდევ ნაადრევია. ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა და გამორიცხულიც არაა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმებით (მაგალითად, პრეზიდენტის შეწყალება) პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უზრუნველყოს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი