იტვირთება

რეზიუმე: მუნიციპალიტეტების საკრებულოების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს. კერძოდ, 24-ე მუხლის „დ“ პუნქტში ვკითხულობთ, რომ საკრებულოს უფლებამოსილებებს, სხვა საკითხთა შორის, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, განეკუთვნება. იმავე მუხლის სხვა პუნქტებით, საკრებულოს უფლებამოსილებებს მიეკუთვნება, უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის განსაზღვრა. ამავე კოდექსის 26-ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესს განმარტავს. კერძოდ, საკრებულოს ფრაქციის წინადადებით, მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას იწვევს. თუ დადგენილ ვადაში რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, შეიკრიბოს. გარდა ამისა, ბათუმის საკრებულოს საქმიანობას ბათუმის საკრებულოს რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის მე-3 მუხლის თანახმადაც, საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს საკრებულოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება, წარდგინება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება. ასევე, რეგლამენტის მე-14 მუხლი საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომაზე საკითხის განსახილველად დასმის უფლებამოსილებას ანიჭებს.

განცხადებაში, რომლითაც ბათუმის ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს მიმართა, საუბარია ანტიკრიზისული გეგმის განხილვის მიზნით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ოპოზიცია სთხოვს საკრებულოს, მიმართვის პროექტი (ანტიკრიზისული გეგმა) განიხილოს და აღმასრულებელ ორგანოს გადაუგზავნოს. მერიამ, თავის მხრივ, რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოამზადოს ბიუჯეტის ცვლილებები და საგანგებო ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს.

საკრებულოსთვის გაგზავნილი მიმართვის ცამეტპუნქტიან პროექტში ოპოზიცია მერიას სთავაზობს რეკომენდაციებს, მათ შორის, ხარჯების დაზოგვისა და გამოთავისუფლებული სახსრების სოციალურ პროგრამებზე მიმართვის შესახებ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა არ მოიწვია. სულიკო თებიძემ საპასუხო წერილში განმარტა, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან არის დაკავშირებული, რაც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს სხდომაზე პროცედურულად მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, პასუხში აღნიშნულია, რომ საკრებულო სამართლებრივად არ არის უფლებამოსილი, აღმასრულებელი ორგანო ბიუჯეტში რაიმე კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე დაავალდებულოს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე არ ტყუის, როცა ამ გარემოებებზე მიუთითებს. თუმცა საკრებულოსთვის გაგზავნილ მიმართვაში ოპოზიცია საკრებულოსგან საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვას არ მოითხოვს. წერილში არც მერიის რაიმე ფორმით დავალდებულებაზეა საუბარი. ოპოზიცია მიმართვის სახით აყალიბებს გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებითაც მერიამ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი თვითონ უნდა მოამზადოს. ანუ ოპოზიციური ფრაქცია ითხოვს იმას, რისი უფლებაც აქვს. მიუხედავად ამისა, საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის, საპასუხო წერილითა და კომენტარებით, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ოპოზიციამ საკრებულოს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვა, შემდეგ კი მერიისთვის გადაგზავნა და მისი დავალდებულება შესთავაზა.

ანალიზი

მიმდინარე წლის 1 მაისს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა და რიგგარეშე სხდომის მოწვევა ითხოვა. მიმართვაში ვკითხულობთ: „მოქმედი კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, წარმოგიდგენთ მიმართვის პროექტს, რომელიც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვისა და დამტკიცებისთვის (მოწონების) უნდა გადაეგზავნოს ბათუმის მერიას, რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯი (შემუშავდეს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარმოდგენილ იქნას საგანგებო ბიუჯეტი). გთხოვთ, დაავალოთ საკრებულოს აპარატს, წარმოდგენილი პროექტი დაუყოვნებლივ გადაეგზავნოს საკრებულოს ყველა წევრს“.

პროექტი „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართვა ქ. ბათუმის მერიას წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის საფუძველზე საგანგებო ბიუჯეტის წარმოდგენასთან და სხვა რიგი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით“ ცამეტპუნქტიანია. ოპოზიცია მერიას რეკომენდაციების სახით სთავაზობს, გადაიხედოს მერის, მისი მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერიას დაქვემდებარებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურება წლის ბოლომდე; არ გაიცეს პრემია-დანამატები იმ პირებზე, რომელთა შრომის ანაზღაურებაც 2 000 ლარს აღემატება; გაუქმდეს წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილი; შეჩერდეს სხვადასხვა კულტურული, სპორტული ღონისძიებების, ასევე, კონფერენციებისა და ტრენინგების დაფინანსება, ბიზნესისა და ჯანდაცვის მიმართულებებით გათვალისწინებული აქტივობების გარდა; მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობენ, მომავალი წლის ბოლომდე გაუუქმდეთ ან შეუმცირდეთ იჯარის გადასახადი და სხვა. ამ და სხვა რეკომენდაციების გათვალისწინებით ბათუმის მერიამ მოამზადოს ბიუჯეტის ცვლილებები და გაითვალისწინოს, რომ გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდეს კრიზისისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამების ამუშავებას.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა. პასუხში განმარტებულია: „ანტიკრიზისული გეგმა დაკავშირებულია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანასთან, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (მათ შორის, კორექტირებული) პროექტის განხილვა და დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე პროცედურულად შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. გარდა ამისა, საკრებულო სამართლებრივად არ არის უფლებამოსილი, აღმასრულებელი ორგანო დაავალდებულოს ბიუჯეტში რაიმე კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე“.

საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე პასუხობს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ბათუმის მერიაში ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, სანამ ოპოზიცია საკრებულოს აღნიშნულ მიმართვას წარუდგენდა. იქვე აკონკრეტებს, რომ ფრაქციას აქვს უფლება, აღმასრულებელ ორგანოში წარადგინოს რეკომენდაციები და წინადადებები ანტიკრიზისული თუ პოსტკრიზისული სიტუაციის მართვის შესახებ და თუ იქნება მისაღები და საინტერესო, მოხდება მათი გათვალისწინება. სულიკო თებიძე ოპოზიციას პირდაპირ მიმართავს, რომ მათ მიერ წერილში დასმული საკითხები მოკლებულია აზრობრივ საფუძვლებს და შინაარსობრივ დატვირთვას, ვინაიდან მას რაიმე კონკრეტული შედეგის მოტანა არ შეუძლია.

ვინაიდან ერთი კვირის ვადაში თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია, 8 მაისს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაინც შეიკრიბა, თუმცა ოთხი წევრიდან სამი გამოცხადდა. ფრაქცია „მრეწველებისა“ და „ბათუმის“ წევრები სხდომაზე არ მივიდნენ. არ გამოჩენილა არც უმრავლესობა, თუმცა ამ დროს შენობაში იყო და ფრაქციის სხდომას მართავდა.

მოგვიანებით, უმრავლესობამ მედიასთან საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარის რამდენიმე ახსნა გააჟღერა. მაგალითად: საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი მიმართვა შინაარსობრივად გაუმართავი იყო. მისივე თქმით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკრიზისული გეგმის ყველა საკითხი ისედაც არის გათვალისწინებული სამთავრობო თუ მუნიციპალური პროგრამების დონეზე. საკრებულოს თავმჯდომარემ კი განმარტა: „ჩვენ, მერიის სამსახურებთან ერთად, განვიხილეთ, ცხადია და გავიარეთ საკითხები, რაც იყო წარმოდგენილი... ცამეტივე მუხლის გარშემო ვიმსჯელეთ და აღმოჩნდა, რომ არც ერთში მოცემული არაა რაიმე ინიციატივა, რომელიც ასახული არაა ან სამთავრობო პროგრამაში, ან - მერიის პროგრამებში“. ამასთანავე, მედიასთან სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ის მზადაა, ნებისმიერი კანონიერი წინადადება მიიღოს, მაგრამ ოპოზიციას მხოლოდ „ხმაურის ატეხა“ უნდა და ყველა მისი წინადადება უკანონოა.

„ფაქტ-მეტრმა“ მომხდარის შეფასება არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ (CDA) პროექტების განვითარების ხელმძღვანელს სთხოვა. რომა დოლაბერიძე, რომელიც რამდენიმე წელია, რაც თვითმმართველობების მონიტორინგს ახორციელებს, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების დამახასიათებელ ნიშანზე საუბრობს: „ოპოზიცია ეყრდნობოდა თვითმმართველობის კოდექსსა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტს. ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა. ფრაქციის თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე პირდაპირ წერს, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული რეკომენდაციის გათვალისწინებით წარმოადგინოს მერიამ ბიუჯეტში ცვლილებებიო. თავმჯდომარე პასუხობს, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე პროცედურულად შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით და რომ საკრებულოს არ შეუძლია, დაავალდებულოს მერია. ოპოზიციის წერილში საუბარი არ არის მერიის დავალდებულებაზე, არამედ რეკომენდაციის სახით მიწოდებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი განსაზღვრავს საკრებულოს უფლებამოსილებას. საკრებულოს შეუძლია, რეკომენდაციის სახით მიაწოდოს მერიას რაიმე პროექტი და უფლება აქვს, ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რეკომენდაციები წარადგინოს. მიმაჩნია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკურ მანიპულაციას მიმართავს, რათა არ მოხდეს ოპოზიციის ინიციატივების განხილვა. ჩვენ, მონიტორინგის პროცესში, არაერთხელ ვნახეთ ასეთი რამ, თითქმის ყოველთვის უმცირესობის ინიციატივა ბიუროს სხდომამდეც კი არ აღწევს, პირდაპირ იბლოკება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკრებულოს შეეძლო, მინიმუმ, განეხილა ოპოზიციის მიერ წარდგენილი ინიციატივები. საკრებულოს წევრების მონიტორინგის დროს, ჩვენს ორგანიზაციას ჰქონდა შემთხვევები, როცა უმრავლესობის წევრები პირდაპირ აღიარებდნენ ჩვენთან, ვიცით, ვინ არიან ისინი (ოპოზიცია), რას წარმოადგენენ და ამიტომ ვბლოკავთო.“ იხ. სიუჟეტი, რომელიც ორი წლის წინ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ მომზადდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე „ფაქტ-მეტრთან“ განმარტავს: „ფრაქციას აქვს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის დასმის უფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, ხოლო თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მერს, თუმცა მსგავსი რეკომენდაციის განხილვა, რაც წარდგენილი იყო, არ მოდიოდა წინააღმდეგობაში კანონთან. მართალია, ფრაქციას შეეძლო რეკომენდაციის წარდგენა, მაგრამ ყურადღებაა მისაქცევი საკითხის მიზანშეწონილობაზე, საკრებულოს რომც ემსჯელა ფრაქციის მიერ დაყენებული საკითხებზე, მერისთვის აღნიშნული სარეკომენდაციო ხასიათის იქნებოდა. ყველა დაინტერესებულ სუბიექტს აქვს სრული უფლება და შესაძლებლობა, აღმასრულებელ ორგანოში წარადგინოს წინადადებები და რეკომენდაციები, ანუ ფრაქციას აღნიშნული რეკომენდაციები შესაძლებელია გადაეგზავნა პირდაპირ მერისთვის, რომელიც გაითვალისწინებდა ან არ გაითვალისწინებდა აღნიშნულ რეკომენდაციებს“.

ფაქტია, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თავის პასუხში ეყრდნობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამის მუხლებს, რომლებიც ნათლად განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (მათ შორის, კორექტირებული) პროექტის განხილვა და დამტკიცება საკრებულოს სხდომაზე პროცედურულად შესაძლებელია მხოლოდ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. გარდა ამისა, საკრებულო სამართლებრივად არ არის უფლებამოსილი, აღმასრულებელი ორგანო დაავალდებულოს ბიუჯეტში რაიმე კონკრეტული ცვლილების განხორციელებაზე. თუმცა ოპოზიციური ფრაქცია რეკომენდაციების განხილვასა და საკრებულოსთვის მიმართვის სახით გადაგზავნას ითხოვდა, რისი უფლებაც მას იმავე კოდექსითა და რეგლამენტით აქვს მინიჭებული.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3135 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი