იტვირთება

ახალი კორონავირუსისგან (COVID-19) მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება. შესაბამისად, ახალი საარჩევნო მოდელის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის პროცესი განახლდება. „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების დროულად მიღებაა.

2020 წლის 8 მარტს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. 10 მარტს საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმებული ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის მიზნით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო კანონპროექტი დაარეგისტრირა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მომდევნო პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან იქნება შედგენილი. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 1 %-ით, ხოლო ბლოკებისთვის, მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობისა და ბარიერის ნამრავლით განისაზღვრა. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე გადანაწილდება.

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“

საარჩევნო მოდელის პროპორციულ პრინციპებთან მაქსიმალურად დაახლოების მიზნით, კანონპროექტი ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ შემოღებას ითვალისწინებს. ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება. ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნულის უკეთ გასაგებად, განვიხილოთ მაგალითი, როცა პარტიამ პროპორციული სისტემით ხმების 40% მიიღო და 29 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული სისტემით 120 მანდატი ნაწილდება. შესაბამისად, პროპორციული სისტემით 40%-ის მიღებისას პარტიას 48 მანდატი ეკუთვნის, ამასთან პარტიამ 29 მაჟორიტარული ოლქი მოიგო და ჯამში 77 მანდატი (48 + 29) მოიპოვა. 77 მანდატის პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არის 51.3 % ( 77 * 100 / 150). პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს, რაც მოცემულ შემთვევაში 50%-ს შეადგენს (40% + 10%). 51.3 % მეტია 50 %-ზე, შესაბამისად, ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ მიხედვით, პარტიას შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, ჩამოკლებული მანდატები „კანონით დადგენილი წესით პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში ჩამოკლებული მანდატების განაწილების წესი გაწერილი არაა, შესაბამისად, გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდება მანდატების გადანაწილება.

საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ მოქმედების წინაპირობებს არ აკონკრეტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მიზანია, 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების საშუალება არ მისცეს. მიუხედავად ამისა, კანონპროექტის არსებული რედაქცია შესაძლებლობას იძლევა, რომ ე.წ. „ჩამკეტის“ მოქმედება ყველა საარჩევნო სუბიექტზე გავრცელდეს. აღნიშნული, დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს, რომელთაც ისედაც მცირე მანდატებიდან ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ გამო, შეიძლება, მანდატი ან მანდატები ჩამოაკლდეთ. ამიტომაც, შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, უკეთესი იქნება, თუ კანონპროექტში ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმის“ ამოქმედების წინაპირობები დაკონკრეტდება.

მაჟორიტარული ოლქები

ცვლილებების მიხედვით, არსებული 73 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი (იხ. ცხრილი 1) იქმნება. ვენეციის კომისიის საარჩევნო საკითხებზე „კარგი პრაქტიკის კოდექსის“ მიხედვით, ერთმანდატიან ოლქებს თანაბარი ზომა უნდა ჰქონდეს, რათა გარანტირებული იყოს ყველა ხმის ერთნაირი წონა. საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების ან წარმომადგენლების რაოდენობის თვალსაზრისით განსხვავება, საშუალოდ 10%-ს, არ უნდა აღემატებოდეს. ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ან მცირემოსახლეობიანი ადმინისტრაციული ერთეულების ინტერესთა დაცვა, განსხვავება 15%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ოლქების საზღვრების დადგენისას შეიძლება ისეთი კრიტერიუმების გამოყენება, როგორიცაა: მოსახლეობის, მოქალაქეების, რეგისტრირებული ამომრჩევლების ან (პოტენციურად) უშუალოდ ამომრჩეველთა რაოდენობა. დასაშვებია ამ კრიტერიუმთა კომბინირება. ოლქების საზღვრები გეოგრაფიული კრიტერიუმების ან ადმინისტრაციული თუ ისტორიული საზღვრების მიხედვით შეიძლება დადგინდეს. საარჩევნო ოლქების საზღვრები გამჭვირვალე და თანმიმდევრული გზით უნდა დადგინდეს და კანონით განისაზღვროს. მნიშვნელოვანია საზღვრებით მანიპულირების თავიდან აცილება. არ შეიძლება მათი დადგენა ისეთი წესით, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ერთგვაროვანი სეგმენტები, არჩევნების შედეგებზე სასურველი ზეგავლენის მოსახდენად, მიზანდასახულად გაერთიანდეს ან დაიყოს. ასევე, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული განსაკუთრებულ ინტერესთა ჯგუფები - მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები. მაჟორიტარული სისტემის პირობებში, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი წარმომადგენლები აირჩიონ. ამ კუთხით, კანონპროექტი 3 საგამონაკლისო შემთხვევას ითვალისწინებს, ესენია: ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის საარჩევნო ოლქი; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქი. გამონაკლისი მთის რეგიონებისა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს ეხება.

ცხრილი 1: ამომრჩეველთა რაოდენობა პროექტით გათვალისწინებული 30 მაჟორიტარული ოლქის მიხედვით[i].

საარჩევნო ოლქები

ამომრჩეველთა რაოდენობა

მთაწმინდა და კრწანისი

95448

ვაკე

101571

საბურთალო

129757

ისანი

111680

სამგორი

145021

დიდუბე და ჩოღურეთ

128856

გლდანი

144644

ნაძალადევი

135214

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

153936

გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო და სიღნაღი

150471

რუსთავის და გარდაბნის მუნიციპაიტეტის ნაწილი

154314

მარნეული და გარდაბანი

124134

ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა

119953

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

86968

ხაშური, ქარელი, ვარიანი, ნიქოზი, ტირძნისი, სკრისა, შინდისი

104838

გორი და კასპი

133408

ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა

86383

ახალქალაქი და ნინოწმინდა

58942

ქუთაისი

156051

საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული

104998

ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი

132793

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი

145654

ზუგდიდი

120616

ფოთი, ხობი და სენაკი

109346

წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი და აბაშა

104862

ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური

109417

ბათუმი

143372

ქობულეთი, მახინჯაური, ორთაბათუმი, ახალშენი, ფერი

92659

ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

75118

ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი და მესტია

43664

სულ

3504088

ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, თანაზომადობის პრინციპით უნდა დადგინდეს, რაც, სტანდარტულად, 110 000-120 000 ამომრჩეველზე ერთ მაჟორიტარულ ოლქს გულისხმობს. ახალი საარჩევნო ოლქების მსგავსი გადანაწილება საერთაშორისოდ აღიარებული, ხმის თანაბარი წონადობის პრინციპს არ შეესაბამება. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ სხვადასხვა ოლქებში ამომრჩეველთა ხმას თანაბარი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

რიგგარეშე არჩევნები

აღსანიშნავია ისიც , რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შემდგომი ნებისმიერი არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით კი, 2024 წლამდე, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ კანონპროექტით განსაზღვრული წესებით. ამასთან, ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცედურები

17 მარტს პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ დადგენილება მიიღო. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ჩერდება. შესაბამისად, ზემოხსენებული პროექტის განხილვაც საგანაგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე, პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი რეგლამენტით დადგენილი წესით განსახილველად კომიტეტებს გადაეცემათ. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ მასალებს 1 თვის ვადაში განიხილავს.

პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვას მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ იწყებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს (26 ივნისს) იხურება. არსებული ვითარების გათვალისწინებით, პარლამენტს კონსტიტუციური კანონის მიღებისთვის შესაძლოა, რიგგარეშე სესიის მოწვევა დასჭირდეს. საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, სესიებს შორის პერიოდში რიგგარეშე სესიას იწვევს. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას სამი მოსმენით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი (113 დეპუტატი ან მეტი) დაუჭერს მხარს. კანონი 3 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის წინა რედაქციისგან განსხვავებით, მოქმედი რედაქცია, კონსტიტუციური კანონის ორ თანმიმდევრულ სესიაზე 3 თვის შუალედით განხილვის წესს არ ითვალისწინებს. თუ კონსტიტუციურ ცვლილებებს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი უჭერს მხარს, პარლამენტს შეუძლია, კონსტიტუციური კანონი ერთი სესიის განმავლობაში 3 მოსმენით მიიღოს.

----------------------------------------------------------------------------------------------

[i] ცხრილში ამომრჩეველთა რაოდენობა 2018 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით არის მოყვანილი.


მსგავსი სიახლეები

3135 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი