იტვირთება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საზოგადოებას განათლების სისტემის ყველა მიმართულებით დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება, მოსწავლეები სწავლას იმავე ვადებში დაასრულებენ, როგორც გასულ წლებში. ჩვენ ანტიკრიზისული გეგმის ზოგადი განათლების ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას.

როგორც ვიცით, კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლების პროცესი შეჩერდა. შესაბამისად, დღის წესრიგში, სკოლების და უნივესიტეტების დისტანციურ (ონლაინ) სწავლებაზე გადასვლა დადგა.

16 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქციები და რესურსები გადაუგზავნა.

დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება. EMIS-ის მეშვეობით, საქართველოს საჯარო სკოლების დაახლოებით 600 000 მოსწავლის პირადი მოხმარების პროფილი შეიქმნა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, ასევე შექმნილია გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები. ეს საშუალებას აძლევს, როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, მარტივად დაეუფლოს და სრულად გამოიყენოს Office 365-ის პროგრამები. მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის ცალკე 55 000-ზე მეტი მომხმარებლის პროფილია შექმნილი, რომელიც მოსწავლეებისათვის ინდივიდუალურად/ჯგუფურად საგაკვეთილო პროცესის დისტანციურად ორგანიზების საშუალებას იძლევა.

სკოლებისთვის, დისტანციური გაკვეთილების ჩასატარებლად, რეკომენდებულია Teams პროგრამის გამოყენება, რომელიც მიმოწერას, შეხვედრებს, ფაილების გაცვლის სერვისებსა და სხვა აპლიკაციებს აერთიანებს, ასევე ვირტუალური სასკოლო ოთახების მოწყობის, სკოლებთან ეფექტური კომუნიკაციის და „ლაივ-ინტერაქტიური“ გაკვეთილების ჩატარების საშუალებას იძლევა. „Teams-შივეა“ ინტეგრირებული OneNote Class Notebook, რომელიც საშინაო დავალებების ეფექტურად მომზადების კარგი საშუალებაა. OneNote Class Notebooks-ის საშუალებით, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ, ჰქონდეთ პირადი სამუშაო სივრცე, სადაც დავალებებისა და დამატებითი სასწავლო რესურსების ატვირთვაა შესაძლებელი. Microsoft-ის 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენება შემდეგი პორტალზეა ხელმისაწვდომი: https://email.mes.gov.ge.

დისტანციურ სწავლებისთვის, სამინისტრომ მოგვიანებით სკოლებს ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდს“ შესთავაზა. სამინისტროს ინფორმაციით, „Feedc Edu“-ს პლატფორმა სრულიად უფასოა, ნებისმიერ სმარტფონზე სრულყოფილად მუშაობს და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი არ სჭირდება. მასზე დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვაა შესაძლებელი. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

გარდა აღნიშნულისა, 30 მარტს პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. პროექტი „ტელესკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი - განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით გადის. საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ. „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://mes.gov.ge/s/OIpcN. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდება და ყოველდღე დილის ცხრა საათზე იწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატა.

პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის ტელეგაკვეთილები ტარდებოდა. 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაიწყო. სატელევიზიო გაკვეთილები ყველა კლასის მოსწავლისთვის არის განკუთვნილი.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს ასევე მაღალი შეფასება მისცა.

ანტიკრიზისულ გეგმის პრეზენტაციისას, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამინისტროს მხოლოდ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და დისტანციური სწავლების მიმართულებით წამოჭრილ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ონლაინსწავლებას წარმატებით გაართვა თავი, ასევე, პროექტ „ტელესკოლის“ მნიშვნელობაზეც ისაუბრა, თუმცა რამდენი მოსწავლეა ჩართული დისტანციურ სწავლებაში ან რამდენი მოსწავლე სარგებლობს „ტელესკოლის“ პროექტით, მინისტრს სტატისტიკური მონაცემი არ წარმოუდგენია. ფაქტ-მეტრი აჭარის ა/რ-ში სკოლებში დისტანციური სწავლების მიმდინარეობაზე უკვე წერდა (იხილეთ: სტატია). ჩვენ მიერ სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისა და მასწავლებლების გამოკითხვით, გამოიკვეთა, რომ აჭარის რეგიონში არსებული სკოლების მოსწავლეების დაახლოებით 30%-ზე მეტს დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვა არ შეუძლია ან ინტერნეტის, ან შესაბამისი ტექნიკის არარსებობის გამო. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტით მოსახლეობის 79.3 % არის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მოსახლეობის 20%-ს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. მოსწავლეთა რა რაოდენობა ვერ ახერხებს დისტანციურ სწავლებაში ჩართვას ინტერნეტის უქონლობის გამო, ამ თემაზე, როგორც აღვნიშნეთ, მინისტრს არ უსაუბრია და არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება, ონლაინსწავლების გამო მოსწავლეებს შორის წარმოშობილი უთანასწორობის აღმოფხვრას სამინისტრო როგორ გეგმავს.

ზოგადი განათლების ხარისხი რომ პანდემიამდეც გასაუმჯობესებელი იყო, ამის დასტური საერთაშორისო კვლევები და ეროვნული საატესტატო გამოცდების შედეგებია. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, 2019 წელს გამოცემული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 141 ქვეყანას (ეკონომიკა) ფარავს, საქართველო ზოგადი (სასკოლო) და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხით 3,4 ქულით 125-ე ადგილს იკავებს. ცალკე აღებული ზოგადი განათლების კომპონენტში საქართველო 3,1 ქულით 122-ე ადგილზეა. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა. PISA-ში 72 ქვეყნის 600 000 მოსწავლე მონაწილეობდა. სამი კომპონენტიდან პროგრამა წიგნიერების ნაწილზე იყო ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება წაკითხულის გააზრების შემეცნების ნაწილს ეთმობოდა, თუმცა მათემატიკური და საბუნებისმეტყველო უნარებიც შემოწმდა. PISA-ს საშუალო მაჩვენებელი წიგნიერებაში 487 ქულა იყო, მათემატიკაში საშუალო 489 ქულა დაფიქსირდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, აგრეთვე, 489 ქულა იყო. საქართველომ, 2015 წელთან შედარებით, სამივე კომპონენტში მონაცემები გაიუარესა. წიგნიერებაში საქართველოს მოსწავლეების ქულა 380-ია, მათემატიკაში - 398 ქულა, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 383 ქულა (იხილეთ: სტატია).

ასევე აღსანიშნავია, 2012-2018 წლებში საატესტატო გამოცდებში საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება. განსაკუთრებით მძიმეა ბოლო სამი წლის მონაცემები: 2016 წელს მოსწავლეების 25% დარჩა საგამოცდო ზღვარს მიღმა, 2017 წელს - 27%, ხოლო 2018 წელს - 24.5 %.

განათლების დაფინანსება ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუმცა, განათლების დაფინანსების ზრდასა და ხარისხს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. აღნიშნული იმის დასტურია, რომ განათლების დაფინანსების ზრდა ნაკლებად ეფექტურია და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს.


მსგავსი სიახლეები

3191 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი