იტვირთება

სახელმწიფო შესყიდვებიდან კონსოლიდირებული ტენდერები ყველაზე დახურული და საზოგადოებისთვის ნაკლებად გამჭვირვალეა. ამიტომ ხშირად ისინი მოქალაქეების ყურადღების მიღმა რჩება. „ფაქტ-მეტრმა“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არაერთი საინტერესო კვლევა გაასაჯაროვა. ამჯერად საქართველოს უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურის, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის საკრებულოს აპარატისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის ტენდერმა დაგვაინტერესა.

2019 წლის 27 დეკემბერს კონსოლიდირებული ტენდერით CON190000706, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 562 620 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა. ხელშეკრულება სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან“ გაფორმდა. მიწოდების საბოლოო ვადად 2020 წლის 10 ივნისი განისაზღვრა.

ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველს 2020 წლის გამოშვების 10 ერთეული Hyundai Loniq NEV უნდა მიაწოდოს, თითოეული - 56 520 ლარის ღირებულების (ფასი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს). რაც შეეხება სხვა დეტალურ მოთხოვნებს, გათვალისწინებულია მარცხენასაჭიანი ავტომობილების შეძენა, რომლის ძრავის მოცულობაა 1.6 მ3 ბენზინი (ჰიბრიდული ტიპის ძრავი), ცხენის ძალა (კომბინირებული) - 142, ხოლო საწვავის ხარჯი (კომბინირებული) – 3, 4 ლიტრი 100 კილომეტრზე. აუცილებელ მოთხოვნებში შედის:

ელექტრორეგულირებადი და ელექტროთბობადი სარკეები; უკანა საქარე მინის ელექტროგათბობა; დღის თეთრი შუქის დიოდური ფარები; სათადარიგო საბურავები; სალონის რეზინის საფენები; ექვსი უსაფრთხოების ბალიში; ავტომატური კონდიციონერი; უკანა ხედვის კამერა; აუდიოსისტემა (ბლუთუსი/ USB/6 დინამიკი); საჭის ელექტროგამაძლიერებელი); ეკრანის (დისპლეის), ტელეფონისა და აუდიოსისტემის გადამრთველები საჭეზე; მულტიფუნქციური დისპლეი და სხვა.

რაც შეეხება ფერს, ავტომანქანები თეთრი, ღია რუხი ან ვერცხლისფერი უნდა იყოს. შესყიდვის დაფინანსების წყარო 2019 წლის ბიუჯეტია. თანხის მთლიანი მოცულობა მიმწოდებელი კომპანიის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია.სს „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“, კონსოლიდირებული ტენდერის (CON190000706) საფუძველზე, ზუსტად იმავე ღირებულებისა და პარამეტრების 30 ერთეული Hyundai Loniq NEV საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შეისყიდა. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შემსყიდველმა მიმწოდებელს 1 687 860 ლარი გადაუხადა.

მხოლოდ ამ ორი უწყებისთვის 40 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 250 480 ლარია გადახდილი. ამავე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში „ჰიუნდაი ავტო საქართველოსგან“ 6 ერთეული ავტომობილი თბილისის საკრებულოს აპარატისთვის ორ ეტაპად არის შეძენილი. საკრებულომ გასული წლის დეკემბერში სამი ავტომობილი 168 786 ლარად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა, ხოლო 2020 წლის იანვარში, იმავე რაოდენობისა და ღირებულების ავტომობილის შესყიდვა, საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

168 786 ლარად სამი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის (დაფინანსების წყარო: 2020 წლის ბიუჯეტი) არის შეძენილი, ხოლო ერთი ერთეული - აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის - 56 262 ლარად (დაფინანსების წყარო: აფხაზეთის ა/რ ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტი).

ყველა ავტომობილის მახასიათებლები და სახელშეკრულებო მოთხოვნები იდენტურია, ერთი ავტომობილის ღირებულება, ყველა ხელშეკრულების მიხედვით, 56 262 ლარს შეადგენს. ჯამში, კონსოლიდირებული ტენდერის CON190000706-ის ფარგლებში შეძენილი ავტომობილების ღირებულება 2 813 100 ლარს აღწევს.


მსგავსი სიახლეები

3134 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი