იტვირთება

რეზიუმე: ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში გასაცემად დასახელებულ სახსრებს არსებითად გადაჭარბებულად ასახელებს. კერძოდ, სამთავრობო პროგრამით, უმუშევრად დარჩენილ პირთა პირდაპირი ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისათვის 535 მლნ ლარი იყო განსაზღვრული და არა „მილიარდები“, როგორც ამას დეპუტატი უთითებს.

გაცემული ჯამური კომპენსაციის მოცულობაც არსებითი ხარვეზით არის დასახელებული. მითითებული 34 მლნ ლარი მხოლოდ თვითდასაქმებულებზე გაცემული კომპენსაციის მოცულობას შეესაბამება და არა ჯამურს. 7 ივლისის მდგომარეობით, დაქირავებით და თვითდასაქმებულ ადამიანებზე ჯამურად 60.5 მლნ ლარი იყო გაცემული, 16 ივლისის მდგომარეობით კი, აღნიშნული მოცულობა 80.9 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის გაცემის პროცესი არ დასრულებულა და მხოლოდ მაისისა და ივნისის თვის ჩარიცხვებია განხორციელებული, მაშინ, როცა დასახელებული ჯამური კომპენსაცია (535 მლნ ლარი) მთელ საშეღავათო პერიოდის (6 თვის) განმავლობაში უნდა იქნას ათვისებული.

ფაქტობრივად, დეპუტატი ზუსტად მხოლოდ იმ თვითდასაქმებული ადამიანების ოდენობას ასახელებს, ვინც დახმარება უკვე მიიღო და მათი რაოდენობა 115 719-ია.

„ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობაში, გაცხადებული კომპენსაციის მოცულობა რამდენად არის საკმარისი ან დაპირებული ჯამური მოცულობის სრულად ათვისება საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე მოხდება, თუ არა და მხოლოდ დღეს არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით შემოიფარგლება.

ანალიზი

პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პანდემიის პირობებში უმუშევრად დარჩენილ პირებზე გასაცემი კომპენსაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა: „7 ივლისის მონაცემებია, კომპენსაციებზე 34 715 700 მლნ ლარია გაცემული, მილიარდებზე ლაპარაკობდა გახარია პრეზენტაციებში, 34-35 მლნ ლარზეა ლაპარაკი. თვითდასაქმებულებიდან, 188 363 პირი იყო 7 ივლისის მდგომარეობით დარეგისტრირებული და აქაც კი დიდი ბარიერები დაუწესეთ ხალხს, რომ ის 300 ლარიც არ მიგეცათ და მხოლოდ 115 719 ადამიანმა მიიღო ის 300 ლარი, რომელიც აბსოლუტურად არასაკმარისია ოჯახისთვის, რომ გამოიკვებონ“. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, უმუშევრად დასაქმებულ პირებზე გასაცემი კომპენსაცია ორ პაკეტად იყო გაყოფილი და შემდეგი სახით იყო განსაზღვრული (დეტალურად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია):

  1. დაქირავებით დასაქმებულ პირებს, ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შვებულებაში იმყოფება - 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარი, ჯამში 1 200 ლარი უნდა მიეღოთ. წინასწარი შეფასებით, დახმარებით სარგებლობას 350 000-მდე ადამიანი შეძლებდა და ბიუჯეტს აღნიშნული 460 მლნ ლარამდე დაუჯდებოდა.
  2. თვითდასაქმებულ მოქალაქეს ერთჯერადად 300 ლარი უნდა მიეღო, თუ ის შემოსავლის დაკარგვას დაასაბუთებდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 75 მლნ ლარის გამოყოფა და 250 ათასამდე მოქალაქის დახმარება იყო დაგეგმილი.

შესაბამისად, პრემიერის მხრიდან კომპენსაციის ნაწილში „მილიარდებზე“ საუბარი არ ყოფილა და კომპენსაციის ჯამური მოცულობა, მთლიან პერიოდზე, 535 მლნ ლარის ფარგლებში იყო განსაზღვრული. რაც შეეხება ფაქტობრივად გაცემული კომპენსაციის მოცულობას, 7 ივლისის მდგომარეობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით:

  1. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირებული იყო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 188 363 პირი. მათგან 115 719 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 34 715 700 ლარი.
  2. დაქირავებით დასაქმებულების შემთხვევაში, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია 129 237 პირს ჩაერიცხა. გადარიცხული თანხა კი 25 847 400 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, 7 ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულთა ორივე ჯგუფისათვის ჯამურად ფულადი კომპენსაციის სახით 60 563 100 ლარი იყო გაცემული.

აქვე აღსანიშნავია, რომ დასახელებული 535 მლნ ლარი ექვსთვიან პერიოდში უნდა გაცემულიყო, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, კომპენსაციის მხოლოდ ნაწილია გაცემული და კომპენსაციის ჯამური თანხა შემდგომ პერიოდებში, ბუნებრივია, არსებითად გაიზრდება. აღნიშნულს მიმდინარე ტენდენციაც ადასტურებს, კერძოდ ათდღიან მონაკვეთში გაცემული ჯამური კომპენსაციის მოცულობა 20 320 600 ლარით გაიზარდა და 80 883 700 ლარს მიაღწია. მათ შორის, 300 ლარიანი კომპენსაცია, 121 525 თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო, რაც 36 457 500 ლარს უტოლდება. დაქირავებით დასაქმებულთათვის გაცემულმა ჯამურმა კომპენსაციამ კი 44 426 200 ლარი შეადგინა (221 131 ერთეული ჩარიცხვა).

„ფაქტ-მეტრი“ არ შედის მსჯელობაში, გაცხადებული კომპენსაციის მოცულობა რამდენად არის საკმარისი ან დაპირებული ჯამური მოცულობის სრულად ათვისება საშეღავათო პერიოდის დასრულებამდე მოხდება, თუ არა და მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით შემოიფარგლება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3188 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი