იტვირთება

ფაქტ-მეტრმა COVID-19-თან დაკავშირებით ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ რობერტო პეტრელას ვირუსული Facebook პოსტებისა და ვიდეოს შესახებ წინა სტატიაში უკვე იმსჯელა. მათი მიხედვით, იტალიელი გინეკოლოგი პანდემიის კონტექსტში შეთქმულების თეორიებს ანვითარებს. მოცემული სტატია კი ამ ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც რობერტო პეტრელას კიდევ ერთ დეზინფორმაციულ ვირუსულ ვიდეოსა და მასში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას განვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ რობერტო პეტრელას კორონავირუსთან დაკავშირებული თეზისები, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენამდე, სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ობიექტივში უკვე მოხვდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). საქართველოში კი პეტრელას ვირუსული ვიდეო მიმართვა რუსული თარგმანით გავრცელდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებლის ინტერესის საგანი გახდა.

ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელდა:

მასალის მომზადებისას გამოყენებულია Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle

რობერტო პეტრელას ვირუსული ვიდეო COVID – 19-ის შესახებ არაერთ ცრუ მტკიცებას შეიცავს:

მტკიცება: COVID – 19 ვაქცინაციის ხელოვნური ინტელექტით იდენტიფიკაციის სერტიფიკატია.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მსგავსი აბსურდული განცხადება იტალიელი გინეკოლოგის გარდა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი წყაროს მიერ გავრცელდა. მათი მიხედვით, COVID – 19 აბრევიატურაა, რომელიც „ვაქცინაციის ხელოვნური ინტელექტით იდენტიფიკაციის სერტიფიკატს“ (Certificate of Vaccination Identification with Artificial Intelligence) შეესაბამება, სადაც “C“ – სერტიფიკატი (Certificate), “O” - კუთვნილებით თანდებული (of), “V” - ვაქცინა (Vaccine), “ID” - იდენტიფიკაცია (Identification), ხოლო “19” – ხელოვნური ინტელექტია (AI - პირველი და მეცხრე ასო ინგლისურ ანბანში). აღნიშნული ინფორმაცია ყალბი ამბავია და ის ბილ გეიტსის იმ განცხადების ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მომავალში მათ, ვინც კორონავირუსის ტესტირებას გაივლის ან კორონავირუსის ვაქცინით აიცრება, შესაძლოა, შესაბამისი ციფრული სერტიფიკატი მიენიჭოთ. გეიტსის ეს განცხადება ადამიანების დაჩიპვისა და კონტროლის შესახებ შეთქმულების თეორიების წყარო გახდა.

სინამდვილეში, COVID – 19 კორონავირუსულ დაავადებას აღნიშნავს, რომელსაც კორონავირუსი SARS-CoV-2 იწვევს. ზოგადად, კორონავირუსები (Coronaviridae) ვირუსების ერთ-ერთ ოჯახს წარმოადგენენ, ხოლო მათ სახელწოდებაში ლათინური სიტყვა - Corona (გვირგვინი) ამ ვირუსების აგებულების გამო ფიგურირებს. საკუთრივ COVID – 19-შიც “CO” – კორონას (Corona), “VI” – ვირუსს (Virus), “D” – დაავადებას (Disease) შეესაბამება, “19“ კი იმ წელს აღნიშნავს, როდესაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო.

მტკიცება: COVID – 19 ნიშნავს არა დაავადებას, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის კონტროლისა და მათი რაოდენობის შემცირების გეგმას, რომლის განხორციელებაც 2020 წელს დაიწყეს. დაავადებას მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდნენ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პეტრელას მტკიცებით, კორონავირუსი მსოფლიო მოსახლეობის კონტროლის ან მისი ბიოლოგიური იარაღის სახით გამოყენების მიზნით შეიქმნა და ის ხელოვნურად გაავრცელეს. აღნიშნული რობერტო პეტრელას მიერ გაჟღერებული კიდევ ერთი შეთქმულების თეორიაა, რომლის მსგავსი ყალბი ამბებიც სოციალურ ქსელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება.

კორონავირუსის შესახებ ამგვარი დეზინფორმაციების გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში, ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მათი მიხედვით, COVID – 19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

იტალიელი გინეკოლოგის აღნიშნული მტკიცება ფაქტობრივ უზუსტობასაც შეიცავს. კერძოდ, ჩინეთმა უჰანში, უბეის პროვინციაში დაფიქსირებული დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის შემთხვევების შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაცია 2019 წლის 31 დეკემბერს მიაწოდა. არსებული ვარაუდით კი, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2019 წლის ნოემბერში მოხდა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ COVID – 19-ის მეშვეობით, „მსოფლიოს მოსახლეობის კონტროლისა და მისი რაოდენობის შემცირების“ მტკიცება შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, აღნიშნული „გეგმის“ განხორციელების 2020 წელს დაწყებაც ტყუილია.

მტკიცება: ვირუსს დასუსტებული იმუნური სისტემა ააქტიურებს, რასაც ვაქცინაცია იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რობერტო პეტრელა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჯერ არ შექმნილ ვაქცინას [1] შეთქმულების თეორიების გამოყენებით, ადამიანებისთვის ზიანის მომტან საშუალებად წარმოაჩენს. ვაქცინაციის საფრთხედ წარმოჩენა პეტრელას კარიერაში პირველი შემთხვევა არაა. 2019 წელს, პაპილომა ვირუსის ვაქცინის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების გამო ტერამოს (რედ: ქალაქი იტალიაში) სამედიცინო ასოციაციამ იტალიელი გინეკოლოგი საკუთარი რიგებიდან გარიცხა.

პეტრელას მიხედვით, ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. სინამდვილეში, ვაქცინა ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის მომზადებას ინფექციებთან საბრძოლველად ორგანიზმში პათოგენური მიკროორგანიზმის (ბაქტერია ან ვირუსი) არააქტიური ფორმის შეყვანით. ამასთან, ვინაიდან მიკროორგანიზმი დეაქტივირებულია, იგი ვერ გამოიწვევს დაავადებას. ვაქცინა იმუნურ სისტემას თავდაცვისაკენ აღძრავს, რაც ანტისხეულების გამომუშავებაში ვლინდება. შემდგომში, თუ ეს მიკრობი ადამიანის ორგანიზმში ხვდება, იმუნური სისტემა უკვე მზად არის მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ვაქცინების მიმართ რობერტო პეტრელას ბრალდებები უსაფუძვლოა, რამდენადაც ვაქცინა სწორედ ის პრეპარატია, რომელიც ადამიანების აქტიური იმუნიზაციისათვის დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით გამოიყენება. ვაქცინებმა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მნიშვნელოვანი გავლენა უკვე იქონია, რის ერთ-ერთი მაგალითსაც, 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმართული მრავალწლიანი კამპანიის შედეგად ინფექციური დაავადების, ყვავილის დამარცხება წარმოადგენს.

მტკიცება: ტესტებს კორონავირუსის (SARS-CoV-2) აღმოჩენა არ შეუძლიათ, ისინი ორგანიზმში ბუნებრივად არსებულ სხვადასხვა სახის ვირუსს ავლენენ. COVID – 19-ით არავინაა დაავადებული. ადამიანები ვირუსის ჯანმრთელი მატარებლები არიან.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვიდეოს მიხედვით, COVID – 19-ის ტესტებს ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის (SARS-CoV-2) არსებობის დადგენა არ შეუძლიათ. ამასთან, იტალიელი გინეკოლოგის მტკიცებით, COVID – 19-ით რეალურად არავინაა დაავადებული. ადამიანები ვირუსის მხოლოდ ჯანმრთელი მატარებლები არიან. თუმცა, ტესტირების შემთხვევაში, COVID – 19-ის ტესტები მათ ინფიცირებულობას აჩვენებს. აღნიშნულის მიზანს კი ადამიანების იმაში დარწმუნება წარმოადგენს, რომ ისინი დაავადებულები და საზოგადოებისთვის საზიანოები არიან, შესაბამისად, მათი ვაქცინაცია აუცილებელია. ხოლო რადგან „ვაქცინა ადამიანების დასუსტებისა და დაავადების წყაროა“, პეტრელას აზრით, ტესტირებაზე უარის თქმა ვაქცინისგან თავის დასაცავად ერთადერთი გზაა. ფაქტ-მეტრის ვერდიქტით, რობერტო პეტრელას ეს განცხადებაც ტყუილია.

კორონავირუსის ტესტების დაჯგუფება ორ კატეგორიად შეიძლება: სადიაგნოსტიკო ტესტები ორგანიზმში ვირუსის აღმოსაჩენად გამოიყენება, რომლის დროსაც კვლევა მოლეკულურ დონეზე (PCR ტესტით) ან ვირუსის პროტეინების გამოვლენის მეშვეობით (ანტიგენური ტესტი) მიმდინარეობს. ანტისხეულების ტესტები კი (იგივე სეროლოგიური ტესტები), ადამიანის სისხლის ნიმუშში იმუნური სისტემის მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულების აღმოსაჩენად გამოიყენება. იმის გამო, რომ ანტისხეულების გამოვლენა ინფიცირებიდან გარკვეული დროის გასვლამდე, როგორც წესი, ვერ ხდება, ამ ტიპის ტესტები ზუსტი დიაგნოსტიკისთვის ნაკლებ ეფექტურია. თუმცა, სეროლოგიური ტესტების მეშვეობით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, გადაიტანა თუ არა ვირუსი ადამიანმა - აღნიშნული მეცნიერებს ვირუსის გავრცელების მასშტაბების დადგენაში ეხმარება.

მტკიცება, რომ ტესტებს (ამ შემთხვევაში PCR ტესტებს) ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის (SARS-CoV-2) არსებობის დადგენა არ შეუძლიათ - არასწორია. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად სწორედ PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდი მიიჩნევა, რომლის ფარგლებშიც ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიაში სასუნთქი გზებიდან ტესტირებისთვის აღებული მასალის ანალიზის შემდეგ მასში ახალი კორონავირუსის რნმ-ი გამოვლინდება, ტესტი დადებითია და პიროვნების კორონავირუსით ინფიცირებულობა დასტურდება. ხოლო მაშინ, როდესაც ნაცხში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა ვერ ხდება, მიიჩნევა, რომ ადამიანი ინფიცირებული არაა. ინფიცირებულობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში დამატებითი ტესტირება ტარდება. PCR ტესტები კი, რომლებიც COVID – 19-ის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, არა ზოგადად ვირუსების, არამედ კონკრეტულად SARS-CoV-2-ის გამოვლენაზეა ორიენტირებული და პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ინფიცირებულების გამოვლენის მხრივ, მათი სიზუსტე დაახლოებით 98%-ია.

კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მსოფლიოს მასშტაბით, 31 მილიონს გადააჭარბა, საიდანაც 23 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 900 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 7 მილიონზე მეტი ვირუსს ამჟამად ებრძვის.

[1] იგულისხმება სხვადასხვა ქვეყნის მიერ მასობრივი გამოყენებისთვის ნებადართული ვაქცინა


მსგავსი სიახლეები

3305 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი