იტვირთება

რეზიუმე

ქართულ Facebook-ჯგუფებში „კორონა აფიორის დასასრულის“ შესახებ პოსტები გავრცელდა. პოსტებს თან რუსულად გახმოვანებული ვიდეო ახლდა. ვიდეოს ავტორი და გამავრცელებელი, გერმანელი იურისტი რაინერ ფიულმიხია. ის კორონა-პანდემიას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მოიხსენიებს და დამნაშავეების წინააღმდეგ სამართლებრივი საქმის დაწყებას აანონსებს. ის ვრცელ მონოლოგში სხვადასხვა თემაზე საუბრობს, რომლებშიც არაერთ უზუსტობას ვაწყდებით. აღნიშნულ პოსტებსა და ვიდეოში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ანალიზი

2020 წლის 7 ოქტომბერს, Facebook-ჯგუფებში „ანტი-მასონობა ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი(NWO); ანტი-ეკუმენიზმი“ და „კორონა აფიორა“ Facebook-მომხმარებლის Nina Marji-ის პოსტი გავრცელდა აღწერით - „ყურადღება!!!! სასიხარულო ამბავი!!! კორონა აფიორა ფაქტიურად გახსნილია და მის შემოქმედებს ელოდებათ ნიურბერგის პროცესი!!!“. პოსტს თან რუსულად გახმოვანებული ვიდეო ახლავს სათაურით „სასწრაფო სიახლე! კოვიდგენოციდის ორგანიზატორებს სასამართლო ტრიბუნალი ელოდებათ!“. ვიდეოში, გერმანელი იურისტი რაინერ ფიულმიხი, კორონავირუსის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას ატყობინებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად მსოფლიო მმართველებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულში ამხელს.

ვიდეო სახელწოდებით Crimes against humanity (კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები) 3 ოქტომბერს, რაინერ ფიულმიხმა საკუთარ youtube-არხზე განათავსა. ცნობისთვის, ფიულმიხი გერმანელი იურისტია და ფინანსური, სამედიცინო და საერთაშორისო სამართლის განხრით მუშაობს.

მოგვიანებით, 7 ოქტომბერს ვიდეოს შემოკლებული 22 წუთიანი ვერსია გამოჩნდა, რომლის ავტორიც და რუსულად მთარგმნელიც YouTube-მომხმარებელი Яков Джугашвили-ა. სწორედ ამ უკანასკნელს აქვს მანიპულაციური სათაური - „სასწრაფო სიახლე! კოვიდგენოციდის ორგანიზატორებს სასამართლო ტრიბუნალი ელოდებათ!“.

რაინერ ფიულმიხის თქმით, კორონავირუსის კრიზისს სახელი უნდა შეეცვალოს და კორონა სკანდალი ეწოდოს, ხოლო დამნაშავეები სამოქალაქო ზიანის მიყენებისთვის უნდა დაისაჯონ და სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ. პოლიტიკურ დონეზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, რომლითაც კაცობრიობის მოტყუებასა და კორუფციული გეგმებით ხალხის მანიპულაციას შესძლებს. ის ვრცელ მონოლოგში მრავალ თემას განიხილავს. მაგალითად, საჭირო იყო თუ არა გერმანიაში მკაცრი შეზღუდვების დაწესება და იქვე მკვეთრად ეწინააღმდეგება მათ; კორონავირუსს ჩვეულებრივ დაავადებად მიიჩნევს; PCR-ტესტებს უსარგებლოდ მოიხსენიებს; კორონავირუსის პანიკას მსოფლიო მმართველობაში ცვლილებების შეტანაში ადანაულებს. ქვემოთ, იურისტის რამდენიმე მტკიცებას განვიხილავთ.

PCR- ტესტირება

რაინერ ფიულმიხი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს PCR- ტესტებზე და მათ სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, PCR-ტესტი უსარგებლოა ინფიცირების დასადგენად, თუნდაც იმიტომ, რომ ცრუ დადებითი პასუხის ალბათობა 89-94%-ს შეადგენს. ამ ტესტებით, კორონავირუსი შესაძლოა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც დაუფიქსირდეთ. შესაბამისად, PCR-ტესტის დადებითი პასუხი, სულაც არ ნიშნავს რომ პიროვნება ნამდვილად ინფიცირებულია.

PCR- ტესტების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა. მტკიცება, რომ ტესტებს (ამ შემთხვევაში PCR ტესტებს) ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის (SARS-CoV-2) არსებობის დადგენა არ შეუძლიათ - არასწორია. COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად სწორედ PCR/პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდი მიიჩნევა, რომლის ფარგლებშიც ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-2-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. პჯრ მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ ლაბორატორიაში სასუნთქი გზებიდან ტესტირებისთვის აღებული მასალის ანალიზის შემდეგ მასში ახალი კორონავირუსის რნმ-ი გამოვლინდება, ტესტი დადებითია და პიროვნების კორონავირუსით ინფიცირებულობა დასტურდება. ხოლო მაშინ, როდესაც ნაცხში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა ვერ ხდება, მიიჩნევა, რომ ადამიანი ინფიცირებული არაა. ინფიცირებულობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში დამატებითი ტესტირება ტარდება. PCR ტესტები კი, რომლებიც COVID – 19-ის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, არა ზოგადად ვირუსების, არამედ კონკრეტულად SARS-CoV-2-ის გამოვლენაზეა ორიენტირებული და პროცედურების დაცვის შემთხვევაში, ინფიცირებულების გამოვლენის მხრივ, მათი სიზუსტე დაახლოებით 98%-ია.

კორონავირუსის სიკვდილიანობა სეზონური გრიპის ტოლია

რაინერის მტკიცებით, კორონავირუსის სიკვდილიანობის დონე სეზონური გრიპის სიკვდილიანობის ტოლია. ის COVID-19-ს ამჟამინდელ მდგომარეობად მოიხსენიებს და მას ისეთივე საშიშ დაავადებად ასახელებს, როგორც სეზონურ გრიპს. კორონავირუსმაც შესაძლოა გაიაროს მძიმე კლინიკური კურსი და შესაბამისად პაციენტების სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

ზემოთხსენებული მტკიცება, ასევე „ფაქტ-მეტრის“ სტატიაშია განხილული. კორონავირუსი ხშირ შემთხვევაში მართლაც იკურნება. თუმცა, COVID-19 სეზონურ გრიპთან შედარებით, გაცილებით უფრო საშიშია. მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ COVID – 19-ის სიკვდილიანობის კოეფიციენტის განსაზღვრას, თუმცა, არსებული მონაცემებით, მიიჩნევა, რომ ის სეზონური გრიპის ვირუსის შტამების უმრავლესობის სიკვდილიანობის კოეფიციენტზე გაცილებით მაღალია (შესაძლოა 10-ჯერ, ან უფრო მეტჯერაც). სეზონური გრიპისგან განსხვავებით, COVID – 19-ის საწინააღმდეგო დამტკიცებული და მასობრივ მოხმარებაში მიღებული ვაქცინა, ან სპეციალური მედიკამენტები ჯერჯერობით არ არსებობს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო პრობლემურს ხდის.

COVID-19 –ს სამედიცინო სისტემის გადატვირთვა არ გამოუწვევია

იურისტის მტკიცებით, სამედინიცო სისტემა Covid-19-ის შედეგად არ გადატვირთულა. ფიულმიხს მაგალითად აშშ-ს სამედიცინო სისტემა და ამერიკული საზღვაო სამედიცინო ხომალდი “Comfort” მოჰყავს. მისი თქმით, „კორონაპანიკის“ დროს, გემზე ათასობით ინფიცირებული პაციენტი უნდა განთავსებულიყო, თუმცა სამედიცინო პუნქტს 20 პაციენტზე მეტი საერთოდ არ მიუღია.

სამედიცინო ხომალდი პაციენტებს ნიუ-იორკში 3,5 კვირის განმავლობაში ნამდვილად ემსახურებოდა. ამ დროის განმავლობაში ის 183 პაციენტს მოემსახურა და არა ოც პაციენტს, როგორც ეს ფიულმიხმა განაცხადა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხომალდზე მკაცრი შეზღუდვები არსებობდა და მისი დანიშნულება კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობა სულაც არ ყოფილა. ხომალდზე მკურნალობა ნიუ-იორკში საავადმყოფოს საწოლების შემცირების გამო პანიკის შემსუბუქებასა და საავადმყოფოების არა კორონავირუსით ინფიცირებული, არამედ სხვა პროფილის პაციენტებისგან განტვირთვას ემსახურებოდა.

რაც შეეხება სამედიცინო სისტემის გადატვირთვას, იტალიაში, კერძოდ ბერგამოში, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სიმრავლისა და შეზღუდული რესურების გამო, პაციენტების ინტენსიური თერაპიით მკურნალობა შერჩევითი პრინციპით ხდებოდა. შედარებით მსუბუქი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შესაძლებობა ფიზიკურად აღარ არსებობდა და მსგავს პაციენტებს მკურნალობა სახლში უწევდათ. მაგალითად, ინდოეთი ახლაა სამედიცინო კოლაფსის ზღვარზე, დიდი რაოდენობით ინფიცირების შემთხვევების, მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო პერსონალის შემცირების გამო.

დემოკრატიას ფაშისტური მოდელი ჩაანაცვლებს

ფიულმიხის მტკიცებით, კორონა-პანიკას დემოკრატიული მმართველობა ფაშისტურ მოდელზე გადაჰყავს. მაგალითად, ისეთ განვითარებულ და ცივილიზებულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, კარანტინის, დისტანციის დაცვისა და ნიღბის ტარების რეგულაციების დარღვევისთვის მშობლებს შვილების წართმევით ემუქრებიან.

აღნიშნული მოსაზრების საფუძველი, სავარაუდოდ, გერმანიაში, ბრუხზალსა და ოფენბახში, დაწყებით სკოლებში მასწავლებელისა და მოსწავლის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გახდა. აღსაზრდელები სახლებში გაუშვეს და მშობლებს ბავშვების და-ძმებისგან იზოლირებულად ყოფნისა და სხვა ტიპური რეკომენდაციები მისცეს. ამ შემთხვევას, სოციალურმა მედიამ თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია მისცა. თუმცა სინამდვილეში ბავშვების მშობლებისგან წართმევა არსად განხილულა.

როგორც აღვნიშნეთ, იურისტი მონოლოგში არაერთ საკითხს განიხილავს. თუმცა, ის ძირითადად თავის მოსაზრებებს გამოხატავს, რომლებიც უმეტესწილად მცდარ ფაქტებს ეფუძნება. შესაბამისად, ქართულ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული ამბავი, რომ „კორონა აფიორა გაიხსნა და მის შემოქმედებს ნიურბერგის ტრიბუნალი ელით“ სიმართლეს არ შეესაბამება.


მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი