იტვირთება

რეზიუმე: „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კომისია, მიიჩნევს, რომ ფარული კენჭისყრის გაუქმებით და იმის უზრუნველყოფით, რომ თითოეულ ხმას თანდართული უნდა ჰქონდეს წერილობითი დასაბუთება, კანონპროექტის ცვლილებები სწორი მიმართულებით მიდის. პროგრესთან ერთად, დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ეს ცვლილებები სრულყოფილი არაა და კანდიდატთა მიმართ მიკერძოებული მოპყრობის რისკები კვლავაც არსებობს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების არასაჯაროობა, მაღალი გამსვლელი ბარიერი, გასაჩივრების ერთჯერადი მექანიზმი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრებს შორის საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა და ა.შ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში ნდობისა და გამჭვირვალობის გაზრდას ხელს არ უწყობს. ამასთან, ზოგიერთი რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა კანონპროექტში არსებული პროგრესს აზრს უკარგავს.

ანალიზი:

2020 წლის 16 ივლისს პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების კანონპროექტი დარეგისტრირდა. 18 სექტემბერს პარლამენტმა ვენეციის კომისიას კანონპროექტის შესახებ მოსაზრების მომზადების თხოვნით მიმართა. თუმცა, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მოსაზრებას და 30 სექტემბერს კანონპროექტი დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო. ვენეციის კომისიამ კანონპროექტზე მოსაზრება 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა. კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება. არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს – არ მოგვისმენია. მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა“.

რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი?

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები საჯარო გახდა. ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოსმენების დასრულების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კანდიდატებს აფასებენ ქულებით, ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. [1] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს მისთვის მინიჭებულ თითოეულ ქულას და კანონით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. შეფასებებსა და დასაბუთებებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა მიეთითება. ეს ინფორმაცია ცნობილია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვის. ამასთან, კანდიდატების მიერ მიღებულის ქულები, შეფასებები, ასევე, მათი დასაბუთებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის მითითების გარეშე, მათი პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს კენჭს უყრის, იმ რაოდენობამდე დაყვანის მიზნით, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყრება კენჭი, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით [2] შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი კეთილსინდისიერების კრიტერიუმს [3] აკმაყოფილებს. საბჭოს ყოველი წევრი ბიულეტენში არაუმეტეს იმ რაოდენობის კანდიდატს შემოხაზავს, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. ბიულეტენში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. კენჭისყრის დასრულებისთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოველი წევრი, მის მიერ მხარდაჭერილი თითოეული კანდიდატისთვის, ხმის მიცემის წერილობით დასაბუთებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს წარუდგენს. დასაბუთებაში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. კენჭისყრის დასრულებისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს სხვა წევრების თანდასწრებით, დახურულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგებს თვლის. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაცაა გამოცხადებული. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა იმ კანდიდატს მიენიჭება, რომელმაც შეფასებისას მეტი ქულა დააგროვა, ხოლო თუ ეს ქულებიც თანაბარია, იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.

შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენას კენჭი სათითაოდ ეყრება. კანდიდატი წარდგენილად ჩაითვლება, თუ მას საბჭოს ღია სხდომაზე მხარს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. თუ ამ კენჭისყრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მხარი არ დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც წინა კენჭისყრისას დაუჭირა მხარი, იგი კენჭისყრის დასრულებისთანავე თავისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს წარუდგენს. პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება და საბჭოს წევრთა დასაბუთებები, საბჭოს წევრთა ვინაობის მითითების გარეშე, მათი პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშნების მითითებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისას აგრეთვე საბჭოს ყოველი წევრის პირობითი საიდენტიფიკაციო ნიშანი და იმ კანდიდატის ვინაობა მიეთითება, რომელსაც საბჭოს ამ წევრმა დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი, ცნობილი მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვისაა. ამასთან, ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება აკრძალულია.

დასაბუთების სტანდარტთან ერთად, ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ:

• კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო;

• კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო;

• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;

• ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, არსებითად მცდარია, რის დასადასტურებლადაც კანდიდატმა შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;

• კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.

საჩივრის წარდგენის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევის პროცესს შესაბამის ეტაპზე აჩერებს, ვიდრე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს წარმოებაში მიღებიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს. საკვალიფიკაციო პალატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახალ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც აღარ საჩივრდება.

ვენეციის კომისიისა რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასა და დანიშვნაზე.

2020 წლის 9 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესხებ, მოსაზრება გამოაქვეყნა. მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანდოობის მიმართ არსებულ პრობლემების გამო, საქართველოს სიტუაცია უჩვეულოა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გამჭვირვალობის, ძალიან მაღალ სტანდარტს მოითხოვს. ამიტომაც, ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მოსმენების საჯაროობისა და დასაბუთების სტანდარტის შემოღებას. კომისიას მიაჩნია, რომ ახალი ცვლილებები, დასაბუთების სტანდარტის ნაწილში ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციას შეესაბამება. [4]

ასევე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატებისთვის კენჭისყრის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მათი ქულები და შეფასებები შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა გამოსარკვევად, თავისთავად საკმარისი უნდა იყოს. ამასთან, კომისიისთვის შემაშფოთებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს შეუძლია, კენჭისყრებს შორის საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალოს. კომისია ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილების ცვლილების დასაბუთების ვალდებულების მიუხედავად, ეს მექანიზმი დამსახურებაზე დაფუძნებული შეფასების სისტემასთან შეუსაბამოა.

დასკვნის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კენჭისყრაში დაფიქსირებული პოზიცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფართო საზოგადოებისთვის. ეს საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქმედებათა კონტროლსა და მის მიმართ ნდობის გაზრდას ხელს შეუწყობს. კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ, ინფორმაციის არასაჯაროობა, შერჩევის პროცესში მონაწილე, წარუმატებელ კანდიდატებს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ურთულებს. ამიტომაც, ხსენებული ინფორმაციის არასაჯაროობა კანონის 34 (3) მუხლის მიზანთან, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს გულისხმობს, წინააღმდეგობაშია.

ასევე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა საკმარისი არაა. ერთჯერადი გასაჩივრების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს, იგივე გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ დაუშვებლად სცნო. ამიტომაც, კომისიას მიაჩნია, რომ რეკომენდაციებთან შესაბამისობისთვის საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, მეორედ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყოს. ამასთან, ხელახალი გადწყვეტილების მიღებისას, საჭიროა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან, იმ წევრების გამორიცხვა, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქცევა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ უკვე დადგენილია.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანდიდატთა მიმართ სამართლიანი და თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად რეკომენდირებულია, რომ კანდიდატების მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობის შესახებ კანონში შესაბამისია ჩანაწერი გაკეთდეს. ამასთან, კომისიის აზრით, კანდიდატთა შერჩევის პროცესში გამსვლელი ბარიერი ძალიან მაღალია და კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ზედმეტად დამოკიდებულს ხდის. აღნიშნულმა შესაძლოა, სასამართლო სისტემის სანდოობაზე ნეგატიურად იმოქმედოს. კომისიამ წინა მოსაზრების მსგავსად, ყურადღება გაამახვილა ჩიხის (ე.წ. დედლოქი) რისკზეც, რომელიც შესაძლოა, შერჩევის პროცესში წარმოიქმნას. კერძოდ, ნაგულისხმევია პროცედურა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერას, პარლამენტისთვის წარდგენილად ჩაითვლებიან. მოსაზრებაში აღნიშნულია, თუ ვაკანტურ პოზიციაზე ორი კანდიდატი იქნება წარდგენილი, ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკითხავია, როგორ მოიპოვებს საბჭოს წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერას.

მოსაზრების ბოლოს, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ახალი ცვლილებები ნაწილობრივ შეესაბამება კომისიის მიერ გაცემულ რეკომედაციებს, თუმცა რიგი რეკომენდაციები კვლავაც გაუთვალისწინებელი დარჩა. ამასთან, კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა კომისიის მიერ მოსაზრების მომზადებას და 2020 წლის 30 სექტემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კომისია, მიიჩნევს, რომ ფარული კენჭისყრის გაუქმებით და იმის უზრუნველყოფით, რომ თითოეულ ხმას თანდართული უნდა ჰქონდეს წერილობითი დასაბუთება, კანონპროექტის ცვლილებები სწორი მიმართულებით მიდის. თუმცა, ასევე, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების არასაჯაროობა, მაღალი გამსვლელი ბარიერი, გასაჩივრების ერთჯერადი მექანიზმი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრებს შორის საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა და ა.შ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში ნდობისა და გამჭვირვალობის გაზრდას ხელს არ უწყობს. ამასთან, ზოგიერთი რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა კანონპროექტში არსებულ პროგრესს აზრს უკარგავს. შესაბამისად, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ ვენეციის კომისიას მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება, არის მეტწილად მცდარი.

1. სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატი „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ 35(1) მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ფასდება. ხოლო, სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატი 36(4) მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.

2. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერის უნარი; დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში; ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ზ) პროფესიული აქტივობა.

3. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ე) ფინანსური ვალდებულება.

4. 2019 წელს ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნის პროცედურების შესახებ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის კრიტიკულად იყო შეფასებული კანდიდატის ფარული კენჭისყრით არჩევის საკითხი. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილების საბუთებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის არ არსებობის საკითხები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი