იტვირთება

დეზინფორმაცია: კორონავირუსი ბიოლოგიური შეტევაა და მისი მკურნალობა ორთქლის ინჰალაციითაა შესაძლებელი

ვერდიქტი:ფაქტ-მეტრისდასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

ანალიზი:

2020 წლის 22 ოქტომბერს, „სამეფო არხის“ ტელეწამყვანმა დავით გიორგობიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მტკიცებით, FBI-მ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი ჩინურ უნივერსიტეტთან და ვუჰანში კვლევით ცენტრთან კავშირის გამო დააპატიმრა. მისი აზრით, აღნიშნული ფაქტი განამტკიცებს ვერსიას, რომ კორონავირუსი ჩინეთის მთავრობის დაგეგმილი ბიოლოგიური შეტევაა. პოსტის თანახმად, დაკავებულმა პროფესორმა კორონავირუსთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ცხელი წყლის ორთქლის ინჰალაცია დაასახელა. აღნიშნულ პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ყალბ ამბავს წარმოადგენს.

დეზინფორმაცია: პროფესორის დაკავება განამტკიცებს ვარაუდს, რომ კორონავირუსი დაგეგმილი ბიოლოგიური შეტევაა

პოსტის მტკიცებით, ბოსტონელი პროფესორის დაკავება კორონავირუსთან არის დაკავშირებული. ეს ფაქტი კი თავის მხრივ, განამტკიცებს ვარაუდს, რომ კორონავირუსი ჩინეთის დაგეგმილი ბიოლოგური შეტევაა. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს (FBI) მიერ ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორის დააკავების ფაქტი პოსტში მანიპულაციურად არის გამოყენებული. სინამდვილეში, 2020 წლის 28 იანვარს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჩარლზ ლიბერსა და ჩინეთის ორ მოქალაქეს ბრალი წაუყენა. მათ შორის, ჩინელ მკვლევრებს, რომლებიც ბოსტონის უნივერსიტეტსა და საავადმყოფოში მუშაობდნენ, ჩინეთის მთავრობის აგენტობაში ადანაშაულებდნენ.

რაც შეეხება პროფესორ ჩარლზ ლიბერს, მან 2011 წელს ვუჰანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (WUT) თანამშრომლობა ისე დაიწყო, რომ ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტმა არაფერი იცოდა. ლიბერი ვუჰანის უნივერსიტეტის „სტრატეგიული მეცნიერი“ გახდა და სხვადასხვა ანაზღაურების (ხელფასები, გრანტები) სანაცვლოდ ჩინეთის ათასობით „ინტელექტუალურ პროექტში” მონაწილეობდა. ლიბერი სწორედ ამ პროექტებში მონაწილეობის დაფარვის გამო დააკავეს.

ბრალდება აშშ-ის ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის ნაწილია. ამ პოლიტიკის მიზანი ამერიკული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების დაცვაა, რომლის მოპარვასაც აშშ-ს მთავრობის თქმით, ჩინეთი ცდილობს.

მიუხედავად რეალური მიზეზისა, პროფესორის დაკავება დეზინფორმატორებმა თავიდანვე კორონავირუსის შექმნასა და გაყიდვასთან დააკავშირეს. თუმცა, ჩარლზ ლიბერის ბრალეულობას კორონავირუსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

შესაბამისად, პოსტში წამოჭრილი მოსაზრება რომ კორონავირუსი ბიოლოგიური შეტევაა, რომელსაც თავის მხრივ პროფესორის დაკავება განამტკიცებდა, ასევე მცდარია. კორონავირუსის წარმოშობის შესახებ დღემდე არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა.

კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციების გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში, ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. ისინი ამტკიცებენ, რომ COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

დეზინფორმაცია: კორონავირუსს ცხელი წყლის ორთქლის ინჰალაცია კურნავს

ინტერნეტ სივრცეში არაერთი მცდარი რეკომენდაცია გავრცელდა, რომელიც კორონავირუსის მოსაკლავად საზოგადოებას წყლის ადუღებასა (ზოგჯერ სხვადასხვა ინგრედიენტებით-ლიმონი, ფორთოხალი) და მისი ორთქლის შესუნთქვას ურჩევდა. ამ პროცედურის ხანგრძლივობა მკაცრად განსაზღვრული არ არის (15 წუთი, მეტი ან ნაკლები). თუმცა, მტკიცება, რომ კორონავირუსი ცხელი წყლის ინჰალაციით იკურნება, მცდარია.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ორთქლის თერაპიით კორონავირუსის მკურნალობის რეკომენდაციებს არ გასცემს. ამასთანავე, ორთქლის ინჰალაცია ზრდის დამწვრობის რიკს.

შესაბამისად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოსტონის პროფესორი კორონავირუსთან კავშირის გამო დააკავეს, კორონავირუსი ბილოგიური იარაღია და კორონავირუსის მკურნალობა ცხელი წყლის ორთქლის ონჰალაციითაა შესაძლებელი,ყალბი ამბავია.

კორონავირუსით დაინფიცირების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი;
• ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით;
• მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან/არ გამოიყენოთ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები;
• ხველისა და ცემინებისას პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი აიფარეთ.


მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი