იტვირთება

ლაშა ხუციშვილი: 2019 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ფინანსთა მინისტრის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც. პანდემიის წინა წლებში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდებოდა და 2019 წელს 17.6%-მდე ჩამოვიდა. თუმცა აღნიშნული ძირითადად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით იყო განპირობებული და არა დასაქმების ცვლილების დადებითი ტენდენციით. უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს და ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია,“ ის გადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად აღარ მიიჩნევა. შესაბამისად, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც მცირდება.

დასაქმებულთა და სამუშაო ძალის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს დაფიქსირდა. 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით, დასაქმებულთა რაოდენობა კი 12.6 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შემცირდა უმუშევრობის დონეც - 21.9%-დან 17.6%-მდე.

მინისტრი დასაქმების მაჩვენებლებს და სამუშაო ძალის შემცირებას უგულებელყოფს და უმუშევრობის მაჩვენებელს პოზიტიურად წარმოაჩენს, რაც რეალობას აცდენილია.

ანალიზი

11 ივნისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „უმუშევრობის დონე პანდემიის ეფექტიდან გამომდინარე არის გაზრდილი. 2019 წელს უმუშევრობის დონე ფაქტობრივად ჩამოსული იყო ისტორიულ მინიმუმამდე, რაც კი ჰქონია ქვეყანას დამოუკიდებლობის შემდგომ“.

პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 54.1 ათასით შემცირდა. უმუშევრობის დონე განსაკუთრებით გასული წლის ბოლო კვარტალში და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიზარდა. 2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონემ 20.4%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.8 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9% შეადგინა. 2021 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 133 ათასით შემცირდა.

უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც. წინა წლებში უმუშევრობის დონე [პროცენტული მაჩვენებელი] ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა აღნიშნული ძირითადად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის კლებით იყო განპირობებული. საქსტატის მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის [სამუშაო ძალის] შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში, ეს არის ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელი“, რომლებიც უმუშევართა რიგებს აკლდებიან, თუმცა არ არიან დასაქმებულები.

2010-2019 წლებში [1], ტექნიკურად, უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა, რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებით იყო გამოწვეული და არა დასაქმების ზრდით. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (დასაქმებულთა და სამუშაოს მაძიებელთა ჯამური ოდენობა) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (1,675.6 ათასი) 2015 წელს დაფიქსირდა. 2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდება, ანუ მოსახლეობის ნაწილი სამუშაო ძალის გარეთ აღმოჩნდა, შედეგად, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონეც შემცირდა. 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი - 12.6 ათასით. ამავე პერიოდში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე კი უმუშევრობის დონე 21.9%-დან 17.6%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 2: დასაქმება და უმუშევრობა 2011-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1]2020 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის წარმოების ახალი სტანდარტზე გადავიდა და უმუშევრობა/დასაქმების სტატისტიკის გადაანგარიშება მოხდა, 2010 წლიდან. მონაცემების ანალიზისას, 2010 წლამდე პერიოდთან შედარება არამართებულია, რადგან უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგია განსხვავებულია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3307 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი