იტვირთება

ხატია დეკანოიძე: საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ათეულშია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ხატია დეკანოიძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ILO-ს მონაცემებით, ტექნიკურად საქართველო უმუშევრობის დონით, 186 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულს შორის მე-13 ადგილს იკავებს. აღნიშნული სტატისტიკა საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობის დონის 2020 წლის მაჩვენებელს, უმეტეს შემთხვევაში კი 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდის [2019 წლის და 2014-2018 წლების] მონაცემებს ასახავს. სხვადასხვა წლის მონაცემების, მით უმეტეს, პანდემიამდე და შემდგომი პერიოდის, ერთმანეთთან შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს და მანიპულაციურია.

გარდა ამისა, მეთოდოლოგია, რომლითაც უმუშევრობის მაჩვენებელი გამოითვლება, სხვადასხვა ქვეყნისთვის განსხვავებულია და შესადარებლად მათი გამოყენება არამართებულია.

ანალიზი

11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა: „საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს ათეულშია“.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უმუშევრობის სტატისტიკა 186 ქვეყნის და ტერიტორიული ერთეულის მაჩვენებელს მოიცავს. აღნიშნული სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში / ტერიტორიულ ერთეულში უმუშევრობის დონის სხვადასხვა წლის მაჩვენებელს ასახავს. საქართველოს შემთხვევაში უმუშევრობის დონის 2020 წლის მაჩვენებელია აღებული, უმეტეს შემთხვევაში კი, 2020 წლამდე, ანუ პანდემიამდე პერიოდის [2019 წლის და 2014-2018 წლების] მონაცემებია გამოყენებული. [თითოეული ქვეყნის შემთხვევაში უმუშევრობის დონის ბოლო მაჩვენებელი, რაც იყო ხელმისაწვდომი]. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გლობალურად, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უმუშევრობის დონეზე ნეგატიური გავლენა ჰქონდა. 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით, 18.5%-მდე გაიზარდა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა წლის მონაცემების ერთმანეთთან შედარება არამართებულია, პანდემიამდე და შემდგომი პერიოდის ერთმანეთთან შედარება, რეალურ სურათს კიდევ უფრო ამახინჯებს და მანიპულაციურია.

მეორე მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შედარება არასწორია, ეს არის უმუშევრობის სტატისტიკის აღრიცხვის განსხვავებული მეთოდოლოგია. ILO-ს მიერ შემოთავაზებული უმუშევრობის დათვლის ახალი სტანდარტი ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში, შრომის სტატისტიკოსთა მე-20 საერთაშორისო კონფერენციაზე, შევიდა ძალაში. რიგ ქვეყნებში ის უკვე დაინერგა, თუმცა არა ყველაში. საქართველო ILO-ს მიერ შემოთავაზებულ ახალი სტანდარტზე გასულ წელს გადავიდა და უმუშევრობა/დასაქმების სტატისტიკის გადაანგარიშება მოხდა. ახალი მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირება მოხდა, ნაწილი უმუშევართა კატეგორიაში, ნაწილი კი სამუშაო ძალის მიღმა გადავიდა. შედეგად, უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო სამუშაო ძალა, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა შემცირდა, რასაც უმუშევრობის დონის მკვეთრი ზრდა მოჰყვა.

გრაფიკი 1: 2010-2019 წლებში უმუშევრობის დონე (%), ძველი და ახალი მეთოდოლოგიით

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ILO-ს მონაცემებით, საქართველო უმუშევრობის დონით, 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილს იკავებს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი შედარება მანიპულაციურია და რეალურ სურათს ამახინჯებს.

წყარო: შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი