იტვირთება

ალტ-ინფო კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით მანიპულაციურ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

ალტ-ინფო კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ გზავნილებს ავრცელებს. კერძოდ, ალტ-ინფოს დამფუძნებელმა ზურა მახარაძემ განაცხადა: „6 თვეში რაღაც ვაქცინა გააკეთეს, მთელი ისრაელი აიცრა და ახლა ისევ ტალღა აქვთ, ანუ არ მუშაობს. ეს არის ექსპერიმენტული პრეპარატი... არ გაუვლია ყველა საჭირო კვლევა, ფორსმაჟორში გააკეთეს“.

მტკიცება: 6 თვეში რაღაც ვაქცინა შეიქმნა... ეს არის ექსპერიმენტული პრეპარატი... არ გაუვლია ყველა საჭირო კვლევა, ფორსმაჟორში გააკეთეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. ამასთან, ავტორიზებული ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ არის ექსპერიმენტული.

პანდემიის პერიოდში კოვიდვაქცინების შესაქმნელად, გლობალურად, ტექნოლოგიური, ფინანსური და ადამიანური რესურსების უპრეცედენტო მობილიზება მოხდა. შედეგად, სტანდარტულ ვადებთან შედარებით, ძალიან მოკლე დროში შეიქმნა.

ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებით არის დამტკიცებული. ვაქცინას გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მხოლოდ მას შემდეგ ენიჭება, რაც კლინიკური კვლევის სამივე ფაზას წარმატებით გაივლის.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

კოვიდვაქცინებმა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც მიენიჭათ ავტორიზაცია. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

მტკიცება: მთელი ისრაელი აიცრა და ახლა ისევ ტალღა აქვთ, ანუ არ მუშაობს

ვერდიქტი: მანიპულირება

მსოფლიოში „დელტა“ ვარიანტი დომინანტური ხდება, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, მათ შორის, ვაქცინირებულ მოსახლეობაშიც. ახალ შტამებზე ვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან თავის დასაცავად.

სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ფაიზერის [2 დოზა] ეფექტურობა 88%-ია. ასტრაზენეკას ვაქცინა კი [ორი დოზა] „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-იან ეფექტურობას ავლენს.

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ იცვლება, რაც სწორედ, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. დღიურად გარდაცვალების დაახლოებით 1 ან 2 შემთხვევა ფიქსირდება.

აღნიშნულ მანიპულაციასთან დაკავშირებით, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით, ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3308 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი