იტვირთება

30 ივლისს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ის იტალიელი, გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ექიმების გარდაცვალებას კოვიდპანდემიის წინააღმდეგ მათ მიერ ღიად გამოთქმულ პროტესტს უკავშირებს. პოსტის მიხედვით, გერმანიაში გარდაიცვალა ექიმი იენს ბენგენი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში კოვიდპანდემიას და მთლიან სისტემას ღიად უპირისპირდებოდა. მასალის თანახმად, პროკურატურა, თავის მხრივ, ექიმზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა ლიცენზია ჩამოერთმიათ. პოსტში იტალიელ ექიმ ჯუზეპე დე დონოს გარდაცვალებაზეც არის საუბარი. მასალაში აღნიშნულია, რომ ბენგენის და დე დონოს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი თვითმკვლელობაა. თუმცა, ავტორი პოსტში ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თვითმკვლელობის შემთხვევები ეჭვქვეშ დგას და მათი გარდაცვალების რეალური მიზეზები კოვიდპანდემიასთან დაპირისპირებას უკავშირდება.

ექიმ იენს ბენგენის გარდაცვალების მიზეზის ძიებისას დადგინდა, რომ ბენგენი იყო უროლოგი გერმანიიდან, კასელის რაიონიდან. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, 2019 წლიდან ის საექიმო პრაქტიკას არ ახორციელებდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე არაერთ კომენტარს აკეთებდა. მისი მტკიცებით, კორონავირუსი მთავრობებისა და მედიის მიერ არის გამოგონილი. ბენგენი საკუთარ Youtube-არხზე - „Sword of Truth“ („სიმართლის მახვილი“) - ავრცელებდა ვიდეოებს ისეთი სათაურებით, როგორიცაა „კორონა აფიორა“ და აღწერით: „რა არის ეს გლობალური „მეგა-კრიზისი“, გამოგონილი მედიის და ამ მედიაზე დამოკიდებული პოლიტიკოსებისა და ინტერესთა ჯგუფების მიერ?“. მის ვიდეოებში განმეორებით ჩნდებოდა სიმბოლოები, მაგალითად Q ასო - QAnon-ის მოძრაობის სიმბოლო. ეს მოძრაობა კონსპირაციებსა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს. ბენგენის სახელს უკავშირდება ყალბი სერტიფიკატების გავრცელება, რომელიც მფლობელს ნიღბის ტარებისგან გაათავისუფლებდა. სერტიფიკატს, რომლის გადმოწერაც ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი პირისთვის იყო შესაძლებელი, თან ერთოდა ბენგენის ხელმოწერა და წარწერა: „აქვე ვადასტურებ, რომ სამედიცინო მიზეზების გამო პირბადის ტარება, არ არის მიზანშეწონილი ზემოხსენებული პირისათვის. პატივისცემით, ექიმი იენს ბენგენი“.

აღსანიშნავია, ბენგენის გარდაცვალების შესახებ ცნობა და მისი დაკავშირება ბენგენის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებთან, მხოლოდ არაოფიციალურ, კონსპირაციულ ვებგვერდებზე გვხვდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

რაც შეეხება იტალიელ ექიმ ჯუზეპე დე დონოს, ცნობილია, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გადაწყვიტა, ჯერ მანტუას საავადმყოფოში, შემდეგ კი იტალიის სხვა საავადმყოფოებშიც კოვიდპაციენტების ჰიპერიმუნური პლაზმით თერაპია ეცადა. აღნიშნულმა თერაპიამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია - რეალურად, კორონავირუსით ინფიცირებულების განკურნებისთვის მისი გამოყენება, რამდენად შედეგიანი იქნებოდა. 2021 წლის აპრილში AIFA-ს (იტალიის მედიცინის სააგენტო) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ პირველი 30 დღის განმავლობაში, პლაზმურ თერაპიას რესპირატორული დაავადების შემსუბუქებაში სარგებელი მოაქვს. ამასთან ერთად, 2020 წლის ნოემბერში ბუენოს აირესის იტალიური ჰოსპიტლის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ჰიპერიმუნური პლაზმის გამოყენებას COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებზე არანაირი შედეგი არ აქვს.

ჯუზეპე დე დონომ 2021 წლის ივნისში კარლო პომას საავადმყოფოში თავისი მოღვაწეობა დაასრულა. მოგვიანებით, 27 ივლისს - დე დონო თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იტალიური ონლაინ მედიასაშუალების, La repubblica-ს თანახმად, პირველადი მონაცემები ცხადყოფს, რომ ექიმმა თავი ჩამოიხრჩო. ექიმის სიკვდილი კონსპირატორებმა თავიანთი ანტივაქსერული კამპანიის გასაძლიერებლად გამოიყენეს. თუმცა, ექიმის ოჯახმა განაცხადა, რომ დე დონო არასდროს ყოფილა ანტივაქსერთა მომხრე.

ფეისბუქ-მომხმარებელი საკუთარ პოსტში ცდილობს გახმაურებული ქართული საქმეების ანალოგიის მოყვანით - მკითხველი დაარწმუნოს, რომ ექიმების თვითმკვლელობა მათ მიერ კოვიდის პანდემიის გამო სისტემასთან არსებულ დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. სინამდვილეში, ერთ შემთხვევაში, გერმანელი ექიმი, რომელმაც პანდემიის დაწყებამდე დაანება საექიმო პრაქტიკას თავი, ყალბ სერტიფიკატებს გასცემდა, რომელიც მფლობელს პირბადის ტარებისგან ათავისუფლებდა. რაც შეეხება იტალიელ ექიმს, ის კოვიდის პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე განსხვავებულ აზრს აფიქსირებდა, რომლის სიმცდარეც შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა. აქედან გამომდინარე, კონსპირაციული თეორიაა იმის მტკიცება, რომ ექიმების თვითმკვლელობა, მათი მხრიდან სისტემასთან დაპირისპირებას უკავშირდება. მომხდარის ამგვარი ინტერპრეტაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი