2013 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა, განაცხადა: ,,ჩვენ ჩავიბარეთ ეკონომიკა, რომელშიც იყო 23 გადასახადი და გადასახადების ყველაზე მაღალი დატვირთვა. ჩვენ დაგიტოვეთ ეკონომიკა, რომელშიც არის სულ 5 გადასახადი და თქვენ თვითონ ხედავთ, რა ქვეყნების გვერდზეა დღეს საქართველო გადასახადების სიდიდის თვალსაზრისით. დღეს, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო არის ყველაზე მომხიბლავი ქვეყანა. 2003 წელს ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყოს 300 ლიცენზია, 600 ნებართვა და 2012 წელს დაგიტოვეთ ქვეყანა, სადაც არის 92 ლიცენზია და 52-მდე ნებართვა. ეს არის დაახლოებით 90-70%-იანი კლება... სავაჭრო ბარიერები, რომლებიც ასევე ძალიან დიდი იყო 2003 წელს და იმპორტის განხორციელებაზე საშუალოდ 52 დღე, ექსპორტზე კი 54 დღე იყო საჭირო, მინიმუმამდე, 4-5 დღემდე დავიდა’’.

machფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ეს განცხადება სიმართლეს.

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით, საქართველოში 2003 წლამდე არსებობდა 21 სახის გადასახადი, რომლებიც, რეფორმების შედეგად, 6-მდე შემცირდა. აქედან, ხუთი მათგანი საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადს განეკუთნება, ხოლო ერთი (ქონების გადასახადი) - ადგილობრივ გადასახადს. 2009 წელს, ,,Forbses’’-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ის ჩამორჩება მხოლოდ ყატარს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ჰონგ-კონგს.

2012 წლის 23 ოქტომბერს, ყოველწლიური ანგარიშის, Doing Business-ის ახალი რეიტინგი - Doing Business 2013 გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო, ბიზნესის კეთების სიმარტივით, 185 ქვეყნიდან მე-9 ადგილს იკავებს. აღნიშნული რეიტინგი დგება საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (International Financial Corporation) და მსოფლიო ბანკის (World Bank) მიერ. ბიზნესის კეთების სიმარტივით პირველ ათეულში, ხოლო გადასახადების სიმცირის მიხედვით - მსოფლიოს პირველ ხუთეულში ყოფნა, ნამდვილად მოწმობს იმას, რომ საქართველო, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანადაა აღიარებული.

mach1

ლიცენზიებისა და ნებართვების შემცირებას ადასტურებს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციაც, რომელზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა მთლიანობაში 90%-ით შემცირდა. მიხეილ მაჭავარიანის განცხადების მსგავსია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ 2010 წლის 19 მარტს გაკეთებული განცხადებაც, რომლის მიხედვით, 2005 წელს ძალაში შევიდა კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ. აღნიშნული განცხადება გულისხმობდა იმ საქმიანობების რიცხვის 800 ერთეულით შემცირებას, რომლებიც მანამდე ლიცენზირებასა და ნებართვის გაცემას ექვემდებარებოდა. ლიცენზიებისა და ნებართვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 92 ლიცენზია და 52 ნებართვა გვაქვს.

გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სავაჭრო ბარიერების შემცირებას. 2008 წლის 9 იანვარს გამოიცა სახელმწიფო მინისტრის, ნიკა გილაურის ბრძანება N989, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ავტომატიზებული სისტემის ,,ASYCUDA” -ს შემოღებას. აღნიშნული პროგრამის საშულებით, საბაჟო პროცედურები მნიშვნელოვნად არის გამარტივებული. იმ შემთხვევში, თუ ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგშია, ტვირთის განბაჟების მაქსიმალური დრო 1 საათს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონის შექმნამდე, ტვირთის განბაჟებას საშუალოდ 1-დან 2 კვირამდე სჭირდებოდა.

დასკვნა

მიხეილ მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადების პირველი ნაწილი, რომელიც გადასახადების შემცირებას ეხება, სიმართლეს შეესაბამება, რადგან გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირება ნამდვილად მოხდა. თუმცა, რეალურად გადასახადები 21-დან (და არა 23-იდან) 6-მდე შემცირდა, საიდანაც 5 სახელმწიფო გადასახადია, ხოლო 1 - ადგილობრივი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა, ხოლო გადასახადების სიმცირის მიხედვით კი - მეოთხეზე, საქართველო მართლაც შეიძლება მივიჩნიოთ ბიზნესის კეთების მხრივ მიმზიდველ ქვეყანად.

ლიცენზიებისა და ნებართვების 90%-ით შემცირებას გვიდასტურებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც, რაც ასევე თანხვედრაში მოდის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებასთან.

ასევე, დღეს საბაჟო პროცედურები გაცილებით გამარტივებულია იმასთან შედარებით, რაც ეკონომიკური ზონის შექმნამდე იყო. ,,ASYCUDA”-ის პროგრამის საშუალებით, საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ მაჭავარიანის მიერ გაკეთებული განცხადების მოცემული პუნქტი ზუსტად არ ემთხვევა ჩვენს მიერ მოძიებულ მონაცემებს, ბარიერების შეზღუდვა და აუცილებელი პროცედურების გავლისთვის საჭირო დროის შემცირება მაინც სახეზე გვაქვს.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადება: ,,ჩვენ ჩავიბარეთ ეკონომიკა, რომელშიც იყო 23 გადასახადი და გადასახადების ყველაზე მაღალი დატვირთვა. ჩვენ დაგიტოვეთ ეკონომიკა, რომელშიც არის სულ 5 გადასახადი და თქვენ თვითონ ხედავთ, რა ქვეყნების გვერდზეა დღეს საქართველო გადასახადების სიდიდის თვალსაზრისით. დღეს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო არის ყველაზე მომხიბლავი ქვეყანა. 2003 წელს ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყოს 300 ლიცენზია, 600 ნებართვა და 2012 წელს დაგიტოვეთ ქვეყანა, სადაც არის 92 ლიცენზია და 52-მდე ნებართვა. ეს არის დაახლოებით 90-70 % -იანი კლება.... სავაჭრო ბარიერები, რომლებიც ასევე ძალიან დიდი იყო 2003 წელს და იმპორტის განხორციელებაზე საშუალოდ 52 დღე, ექსპორტზე კი 54 დღე იყო, მინიმუმამდე, 4-5 დღემდე დავიდა’’, არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია