საქართველოს პარლამენტის 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორედ წარდგენილი ვარიანტის განხილვისას, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ განაცხადა: „2 მლნ. ლარზე მეტით შემცირდა მეცნიერების დაფინანსება. მე ასეთი დასკვნა თქვენ მიერ მოწოდებული რიცხვების საფუძველზე გამომაქვს. მიმდინარე წელს მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი იყო 35,732. მლნ ლარი. გარდა ამისა, უნივერსიტეტების ხელშესაწყობად გამოყოფილი იყო 10 მლნ. ლარზე მეტი და აქედან 5 მლნ. იყო სუბსიდიები ამ უნივერსიტეტებში გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტებისათვის. ჯამში ეს გამოდიოდა 40,720 მლნ. ლარი. დღევანდელს თუ შევადარებთ, 38,425 ლარს, გამოდის, რომ უკვალოდ გაქრა 2, 235 მლნ. ლარი“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატის მიერ გაცხადებული ფაქტების სიზუსტით დაინტერესდა და საკითხის შესწავლა გადაწყვიტა.

დეპუტატის ეს განცხადება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში მეორედ წარდგენილი ვარიანტის განხილვისას გაკეთდა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში კი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი კიდევ ერთხელ გადაამუშავა და საკანონმდებლო ორგანოში მესამედ წარადგინა. დეპუტატის განცხადების სიზუსტეს ჩვენ, ცხადია, მეორე წარდგენით არსებულ ვარიანტთან მიმართებით განვიხილავთ. თუმცა, ასევე ვაჩვენებთ, თუ რამდენად იქნა იგი გათვალისწინებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში.

საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორედ წარდგენილ ვარიანტში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამისთვის 38,425 მლნ.ლარი იყო გამოყოფილი, რაც ამავე პროგრამის დაფინანსების შარშანდელ მაჩვენებელს 2,693 მლნ. ლარით აღემატება.

kig3

როგორც 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორედ წარდგენილ ვარიანტშია აღნიშნული, ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სსიპ-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სსიპ-საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სსიპ-ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, სსიპ-გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, სსიპ-შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სსიპ-საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. პროგრამის მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოში მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების გამართვა, სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და სახელმწიფოს მიერ დამსახურებულ მეცნიერთა ფინანსური მხარდაჭერა.

ამასთანავე, როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ამავე პროექტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება არ გაითვალისწინეს, რაც 2013 წელს 10,5 მლნ–ს, ხოლო 2012 წელს 18,030 მლნ. ლარს შეადგენდა.

kig2

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და ღიაობა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიური თავისუფლება, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების და მათი შესრულების კონტროლის პროცესში, პირის ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გამოყოფილი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის პროფესიული განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აკადემიური პერსონალის გაცვლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალური ბაზის რეაბილიტაციისა და მათი აღჭურვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელების მიზნებით.

2013 წელს გამოყოფილი 10,5 მლნ. ლარიდან 4,988 მლნ. მართლაც უნივერსიტეტების სუბსიდირებაზე იყო გათვალისწინებული, საიდანაც 2,683 მლნ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იღებდა, 1,216 მლნ-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 328000 ლარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 110000 ლარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 150000 ლარს კი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტში (მესამე წარდგენა) მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით 49,707 მლნ. ლარია გამოყოფილი, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 13,975 მლნ-ით აღემატება. ამასთან, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში კვლავაც არაა გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით.

kig

შესაბამისად, თუკი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ რიცხვს (35,732 მლნ + 4,988 მლნ = 40,720 მლნ) ავიღებთ, გამოდის, რომ შარშანდელთან შედარებით ამ მიმართულებით დაფინანსება 8,987 მლნ. ლარით (49,707 მლნ - 40,720 მლნ) გაიზარდა.

დასკვნა

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მეორედ წარდგენილ ვარიანტში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამისთვის 38,425 მლნ. ლარი იყო გამოყოფილი, რაც ამავე პროგრამის დაფინანსების შარშანდელ მაჩვენებელს 2,693 მლნ. ლარით აღემატება. სახელმწიფო ბიუჯეტის ამავე პროექტში აღარ იყო გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება, რაც 2013 წელს 10,5 მლნ-ს, 2012 წელს კი 18,030 მლნ. ლარს შეადგენდა. აქედან 4,988 მლნ. მართლაც უნივერსიტეტების სუბსიდირებაზე იყო გათვალისწინებული. თუკი უნივერსიტეტების დაფინანსების ამ გზასაც მეცნიერების ხელშეწყობისკენ გადადგმულ ნაბიჯად მივიჩნევთ, მაშინ გამოდის, რომ 2013 წელს ამ მიმართულებით 40,720 მლნ ლარი დახარჯულა, რაც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ 38,425 მლნ. ლარს 2,295 მლნ-ით აღემატება.

ამავდროულად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით 38,425 მლნ-ის ნაცვლად 49,707 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 13,975 მლნ-ით აღემატება. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში კვლავ არაა გათვალისწინებული დაფინანსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ დეპუტატის კრიტიკა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეხება. შესაბამისად, თუკი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დასახელებულ რიცხვს (40,720 მლნ) ავიღებთ, გამოდის, რომ შარშანდელთან შედარებით ამ მიმართულებით დაფინანსება 8,987 მლნ ლარით (49,707 მლნ) გაიზარდა.

თუმცა, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, დეპუტატის განცხადების სიზუსტეს ჩვენ ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენით არსებულ ვარიანტთან მიმართებით ვამოწმებთ. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის განაცხადება: „2 მლნ. ლარზე მეტით შემცირდა მეცნიერების დაფინანსება. მე ასეთი დასკვნა თქვენ მიერ მოწოდებული რიცხვების საფუძველზე გამომაქვს. მიმდინარე წელს მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისათვის გამოყოფილი იყო 35,732 მლნ. ლარი. გარდა ამისა, უნივერსიტეტების ხელშესაწყობად გამოყოფილი იყო 10 მლნ. ლარზე მეტი და აქედან 5 მლნ. იყო სუბსიდიები ამ უნივერსიტეტებში გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტებისათვის. ჯამში ეს გამოდიოდა 40,720 მლნ. ლარი. დღევანდელს თუ შევადარებთ, 38,425 ლარს, გამოდის, რომ უკვალოდ გაქრა 2, 2335 მლნ. ლარი“, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი