2013 წლის 27 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა, ზურაბ ჩილინგარაშვილმა რაიონში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2012 წელს ადიგენის რაიონის ორ დიდ სოფელში გაზიფიკაციის პროცესი ფაქტობრივად დასრულებული იყო, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამუშაოები შეჩერებულია და არაფერი კეთდება.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადების სიზუსტით და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

ჩვენს საპარლამენტო კორესპონდენტს ზურაბ ჩილინგარაშვილმა განუცხადა, რომ გაზიფიკაციის პროცესი ადიგენის ორ სოფელში, უდესა და არალში, 2012 წლის მაისში დაიწყო და იმავე წლის ოქტომბერში შეჩერდა. რაც შეეხება გაზის მილების მოპარვის ფაქტს, დეპუტატის განცხადებით, მას ორგანიზებული ხასიათი არ ჰქონია. უყურადღებოდ დატოვებული მილები დაზიანდა და ისინი მოსახლეობამ მიისაკუთრა.

ჩვენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც დავუკავშირდით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოების ნაწილი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ შეასრულა. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გაზიფიკაციის სამუშაოების შეჩერების მიზეზი, ასევე ის, თუ რატომ არ გაგრძელდა იგი ერთი წლის განმავლობაში განმარტებული არ არის. თუმცა, უწყების ინფორმაციით, სამუშაოების მეორე ნაწილის შესრულებაზე პასუხისმგებლობა სააქციო საზოგადოება „საქორგგაზს“ დაეკისრა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2013 წლის 15 ნოემბრის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით, „საქორგგაზთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზიფიკაციის პროცესი დასრულდება. 2002 აბონენტი, მათ შორის უდისა და არლის მოსახლეობაც საერთო ქსელში ჩაერთვება.

ფაქტ-მეტრი ასევე ადიგენის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ არსენ ბალახაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, გაზიფიკაციის პირველი ეტაპი ადიგენის მინუციპალიტეტში 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. არალსა და უდეში არალი-ახალციხის 12 კილომეტრიანი ცენტრალური მილსადენის მშენებლობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდშივე გაზის მტუმბავიც დაამონტაჟეს. ოქტომბრის დასაწყისში ეს პროცესი ცენტრალური მილსადენის სოფელ არლამდე მიყვანით დასრულდა. სამუშაოების ამ ნაწილის შესრულებაზე, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იყო პასუხისმგებელი. ადიგენის გამგებლის მოვალეობის შემსრულების განცხადებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ გაზიფიკაციის პროცესი შეჩერებულია და მეორე ეტაპი, რაც შიდა ქსელების დამონტაჟებას ითვალისწინებს, ჯერ არ დაწყებულა. მისი განცხადებით, ადგიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფორმაციას არ ფლობს, თუ როდის გაგრძელდება შიდა ქსელის გაყვანის სამუშაოები. ხოლო რაც შეეხება ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებას მილების მოპარვის თაობაზე, გამგებლის განცხადებით, მისთვის ასეთი ფაქტის შესახებ ცნობილი არ არის.

დასკვნა

ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გაზიფიკაციის პირველი ეტაპი 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოების პირველი ნაწილი ახალციხე-არალის ცენტრალური მილსადენისა და გაზის მტუმბავის დამონტაჟებით, 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, გაზიფიკაციის პროცესი მართლაც შეჩერებულია. გაზიფიცირების სამუშაოების ძირითადი ფაზა დასრულებულია და მხოლოდ სოფლების შიდა ქსელით უზრუნველყოფაღა რჩება გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიკაციის დასრულების ვადა პროექტით არის გაწერილი, არალსა და უდეში გაზიფიკაციის სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს, ასევე უცნობია ის, თუ რატომ იყო სამუშაოები გაჩერებული ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება მილების მოპარვას, ამ ფაქტის გადამოწმება ვერ მოხერხდა. საქმეზე არ არის საგამოძიებო სამუშაოები დაწყებული, ინფორმაციას არც ადიგენის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ ფლობს. თუმცა ეს არ გამორიცხავს მოსახლეობის მიერ მილების თვითნებურად მითვისების ფაქტს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვენლობა არ აქვს, რადგან ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი სწორად სვამს ძირითად პრობლემას გაზიფიცირების სამუშაოების შეჩერების შესახებ. მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, ისე ადიგენის მუნიციპალიტეტში.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი