2013 წლის 14 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატმა, ვახტანგ ლემონჯავამ, სიტყვით გამოსვლისას 2014 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა და განაცხადა: „მინდა გითხრათ, რომ 261 მლნ. ლარიანი ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის რეალური ზრდა; საბიუჯეტო შემოსავლები 42,7 მლნ. ლარით მცირდება და ბიუჯეტის ზრდა 1,132 მლნ-იანი სესხით არის გამოწვეული.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გადაემოწმებინა განცხადებაში მოყვანილიმონაცემების სიზუსტე და დეპუტატის მოსაზრება 2014 წლის ბიუჯეტის არარეალურ ზრდასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ დეპუტატმა განცხადება 14 ნოემბერს გააკეთა და იგი ბიუჯეტის მეორე წარდგენით ხელმძღვანელობდა, ჩვენც ამ დოკუმენტს დავეყრდენით.

ცხრილი: 1 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მაჩვენებლები (მეორე წარდგენა)

lem

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემოსულობები 8,661,800 ათასი ლარია; 2013 წლის გეგმის მიხედვით კი 8,425,500 ათასი ლარი. აქედან ნათელია, რომ 2014 წელს 236 მლნ-იანი ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, რაც 25 მლნ-ით ნაკლებია დეპუტატის მიერ დასახელებულ 261 მლნ-ზე.

ცხრილიდან ასევე ნათელია, რომ შემოსავლები 2014 წელს 7,379,800 ათასი ლარით არის განსაზღვრული; 2013 წლის გეგმის მიხედვით კი - 7,422,500 ათასი ლარით. აქედან, ასევე ნათელია, რომ 2014 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 42.7 მლნ-იან კლებას აქვს ადგილი. ეს კი იმ რიცხვს წარმოადგენს, რაც დეპუტატმა განცხადებისას დაასახელა.

ცხრილის მიხედვით, 2014 წელს ვალდებულებების ანუ ვალის ზრდა 1,132 მლნ. ლარით არის განსაზღვრული. ეს რიცხვიც, ასევე, დეპუტატის მიერ მოყვანილ მონაცემს წარმოადგენს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ვალიდან 732 მლნ. ლარი საგარეო, ხოლო 400 მლნ. კი საშინაო ვალს წარმოადგენს.

ცხრილი 2: კონსოლიდირებული ბიუჯეტის მონაცემები

lem

როგორც ცხრილი 2-დან ვხედავთ, 2004 წლიდან შემოსავლები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ერთადერთი გამონაკლისი 2009 წელია (რუსეთ-საქართველოს შორის ომის შემდგომი პერიოდი).

როგორც ცხრილი 1-დან ვხედავთ, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 236 მლნ. ზრდას ძირითადად ვალდებულებების ზრდა განაპირობებს, ანუ სახელმწიფოს მიერ დამატებითი ვალის აღება. 2013 წელს სახელმწიფომ 868 მლნ. ლარი ისესხა, 2014 წელს კი 264 მლნ. ლარით მეტი - 1,132 მლნ. ლარის სესხება აქვს დაგეგმილი (მეორე წარდგენის მიხედვით). ბიუჯეტის 236 მლნ. ზრდაც სწორედ ამ დამატებითმა - 264-მა მილიონმა განაპირობა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტი ეკონომიკის ზრდის ხარჯზე კი არა, არამედ სესხების ხარჯზე იზრდება.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ ბიუჯეტის უკვე მესამე, საბოლოო წარდგენის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის შემოსულობები, ნაცვლად 8,662 მლნ. ლარისა (რაც ბიუჯეტის მეორე წარდგენის მიხედვით იყო), 9,105 მლნ. ლარით არის განსაზღვრული. ეს მონაცემი 2013 წლის იგივე პუნქტის მონაცემს 680 მლნ. ლარით აღემატება. საბიუჯეტო შემოსავლები მესამე წარდგენის მიხედვით 7,319 მლნ. ლარს შეადგენს, რაც 2013 წლის გეგმით განსაზღვრულ შემოსავლებზე 104 მლნ. ლარით ნაკლებია. რაც შეეხება 2014 წლის ვალდებულებებს, ნაცვლად 1,132 მლნ. ლარისა, იგი 1,636 მლნ. ლარით არის განსაზღვრული, რაც 2013 წლის იგივე პუნქტის მონაცემს 768 მლნ. ლარით აღემატება. შესაბამისად, ბიუჯეტის ბოლო წარდგენის მიხედვით, 2014 წლის ბიუჯეტის 680 მლნ-იანი ზრდა 768 მლნ. ლარიანი სესხით არის გამოწვეული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიუჯეტის ვალების და არა ეკონომიკის ზრდის ხარჯზე მატებას.

დასკვნა

დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას განცხადებით, 2014 წელს ბიუჯეტის არარეალურ ზრდასთან გვაქვს საქმე. კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ 2014 წელს ბიუჯეტის (მეორე წარდგენის მიხედვით) 236 მლნ-იანი ზრდა არის გათვალისწინებული; საბიუჯეტო შემოსავლები 42.7 მლნ ლარით მცირდება, მაშინ, როდესაც იგი 2004 წლიდან (2009 წლის გარდა-რუსეთ-საქართველოს შორის ომის შემდგომი პერიოდი) მოყოლებული ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ჩვენ ასევე დავადგინეთ, რომ შემოსულობების ზრდა ძირითადად ვალდებულებების ზრდით არის განპირობებული და, შესაბამისად, ბიუჯეტი ეკონომიკის ზრდის ხარჯზე კი არა, არამედ დამატებითი თანხის სესხების ხარჯზე იზრდება.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება: „261 მლნ. ლარიანი ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის რეალური ზრდა; საბიუჯეტო შემოსავლები 42.7 მლნ. ლარით მცირდება და ბიუჯეტის ზრდა 1,132 მლნ-იანი სესხით არის გამოწვეული’’, არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი