2013

წლის 13 ნოემბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, განაცხადა: „ეკონომიკური ზრდის იმიტაცია, რომელიც იქმნებოდა წინა წლებში, ადამიანებს არ უგვრძნიათ, იმიტომ, რომ საქართველოში არ შემცირებულა არც უმუშევრობა, არც სიღარიბე“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული განცხადება სიმართლეს და ის გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე

დაყრდნობით,2012 წელს უმუშევრობის დონე საქართველოში 15%-ს შეადგენდა, დასაქმების დონე კი 56.8%-ს. 2003 წელს უმუშევრობის დონე 11.5%-ს შეადგენდა, დასაქმების დონე კი 58.6% იყო. შესაბამისად, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2012 წლის დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები 2003 მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესებულია.

xadu

ცხრილიდან ასევე ჩანს, რომ უმუშევრობის დონე გაიზარდა 2004-2005 წლებში, რაც ძირითადად სახელმწიფო სექტორში კადრების შემცირებით და ეკონომიკის რესტრუქტურიზაციით იყო გამოწვეული. შემდეგ წლებში, უმუშევრობის დონე იცვლებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპის შესაბამისად, კერძოდ, 2006-2007 წლებში კლების ტენდენციაა, 2008-2009 წლებში კი უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო 2010-2012 წლებში კი ისევ კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.

ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებზე ასახულია სამუშაო ძალის, დასაქმებისა და უმუშევრობის დინამიკა 1998-2012 წლებში.

xadu2 xadu3 რაც შეეხება სიღარიბეს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საქსტატის“ მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012 წელს 9.7%-ს შეადგენს. თუმცა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შეფარდება მოსახლეობის რაოდენობასთან) მონაცემები მხოლოდ 2007 წლიდან მოგვეპოვება

და 2003 წლის მონაცემებთან მათი შედარების საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია.

როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, 2007 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 6.4% იყო. რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ და მისგან გამოწვეული ეკონომიკური დაღმასვლის შედეგად, ეს მაჩვენებელი 2009 წელს 9.9%-ს მიუახლოვდა. 2009-2012 წლების მონაკვეთში კი ეს მაჩვენებელი გაუმჯობესების ტენდენციით არ ხასიათდებოდა. თუმცა, 2012 წლის მაჩვენებელი 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია, 2007 წელთან შედარებით კი გაზრდილია 3.3%-ით.

xadu4

იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის მაჩვენებლები მხოლოდ 2007 წლიდან მოგვეპოვება და 2012 წლისა და 2003 წლების მაჩვენებლების შედარების საშუალება არ გაგვაჩნია, რთული სათქმელია საქართველოში სიღარიბე გაიზარდა თუ შემცირდა ამ პერიოდში. ამასთან, მონაცემები დათვლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და ისინი სოციალური დახმარების მიმღებ პირთა ოდენობას აღრიცხავს და არა უშუალოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობას.

რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებს, უნდა აღინიშნოს, რომ „საქსტატის“ მიერ დათვლილი ორივე ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 2013 წელს უფრო დაბალია, ვიდრე 2004 წელს, ანუ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები მცირედით, თუმცა მაინც გაუმჯობესებულია.

xadu5

აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება და სიღარიბის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის რეალურობაზე მსჯელობისა და ცალსახა დასკვნის გაკეთების საკმარისი პარამეტრები არ გახლავთ. სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებლებში აღმოფხვრა ეკონომიკური ზრდასთან ერთად დამოკიდებულია შემოსავლების განაწილების პოლიტიკაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად სოციალურად ორიენტირებულია ფისკალური პოლიტიკა.

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა შესაძლოა არ იზრდებოდეს, თუკი ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს (მაგალითად, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება) და სახეზეა ტექნოლოგიური პროგრესი, დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდა და ა.შ.

2004-2012

წლებში ნომინალური მშპ გაიზარდა 3-ჯერ, რეალური მშპ 1.7-ჯერ, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3-ჯერ, ქვეყნის ბიუჯეტი 7.5-ჯერ, პენსია 8.5-ჯერ, საშუალო ნომინალური ხელფასი 4.5-ჯერ, ექსპორტი 5.1-ჯერ და ასე შემდეგ. ამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ჩრდილოვანი ეკონომიკის და კორუფციის დონის შემცირებით, ბუნებრივია, შეუძლებელი იყო და არც 2004 წლამდე არსებული ეკონომიკის სიდიდე იძლეოდა ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების მიღწევის საშუალებას. შესაბამისად, ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები მხოლოდ ეკონომიკის რეალური ზრდით იქნა მიღწეული და ამდენად, ფინანსთა მინისტრის პათოსი, რომ 2003-2012 წლებში ეკონომიკური ზრდა ხელოვნური და იმიტირებული იყო, ცალსახად შორსაა რეალობისგან.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ნამდვილად არ გაუმჯობესებულა. 2012 წელს უმუშევრობის დონე, 2004 წელთან შედარებით გაზრდილია 2.4%-ით, ხოლო, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის კლების ტენდენცია არ შეინიშნება უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობითი სიღარიბე მეტწილად უჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ეროვნული შემოსავალი მოსახლეობას შორის და არა რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში. ამ უკანასკნელის გამომხატველია აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 2007 წლიდან მოგვეპოვება და რომლის გაუარესებაც 2008-2009 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

რაც შეეხება მშპ-ის ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეკონომიკის ზრდის ტემპის იმიტაციის თაობაზე, იგი ცალსახად მცდარია. უტყუარ ფაქტს წარმოადგენს ის, რომ ქვეყნის ნომინალური მშპ გაზრდილია 3-ჯერ, რეალური მშპ 1.7-ჯერ, ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური შემოსავალი 3.8-ჯერ, ბიუჯეტი 7.5-ჯერ და ა.შ. ფაქტია ისიც, რომ ეს მაჩვენებლები მხოლოდ ეკონომიკის რეალური ზრდის შედეგად იქნა მიღწეული. შესაბამისად, ამ მაჩვენებლების მნიშვნელობის ნიველირება და მათ იმიტირებულობაზე საუბარი, ეკონომიკური თვალსაზრისით, საფუძველს მოკლებულია.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით რომ ნოდარ ხადურის განცხადება, „ეკონომიკური ზრდის იმიტაცია, რომელიც იქმნებოდა წინა წლებში, არ უგვრძნია ადამიანებს, იმიტომ რომ საქართველოში არ შემცირებულა არც უმუშევრობა, არც სიღარიბე“, არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი