2013 წლის 26 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“კანონის ცვლილებები

განიხილებოდა. ამ განხილვას მთავრობის წარმომადგენლის, შალვა თადუმაძის და საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის დისკუსია მოჰყვა. ცვლილება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის განათლების დაფინანსებას ეხებოდა. ჩიორა თაქთაქიშვილი მოითხოვდა, რომ კანონპროექტში არსებული ტერმინის „გამყოფი ხაზის“ ნაცვლად „საოკუპაციო ხაზი“ ჩაწერილიყო. თაქთაქიშვილმა მთავრობის წარმომადგენელს შემდეგი კითხვით მიმართა: „რა არის მთავრობის არგუმენტი, რის გამოც მან უარი განაცხადა ოპოზიციის შემოთავაზებაზე, „გამყოფის ხაზის“ სანაცვლოდ ჩაწერილიყო „საოკუპაციო ხაზი“?

შალვა თადუმაძემ დეპუტატს უპასუხა: „2010 წელს პრეზიდენტის განკარგულებით სამართლებრივად დადგინდა, რომ „გამყოფი ხაზის“ ცნება შემოტანილ იქნას სტრატეგიაში, რომელიც  მიმართული იყო ამ კონფლიქტურ ზონებთან მიმართებაში. შემდეგ, 2011 წელს, მაშინდელმა პარლამენტმა დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სადაც ჩაწერა „გამყოფი ხაზი“. იმავე წელს პარლამენტმა ბიუჯეტის შესახებ კანონი დაამტკიცა, სადაც გაწერა, თუ როგორ ფინანსდება კონკრეტული ღონისძიებები „გამყოფ ხაზთან“ მიმართებაში. 2012 წელსაც ბიუჯეტის შესახებ კანონშიც იგივე ტერმინი იყო გამოყენებული. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს სხვანაირად აისახოს ის ტერმინი, რომელიც  2010 წელს დაადგინა მაშინდელმა პრეზიდენტმა“.

მთავრობის წარმომადგენლის პასუხს თაქთაქიშვილი შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „კარგი იქნებოდა თქვენ ასე ზედმიწევნით შეგესრულებინათ პრეზიდენტის სხვა განკარგულებები, ბრძანებები და ინიციატივები, როგორიც იყო პრეზიდენტის სასახლე და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. თქვენი არგუმენტი, რომ თითქოს სამართლებრივი სხვა შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია, არასწორია“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კანონპროექტი, რომელსაც 26 დეკემბერს მესამე მოსმენით განიხილავდნენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხება. კერძოდ, კანონს დაემატა მუხლი 897,

რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტები, რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, სახელმწიფოსგან სასწავლო გრანტს მიიღებენ.

ფაქტ–მეტრი ტერმინებთან დაკავშირებული სიტუაციის გარკვევას შეეცადა.

2010 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით მიღებულ იქნა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“.

ამ დოკუმენტში მართლაც არის  ტერმინი -„გამყოფი ხაზ(ებ)ი“. ტერმინთა განმარტებაში „გამყოფი ხაზები“ განიმარტება, როგორც: „ოკუპანტი ძალის მიერ შექმნილი საოკუპაციო ხაზები, რომლითაც ოკუპირებული ტერიტორიები გამოყოფილია საქართველოს დანარჩენ ნაწილებიდან“. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ დოკუმენტის მხოლოდ ამ ნაწილში მოიხსენება.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს დამტკიცებულ „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში“ „გამყოფი ხაზი“, ისევ მოიხსენება და ის რაიმე ცვლილებას არ განიცდის. კერძოდ, კონცეფციაში წერია: „საქართველო მოწოდებულია, შექმნას ისეთი ფორმატები და წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან და ოკუპაციის შედეგად გამყოფი ხაზებით“

დაშორიშორებული საქართველოს მოქალაქეების ურთიერთობათა გაღრმავებას”.

2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნულია: „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოსახლეობის საქართველოს სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ სივრცეში მოქცევა და გამყოფი ხაზით

დაშორიშორებულ ხალხებს შორის ნდობის აღდგენა“.

დასკვნა შალვა თადუმაძე სწორად მიუთითებს იმ დოკუმენტების შესახებ, სადაც ტერმინი „გამყოფი ხაზის“ გამოყენება დამკვიდრდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში

საერთოდ არ გვხვდება ტერმინები „საოკუპაციო ხაზი“ და „გამყოფი ხაზი“, რომელიც ერთ-ერთ ძირითად საკანონმდებლო ბაზას წარმოადგენს ოკუპაციასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, შალვა თადუმაძის პათოსი მართალია იმის შესახებ, რომ მთავრობას ნამდვილად გააჩნია დისკრეცია, გამოიყენოს დამკვიდრებული ტერმინი „გამყოფი ხაზი“. თუმცა, ფაქტ-მეტრის აზრით, ცალსახა მტკიცება, რომ ამა თუ იმ კანონპროექტში არანაირი სამართლებრივი ბაზა არ არსებობს „საოკუპაციო ხაზის“ გამოყენებისა და მხოლოდ „გამყოფი ხაზის“ გამოყენებაა შესაძლებელი, არაზუსტია. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, „საოკუპაციო ხაზი“ 2010 წლის სტრატეგიაში „გამყოფი ხაზის“ განმარტებისთვის გამოიყენება. თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სხვა დოკუმენტები ვერ მოვიძიეთ, სადაც ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ იქნებოდა ნახსენები.

შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ შალვა თადუმაძეს განცხადება: ”სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ტერმინი „გამყოფი ხაზი“ სხვანაირად აისახოს, რომელიც  2010 წელს დაადგინა მაშინდელმა პრეზიდენტმა“, არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი