უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

ლევან დავითაშვილი: უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2023 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 78 მლნ დოლარი შეადგინა. 2024 წელს 14%-ით მეტი - 89 მლნ დოლარი. ბრუნვა თითქმის მთლიანად იმპორტის ხარჯზე ფორმირდება, რომელიც 85 მლნ-ს აჭარბებს. იმპორტი ნაკლებადაა დივიერსიფიცირებული და მასში 50%-ზე დიდი წილი სამკურნალო საშუალებებს უკავია. ექსპორტის მოცულობა ძალიან მცირეა და მხოლოდ 3.2 მლნ-ს აღწევს.

რაც შეეხება Wizz Air-ს, ის ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და მისი დახმარებით ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში ფრენა რამდენიმე ათეულ ევროდ პირველად გახდა შესაძლებელი. გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით 2024 წელს Wizz Air-მა 17%-იანი წილით პირველი ადგილი დაიკავა. 2025 წლის ივნისის მდგომარეობით, უნგრული ავიაკომპანია ქუთაისიდან რეისებს 25 ქალაქის მიმართულებით ასრულებს.

საგარეო ვაჭრობის ნაწილში ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული მონაცემი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აკლია დაზუსტება. სიმართლეა ისიც, რომ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, Wizz Air საქართველოში #1 ავიაკომპანიაა. ძირითადად სწორი მონაცემების, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი გარემოებების (ექსპორტის სიმცირისა და არადივერსიფიცირებული იმპორტის) უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ლევან დავითაშვილმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა: „საქართველოს უნგრეთთან ვაჭრობის კუთხით აქვს წინსვლა და 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა“... „უნგრეთის ავიაკომპანია WizzAir -ი საქართველოში წარმომადგენლობას აფართოებს და დღეს საქართველოს ავიაბაზრის ნომერი პირველი ავიახაზებია, რომელიც საქართველოს დაახლოებით 28 მიმართულებასთან აკავშირებს“.

2023 წელს უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვამ 78 მლნ დოლარს, ხოლო 2024 წელს 14%-ით მეტს - 89 მლნ დოლარს, მიაღწია. 2013-2020 წლებში სავაჭრო ბრუნვა უნგრეთთან საშუალოდ 50 მლნ დოლარს შეადგენდა, 2021 წლიდან კი ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან უნგრეთი სავაჭრო ბრუნვაში რიგით მე-14 ადგილს იკავებს. მას ძირითადად ეკონომიკითა და მოსახლეობით დიდი ზომის ქვეყნები უსწრებენ, ისეთები, როგორიცაა: გერმანია, იტალია და საფრანგეთი, თუმცა უნგრეთზე დიდი სავაჭრო ბრუნვა საქართველოს ბულგარეთთან და ლიეტუვასთანაც გააჩნია.

ბრუნვის უდიდესი ნაწილი 85 მლნ-ზე მეტი იმპორტზე მოდის. ექსპორტი კი მხოლოდ 3.2 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 2.4 მლნ ადგილობრივი ექსპორტია. ექსპორტში პირველ ადგილზე 943 ათასით ტანსაცმლის თარგებია, 630 ათასით მეორე ადგილზე სატელეფონო აპარატები. ღვინის წილი ამ ისედაც მცირე ექსპორტში მიზერულია და 3 ათას დოლარს შეადგენს.

გრაფიკი 1: საგარეო ვაჭრობის ბრუნვა უნგრეთთან (მლნ. აშშ დოლარი)


წყარო: საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2024 წელს უნგრეთიდან იმპორტში 50 მლნ დოლარით პირველი ადგილი სამკურნალო საშუალებებმა დაიკავა. სამკურნალო საშუალებები ბოლო წლებში უნგრეთიდან იმპორტში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა და ყოველთვის 50%-იან წილს აჭარბებდა.

იმპორტში 4 მლნ-ით მეორე ადგილზე ხორცის კონსერვები გავიდა. 3 მლნ-ს გადააჭარბა ასევე ჰიგიენის საშუალებებისა და მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა. 2024 წელს საქართველომ უნგრეთისგან 127 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.

უნგრეთის წილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში ევროკავშირის ბაზარზე 1.7%-ია, მთლიანად მსოფლიოში - 0.4%. ცალკე აღებული ექსპორტი ევროკავშირში - 0.7% და მსოფლიოში - 0.05%. ეს მონაცემები არ შეიძლება მნიშვნელოვნად ჩაითვალოს, თუმცა ბოლო წლებში თანხობრივი ზრდა მაინც შესამჩნევია, აღნიშნულის მიუხედავად, უნგრეთის წილი მთლიან საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში მაინც არ გაზრდილა. ამის მიზეზი მსუბუქი ავტომობილების გაზრდილი რეექსპორტია, რამაც თავის მხრივ ბრუნვა ორმაგად დააჩქარა.

რაც შეეხება უნგრულ ბიუჯეტურ ავიაკომპანია Wizz Air-ს ის საქართველოში 2012 წელს შემოვიდა (ხელშეკრულება 2012 წლის ივნისში გაფორმდა). Wizz Air-ის დახმარებით, ქუთაისის აეროპორტიდან ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში მოხვედრა რამდენიმე ათეულ ევროდ გახდა შესაძლებელი. 2024 წლის მდგომარეობით, Wizz Air 17%-იანი წილით, გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით საქართველოში პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს კონკურენტს თურქეთის ავიახაზებს თითქმის 2.5-ჯერ უსწრებს. Wizz Air 21%-იანი წილით პირველი იყო 2023 წელსაც და ასევე პირველი იყო 13%-იანი წილით 2022 წელსაც.

გრაფიკი 2: მგზავრთნაკადი ავიაკომპანიების მიხედვით (ათასი მგზავრი)


წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

2025 წლის ივნისის მდგომარეობით, ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air-ით ევროპის 13 ქვეყნის 24 ქალაქში მოხვედრაა შესაძლებელი, რასაც ერთი აზიური ქვეყანა - არაბთა გაერთიანებული საამიროები, კერძოდ, ქალაქი აბუ-დაბიც ემატება. ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად, რომსა და პარიზში რეისები სხვადასხვა აეროპორტში სრულდება. ამავე დროს მიმართულებების რაოდენობა და ფრენების სიხშირე ეტაპობრივად იზრდება.

საგარეო ვაჭრობის ნაწილში ლევან დავითაშვილის მიერ დასახელებული მონაცემი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა აკლია დაზუსტება. ზრდის მიუხედავად, ექსპორტის მოცულობა მაინც ძალიან მცირეა და შეიძლება მიზერულადაც შეფასდეს. რაც შეეხება Wizz Air-ს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, ის საქართველოში ნამდვილად პირველ ადგილზეა და უახლოეს კონკურენტს თითქმის 2.5-ჯერ ასწრებს. ძირითადად სწორი მონაცემების, მაგრამ ამავე დროს ცალკეული მნიშვნელოვანი გარემოებების (ექსპორტის სიმცირისა და არადივერსიფიცირებული იმპორტის) უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ლევან დავითაშვილის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

ყველა სიახლე