2013 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, პეტრე ცისკარიშვილმა, განაცხადა: „მარტის საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, ინვესტიციები არ გაზრდილა, ვაჭრობა [საგარეო] არ გაზრდილა, გარდა ექსპორტის ძალიან კონკრეტული მიმართულებებისა, რომელშიც რუსეთმა შეუწყო ხელი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ტყვედ რომ გიზით მატროსოვის ციხეში, იმ კაცის მიერ შექმნილმა საავტომობილო ვაჭრობის ჰაბმა რუსთავში. ავტომობილებით ვაჭრობა და რეექსპორტი დღეს ქართული წარმოების მთლიან საექსპორტო ჩამონათვალში პირველ ადგილზეა“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დეპუტატის ამ განცხადებით და ის გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2013 წლის პირველ 9 თვეში ქვეყანაში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 697.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია. თუ მარტის შემდგომ პერიოდს ავიღებთ (რაზედაც დეპუტატი საუბრობს), ანუ ფაქტიურად მხოლოდ მეორე და მესამე კვარტლებს ერთად, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2013 წლის მეორე და მესამე კვარტალში ერთად 471.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (416.7 მლნ. აშშ დოლარი).

cisk

რაც შეეხება ვაჭრობას, უფრო სწორად საგარეო ვაჭრობას (დეპუტატი ამ უკანასკნელზე აკეთებს აშკარად აქცენტს), ჩვენ ექსპორტის უმსხვილესი დარგები ავიღეთ და მათი 2013 წლის მონაცემები წინა წლის მონაცემებს შევადარეთ. ცხრილში მოცემული საექსპორტო 10 დარგიდან, რომელთა პროდუქციის ექსპორტი 50 მლნ აშშ დოლარს აღემატება, 8-ის ექსპორტი გაზრდილია, ხოლო 2-ის კი - შემცირებული.

cisk1

თუ მარტის შემდგომ სტატისტიკას, ანუ მეორე და მესამე კვარტლებისა და ოქტომბრის თვის მონაცემებს გადავხედავთ, მოცემული საექსპორტო 10 დარგიდან, რომელთა პროდუქციის ექსპორტი 50 მლნ აშშ დოლარს აღემატება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7-ის ექსპორტია გაზრდილი, ხოლო 3-ის კი - შემცირებული.

Untitled

რაც შეეხება, მთლიან ექსპორტს, 2013 წლის 10 თვის მაჩვენებელმა 2,305.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.1%-ით მაღალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მარტის შემდგომი სტატისტიკით კი 2013 წლის აპრილ-ოქტომბრის პერიოდში ექსპორტმა 1,740.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.2%-ით მაღალია.

2013 წელს (10 თვის მონაცემებით) ექსპორტმა რუსეთში 130.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2012 წელს ეს მაჩვენებელი 37.2 მლნ აშშ დოლარი იყო. 2013 წელს (10 თვის მონაცემებით), რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში 5.7% იყო, ხოლო 2012 წლის ანალოგიური მაჩვენებელი - 1.9%.

2013 წლის მარტის შემდგომი სტატისტიკით (აპრილ-ოქტომბრის პერიოდი), რუსეთში ექსპორტმა 116.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2012 წლის შესაბამის პერიოდში, რუსეთში მხოლოდ 31.7 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა.

cisk3

Untitled1

მართალია 2013 წელს, რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ზრდამ საკმაო წვლილი შეიტანა მთლიანი ექსპორტის გაზრდაში, მაგრამ ვაჭრობა სხვა ქვეყნებთანაც გაიზარდა. მაგალითად, ექსპორტის ზრდამ აზერბაიჯანსა და სომხეთში [2013 წლის 10 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით] 58.5 და 47.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის ზრდამ ევროკავშირის ქვეყნებში კი - 156.6 მლნ. აშშ დოლარი. აქვე, აღსანიშნავია რომ, 2013 წლის 10 თვის მონაცემებით, აშშ-ში ექსპორტი შემცირებულია 68.2 მლნ აშშ დოლარით.

2013 წლის აპრილ-ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოდან საზღვარგარეთ 1740.4 მლნ აშშ დოლარის ექპორტი გავიდა, რაც წინა წლის მონაცემებზე 20.2%-ით მეტია.

cisk4

2013 წლის პირველი 10 თვის მდგომარეობით, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 568.7 მლნ აშშ დოლარით ქვეყნის მთლიან ექსპორტში 24.7%-ს შეადგენს, რის მიხედვითაც იგი უდავოდ ყველაზე დიდი საექსპორტო დარგია საქართველოში.

2013 წლის პირველი 10 თვის მდგომარეობით, ავტომობილების რეექსპორტი 85.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ხოლო აპრილ-ოქტომბრის პერიოდში კი 50.2 მლნ აშშ დოლარით.

cisk5

ექსპორტისგან განსხვავებით არ გაზრდილა იმპორტი. 2013 წლის აპრილ-ოქტომბრის მანძილზე იმპორტის ოდენობამ 4,704.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2012 წლის შესაბამისი მაჩვენებელი კი 4,810.8 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, იმპორტი 2013 წლის აპრილ-ოქტომბერში 2.2%-ით შემცირდა. თუმცა, იმპორტის შემცირება არ გახლავთ ცალსახად უარყოფითი მოვლენა, იმპორტის შემცირება ხელს უწყობს წმინდა ექსპორტის [ექსპორტს - იმპორტი] ზრდას, რაც თავის მხრივ მშპ-ს ზრდის.

cisk6

დასკვნა

2013 წლის მარტის შემდეგ მთლიანი ექსპორტი და პირდაპირი უცხოურ ინვესტიციები გაზრდილია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლის აპრილ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 54.4 მლნ დოლარით (13%-ით), ხოლო ექსპორტი კი, 2013 წლის აპრილ-ოქტომბერში, 291.9 მლნ აშშ დოლარით (20.2%-ით) გაიზარდა. შესაბამისად, დეპუტატის განცხადების ეს ნაწილი მცდარია.

საკამათო საკითხია იმპორტის შემცირება, მართალია დეპუტატი განცხადებაში ვაჭრობის შემცირებას უსვავს ხაზს, მაგრამ იმპორტის შემცირება ცალსახად უარყოფითი მოვლენა არ არის, როგორც ეს დეპუტატის პათოსიდან ჩანს. 2013 წლის აპრილ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ და იმპორტის შემცირებამ ხელი შეუწყო წმინდა ექსპორტის [ექსპორტს - იმპორტი] ზრდას, რაც თავის მხრივ მშპ-ს ზრდის.

2013 წლის აპრილ-ოქტომბერში რუსეთში ექსპორტი 85.1 მლნ აშშ დოლარით (268.5%-ით), ხოლო ავტომობილების რეექსპორტი - 50.2 მლნ აშშ დოლარით (13.3%-ით) გაიზარდა. ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ, ასევე რუსეთის ბაზრის გახსნამ მნიშნელოვანი როლი ითამაშეს მთლიანი ექსპორტის ზრდაში, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან სხვა პროდუქციის ექსპორტიც გაზრდილია (კაკლის ექსპორტი გაიზარდა 67.9 მლნ-ით, მინერალური წყლების 28.5 მლნ-ით, ღვინის 38 მლნ-ით, ხოლო სპილენძის - 76.2 მლნ აშშ დოლარით) და აპრილ-ოქტომბერში ექსპორტის თითქმის 292 მლნ აშშ დოლარიანი ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რეექსპორტი უდავოდ ყველაზე დიდი საექსპორტო დარგია, დეპუტატის განცხადების ეს მონაკვეთი ბოლომდე ზუსტი არ არის.

ჩვენ ვასკვნით, რომ პეტრე ცისკარიშვილის განცხადება: „მარტის საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, ინვესტიციები არ გაზრდილა, ვაჭრობა არ გაზრდილა, გარდა ექსპორტის ძალიან კონკრეტული მიმართულებებისა, რომელშიც რუსეთმა შეუწყო ხელი, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, ტყვედ რომ გიზით მატროსოვის ციხეში, იმ კაცის მიერ შექმნილმა საავტომობილო ვაჭრობის ჰაბმა რუსთავში. ავტომობილებით ვაჭრობა და რეექსპორტი დღეს ქართული წარმოების მთლიან საექსპორტო ჩამონათვალში პირველ ადგილზეა“, არის მეტწილად მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5423 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი